ბათუმში უგემოვნო ნივთების მუზეუმი გაიხსნება

ბათუმში უგემოვნო ნივთების მუზეუმი გაიხსნება

მომავალში, ბათუმში, ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიძლება გაიხსნას, რომელსაც უგემოვნო ნივთების მუზეუმს დაარქმევენ. მასში თავს მოიყრის ყველა ის ნივთი და ქანდაკება, რომელიც ქალაქს წლების მანძილზე არ უხდებოდა და ხშირად ამახინჯებდა კიდეც. არაა გამორიცხული, უგემოვნო ნივთების მუზეუმში ვარდების რევოლუციის მონაპოვარ „ხელოვნების ნიმუშებთან“ ერთად, უფრო ადრინდელი, სოციალისტური ხელოვნების ნიმუშებიც ვიხილოთ.

ამ ეტაპზე უცნობია, ამ მუზეუმში დაიდებს თუ არა ბინას ვისთვის გემოვნების, ვისთვის კი უგემოვნების ნიმუშები, მაგრამ ამ იდეის ავტორი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მხატვარი კაკო ძნელაძე არ გამორიცხავს, რომ ღია ცის ქვეშ მოწყობილ  მუზეუმში უგემოვნოდ შესრულებულმა არაერთმა ექსპონატმა მოიყაროს თავი.

როგორც კაკო ძნელაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ასეთი ტიპის მუზეუმის გახსნა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, რასაც დრო და ფინანსები სჭირდება. თუმცა ცნობილია, რომ აქ თავს მოიყრის შენობების თავზე არსებული თანამედროვე გუმბათები, ქანდაკებები. ასეთი ნიმუშების გადადნობასა და დაჭრას აზრი არ აქვს, ამიტომ, ისინი აღნიშნულ მუზეუმში განთავსდება.

ქართული ოცნებისმიტინგზე გამოსვლისას თქვენ ჩაზნექილი სკამებიც ახსენეთ. ასეთი მნიშვნელოვანი იყო ბათუმისთვის ჩაზნექილი სკამები?

- ჩაზნექილ სკამებს რაც შეეხება, უფრო ზუსტად, ეს არის ზურგჩაზნექილი სკამები, სწორედ ასე ჰქვია ამ სკამებს. ეს სკამები მთელი 50 წლის მანძილზე იდგა ბულვარში. შემდეგ, რაღაც მომენტში, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ამოიღეს ექსპლუატაციიდან, დადგეს სხვადასხვა სახის სკამი, რომლებმაც არ გაამართლა. ზოგი მათგანი დაინგრა, ზოგიც დაშალეს, ზოგიც აღარ გამოდგა და ბოლოს, უკვე, თავად ნაციონალები მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, თვითონვე დაუბრუნდნენ ამ ზურგჩაზნექილ სკამებს და ამჯერად ბულვარის თითქმის 70 % მოცული აქვს ამ სკამებს. სხვათა შორის, ბულვარის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კონტაქტი მქონდა, იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ და ასე თუ ისე, ფამილარულ დონეზე შევათანხმე მათთან, რომ აუცილებელი იყო ასეთი სკამების განთავსება. ეს ჯანმრთელობისთვის, დასვენებისთვის ძალიან კარგია. მართლაც, ბულვარში გედების ტბასთან თუ მოხვდებით, ძველი ბულვარის სადღაც 70 % მოცული აქვს ამ სკამებს. ასე რომ, ჩაზნექილმა სკამებმა გაამართლა.

დღესაც თვლით, რომ ბათუმში თურქული  ჩორბისა და დონერის სურნელი ისევ იგრძნობა?

- ამის გამო ქსენოფობიურობა დამწამეს, თუმცა დღესაც ვთვლი, რომ ბულვარი არის საკრალური ადგილი, ეს გახლავთ ჩვენი ქალაქის კულტურა, ამიტომ, იქ დონერის, ჩორბის, თუნდაც მწვადისა და საცივის სურნელი არ უნდა იდგეს. ბულვარი ბათუმის ეზოთერული, შინაგანი კულტურაა, იქ ვარდების, აზალიების, ოლეანდრების სურნელი უნდა იყოს და არა კაფეების დომინანტი. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდება. რაც შეეხება კაზინოებისა და ბორდელების თემას, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ აჭარა ასეთ ზონად არ უნდა იქცეს. ბათუმი ყოველთვის უაღრესად დიდი კულტურის ქალაქი იყო, აქაური საზოგადოება მაღალ ზნეობაზე იყო აღზრდილი. ამდენად, ეს კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ ზნეობა აქაურებში თავისთავად არის, უბრალოდ, სიღრმეებში უნდა შევიდეთ და ზნეობა ამოვწიოთ წინ. კაზინოები და ბორდელები კი უნდა მოსცილდეს ჩვენს ქალაქს.

ცნობილია, რომ ბათუმში ყოფილი ბანკის შენობის თავზე განთავსებულ ძვირადღირებულ ასტროლოგიურ საათზე დროის გარჩევა ჭირს. მას უფრო  ჰოროსკოპის ფუნქცია აქვს და ადგენს, თუ რომელ ფაზაშია მთვარე. ეს სიამოვნება კი ბათუმის მერიას ორი მილიონი ლარი დაუჯდა. ამ საათსაც უგემოვნო ნივთების მუზეუმში გადაიტანთ?

- საათს თავისი ადგილი მიენიჭება. ვფიქრობ, ეს საათი არ უნდა განადგურდეს, რადგან იგი უნიკალური და იდეალურია, მაგრამ ისეთ კონტექტსშია განთავსებული ეს საათი, რომ ძველი ბათუმის შეგრძნება, ბანკის შენობა მთლიანად დამახინჯდა მისი გუმბათით და გუმბათში ჩადგმული საათით. ყველაფერი გამოსწორდება და საათსაც თავისი ადგილი მოეძებნება.

მაგრამ რა დანიშნულება აქვს საათს, რომელზეც ვერავინ ხვდება, რა დროს უჩვენებს?

- გეთანხმებით, დრო არ ჩანს, მაგრამ იქ არის მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, მენიუ და, სანამ მენიუს არ დავხედავთ, მანამდე ვერ გავიგებთ, წელიწადის რა დროა, რომელი საათია და ა.შ. სხვათა შორის, ბათუმში ასეთი პარადოქსიც ხდება, როდესაც ეს საათი რეკავს, ბევრი ბათუმელი პირჯვარს იწერს, რადგან ამ საათს ეკლესიის ზარების იმიტაციის მსგავსი ხმა აქვს. 

რაც შეეხება შლოპანცებს, უგემოვნების მუზეუმს ესეც გაამდიდრებს?

- შლოპანცები უკვე გადატანილია ძველი ბათუმიდან და თავისი ადგილი მიჩენილი აქვს.

ბათუმის ბულვარის შესასვლელში დგას ნიჟარა, რომელიც, თქვენი თქმით, სივრცობრივ განზომილებაში ვერ ჯდება და შუა ქალაქს კეტავს. ამ ნიჟარასაც უგემოვნების მუზეუმს შეჰმატებთ?  

- ნიჟარას ვერ გადავიტანთ, ის უნდა დაიშალოს, დაიმტვრეს, რადგან ეს არის მონოლითური ჩამოსხმა. თავისთავად, ეს ნიჟარა კარგია, მაგრამ არა იქ, სადაც დგას. ამიტომ, ბათუმელებთან, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, აბსოლუტურად ყველა ნიუანსს გავითვალისწინებთ და, სავარაუდოდ, მას დავშლით. მაგალითად, მოსკოვში მეტროსთან ახლოს არის ბაღი, სადაც ძერჟინსკის, სტალინის, ლენინის ქანდაკებებია. ეს არის სოცრეალიზმის მოტივები. სხვათა შორის, ძალიან კარგი მუზეუმია. თუ  ამ იდეის მასაზრდოებელი რამ ბათუმშიც მოხდება, კარგი იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ  უგემოვნო ნივთების მუზეუმში მხოლოდ სააკაშვილის პერიოდის ნივთები იყოს. შეიძლება, უფრო ადრინდელიც განთავსდეს, ის, რაც მოეპოვება ბათუმს, მათ შორის, სოცრეალიზმის ნიმუშები.  

მხოლოდ ბათუმიდან შეაგროვებთ უგემოვნო ნივთებს თუ თბილისიდანაც წაიღებთ, მაგალითად, გიგანტურ ველოსიპედს?

- შეიძლება, ნივთები თბილისიდანაც წავიღოთ, თუ  ამას თბილისი დათანხმდება. ამ მუზეუმში შეიძლება განთავსდეს ის გუმბათი, რომელიც მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთის შენობაზე, ბანკის თავზე დგას, რასაც მე დავარქვი ჩიპოლინოს ქუდი. ალისა და ნინოს ქანდაკების გატანა კი არ იგეგმება, ესეც სერიოზული კონცეპტუალური ქანდაკებაა.