საქართველოს პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს იხილავს. ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით, სასჯელისგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდებული პირები, სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, რომლებსაც აღნიშნული სასჯელი შეფარდებული აქვთ სასამართლოს მიერ ამნისტიის შესახებ წინამდებარე კანონის მიღების დღემდე, ასევე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხიელებელი დანაშაულისათვის.
სასჯელისგან გათავისუფლდებიან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა, რომლებიც სექსუალურ ძალადობას, ტრეფიკინგს, უკანონოდ დაპატიმრებას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და არჩევნების გაყალბებას ეხება. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჯერ განხილვაშია და შესაძლოა, მასში ცვლილებები შევიდეს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ამნისტიის კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში ხმაურის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ფართომასშტაბიან ამნისტიას ეწინააღმდეგებიან და მათ შესაბამისი განცხადებებიც გააკეთეს, მაგრამ კომიტეტზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მარიამ საჯაიამ განაცხადა, რომ ამნისტიის შედეგად ციხიდან დიდი ოდენობით პატიმრების გათავისუფლება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს, რადგან საქართველო კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ქვეყანაა. მისმა ამ უკანასკნელმა სიტყვებმა საპარლამენტო უმრავლესობისა და კომიტეტის სხდომაზე მყოფი უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრიცესობის წევრების ბრალდებებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც უპასუხეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ არ იქნება ისეთი ამნისტია, რომელიც ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას გამოიწვევს. მისი თქმით, ამნისტია საჭიროა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება ხდებოდა უსამართლოდ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ „ამნისტიის კანონის“ ამოქმედების შედეგად საპატიმრო დაწესებულებები შეიძლება ბევრმა „არასასურველმა ადამიანმა“ დატოვოს. მინისტმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერ კანონპროექტს დაწვრილებით შეისწავლის.
„ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებით, რადგან ამის შედეგად შეიძლება ციხიდან ბევრი არასასურველი ადამიანის გამოშვება მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია არ დაიძაბოს. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს. ვიმედოვნებთ, პარლამენტი ჩვენთან ითანამშრომლებს და ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის.
რა თქმა უნდა, საზოგადოებაშიც მუსირებს აზრი, რომ ციხიდან პატიმრების მასობრივი გამოშვება ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას დაძაბავს. ამ ვარაუდს უკანასკნელ პერიოდში მომრავლებული ძარცვა-ყაჩაღობის ფაქტებიც აძლიერებს. ამიტომ, ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებას ამნისტიის კანონის მიღებისას დიდი სიფრთხილე მართებს, რათა როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ციხეები „არასასურველმა“ პირებმა არ დატოვონ.
რას ფიქრობენ ამნისტიის კანონპროექტზე ადამიანის უფლებათა დამცველები, ამის შესახებ ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატირები - ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერი, ნანა კაკაბაძე გვესაუბრება. შეგახსენებთ, ნანა კაკაბაძე იყო ერთ-ერთი იმათგან, ვინც ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა და ქართველების კრიმინალურ ქვეყანად შერაცხვის გამო მარიამ საჯაიასთან შელაპარაკება მოუვიდა.
ნანა კაკაბაძე: „დავიწყოთ იმით, რომ ჯერ არავინ იცის, რამდენი ადამიანი დატოვებს ციხეს, რადგან ამნისტიას საბოლოო სახე არ აქვს მიღებული. იმედი მაქვს, რომ ციხეს ბევრი პატიმარი დატოვებს. მიმაჩნია, რომ თუ ვინმესგან ყველაზე ნაკლები საშიშროება არის მოსალოდნელი, სწორედ ის პატიმრები არიან, რომლებიც ციხეს ახლა დატოვებენ, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ამ ადამიანებმა მთელი ამ წლების განმავლობაში რა საშინელი და გაუსაძლისი მდგომარეობა გამოიარეს. იმ რეჟიმის დროს პატიმრები სიკვდილ-სიცოხცლის ზღვარზე იმყოფებოდნენ და ფაქტობრივად, სიკვდილს ჩახედეს თვალებში. დღეს ხელისუფლება შეცვლილია და ხელისუფლებამ ამ ადამიანებს არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ სიცოცხლე აჩუქა. მე ისე არ ვფიქრობ, როგორც ის ნაციონალი გოგონა, რომ თურმე მთელი ერი კრიმინალი ყოფილა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ძალიან კეთილშობილი ერია და ხალხი მადლიერია იმისთვის, რაც დღეს კეთდება. მე მგონი, პატიმრებიც ამას ძალიან კარგად ხედავენ და მადლიერება იმისთვის, რომ მათ გადარჩენისა და იმ ჯოჯოხეთისათვის თავის დაღწევის საშუალება ეძლევათ, იქნება მთავარი წინაღობა მათთვის, რათა აღარ ჩაიდინონ ის, რის გამოც ციხეში აღმოჩნდნენ. ამას ვამბობ იმ შემთხვევისთვის, თუ ამ ამნისტიით ვინმე კრიმინალი გამოვა გარეთ.
როდესაც პატიმრების რესოციალიზაციაზე ვსაუბრობთ, ამნისტია იქნება საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ საზოგადოებაში ამ ადამიანების ინტეგრაცია მოხდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ქვეყანაში დანაშაულის რიცხვის ზრდას არ გამოიწვევს. პირიქით, გამთლიანდება ოჯახები, შვილებს მამები დაუბრუნდებათ, დედებს შვილები და ნორმალურ პირობებში დაიწყებს ხალხი ცხოვრებას. ამასთანავე, გამოსწორდება ის ანომალიური ვითარება, როდესაც ციხეებში ასეთი დიდი ოდენობით პატიმრები გვყავდა (ამდენი პატიმარი საქართველოს არასდროს ჰყოლია) და ქვეყანა ნორმალურ რიტმში ჩაჯდება.
ნაციონალების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის მეშვეობით გახდა შესაძლებელი ქვეყანაში კრიმინალის აღკვეთა. არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- რა თქმა უნდა, წესრიგი ძალიან კარგია. სახელმწიფოს და ხელისუფლების ზრუნვის საგანი არაკრიმინოგენური გარემოს შექმნაა და ამას ყველა ვესწრაფვით, მაგრამ გააჩნია, ეს რის ხარჯზე მოხდება. ცხოვრება გვინდა ადამიანის უფლებების დაცვის და არა დიქტატურის და ტირანიის ხარჯზე, თორემ წესრიგი სტალინის რეჟიმსაც ჰქონდა. მაშინაც არ იყო ქურდობა და ხალხი სახლის კარსაც კი არ კეტავდა, მაგრამ სტალინის რეჟიმი არ არის ცნობილი, როგორც კარგი და დემოკრატიული. ადამიანისთვის მთავარი ღირებულება არის ფუნდამენტური უფლებები და ღირსება. ეს არის უპირველესი და შემდეგ ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული ყველაფერი, წესრიგიც, ეკონომიკური განვითარებაც და ა.შ.
მაშინ რატომ ეწინააღმდეგება ასე თავგამოდებით საპარლამენტო უმცირესობა ამნისტიის კანონპროექტს?
- მათი არგუმენტი იყო და არის ძალაუფლების ნებისმიერი მეთოდით შენარჩუნება, ხოლო რის ხარჯზე მოხდებოდა ეს, ადამიანების დაპატიმრების, გაკულაკების, წამებისა თუ მკვლელობის ხარჯზე, მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარი იყო წესრიგი, რომელიც არა საზოგადოებისთვის, არამედ მათთვის იყო, რათა ხალხი ყოფილიყო დაშინებული, დატერორებული და ხმის ამოღება არავის შესძლებოდა. აი ასეთი წესრიგისთვის იყო ყველაფერი გაკეთებული, რითაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების არარსებობა იყო გადაფარული. ქვეყანაში არც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იყო და მიტინგების დიდი ნაწილი რითიც მთავრდებოდა, 26 მაისის, 7 ნოემბრის და ა.შ. მაგალითზეც კარგად გამოჩნდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შელაპარაკება ამ ნიადაგზე მოხდა?
- რა თქმა უნდა, როდესაც მთელი ქვეყანა და მათ შორის ჩვენ, უფლებადამცველები ამ კატასტროფული სიტუაციიდან გამოსასვლელად ფორმას ვეძებთ, როდესაც ქვეყანაში ამდენი უკანონო პატიმარია, ხალხი რომ ციხეებთან არ მიჭრილიყო და თავიანთი უკანონო პატიმრები ამ გზით არ გამოეყვანათ, ჩვენ ვცილობთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში უკანონოდ უფლებააყრილი ადამიანების უფლებები რაღაცნაირად დავიცვათ და ეს პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოვაქციოთ, ამ დროს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ცდილობენ ამნისტიის მნიშვნელობის დაკნინებას, რისთვისაც კრიმინოგენურ სიტუაციაზე დაიწყეს საუბარი. რომელ კრიმინოგენურ სიტუაციაზე საუბრობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქალაქეების გაკულაკებით, სახელმწიფო რეკეტით და სხვა ამგვარი მეთოდებით მართავდა ქვეყანას?
მათი მმართველობის პერიოდში სისხლის სამართლის საქმეების 97% საპროცესო შეთანხმებით მთავრდებოდა და ამ საპროცესო შეთანხმებაში ერთი მუხლიც კი არ არსებობდა, რომელიც მოქალაქისგან ფულის გამოძალვას არ ითვალისწინებდა. რომელ სიტუაციის დარეგულირებაზე საუბრობენ ახლა ეს ადანიანები? მათ მხოლოდ ის დანაშაული აღმოფხვრეს, რომელსაც სხვა სჩადიოდა. მათ პრინციპი იყო ის, რომ მხოლოდ მათ უნდა ეძარცვათ, სხვას ამის უფლება არ ჰქონდა. მათი შემოღებული იყო სრულიად გაუგებარი გადასახდები, ნაგვის დენზე მიბმა და ა.შ. დღეს როდესაც დაინახეს, რომ ეს სიტუაცია იცვლება და პრიორიტეტად ხალხის ინტერესები იქცევა, ამ პროცესების დაკნინებას ცდილობენ. ამნისტიის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებაც სწორედ ამ კუთხით ხდება, თითქოს იგი კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს. ამ საკითხის განხილვისას ერთ-ერთმა ნაციონალმა, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, ქართველ ერს კრიმინალი ერიც კი უწოდა, რაც რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო.