გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე ჟურნალისტმა პროკურატურას მიმართა

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე ჟურნალისტმა პროკურატურას მიმართა

for.ge-ს ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა დღეს, 21 ნოემბერს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა და გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული პირის, კერძოდ, კაკო გაფრინდაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

განცხადების ტექსტი, ფოტოსთან ერთად, რომელიც ჟურნალისტმა კანცელარიაში დღეს ჩააბარა, ასეთი შინაარსისაა:

“აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გთხოვთ, დაკითხოთ ამ განცხადებაში წარმოდგენილ ფოტოზე ასახული პირი, კერძოდ კაკო გაფრინდაშვილი (ბარათელის მარცხნივ მყოფი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული), რომელიც ძველი თბილისის პოლიციაში მუშაობდა 2007 წლის 20 მაისს, ანუ მაშინ, როცა მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძე საჯაროდ დახვრიტეს. ამ მკვლელობის შემდეგ კაკო გაფრინდაშვილი დააწინაურეს - რუსთავის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.

ჩემი ინფორმაციით, კაკო გაფრინდაშვილი პოლიციიდან ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოუშვეს; ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი დათა ახალაიას რეკომენდაციით მან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობა დაიწყო და “ახალაიას კადრად“ ითვლებოდა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილ პირად მძღოლს, ამჟამად მსჯავრდებულ გიორგი ჩიხლაძეს დათა ახალაია საკუთარ კაბინეტში დაემუქრა - ისე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძის მკვლელობა დავგეგმე და გავასაღეო. ბარათელის ადვოკატის მამუკა ნოზაძის ცნობით, მსჯავრდებული გიორგი ჩიხლაძე მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს.

2012 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ბარათელს ორთაჭალის N1 საპყრობილეში თავად შევხვდი და ვესაუბრე, რა დროსაც განმიცხადა, რომ გურამ შარაძე მას არ მოუკლავს და რომ უნდა საქმის ხელახალი გამოძიება. გიორგი ბარათელმა 2012 წლის 22 ოქტომბერს მისი უფლებების დამცველ ადვოკატთან მამუკა ნოზაძესთან ერთად მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება დაწერა, რომელიც პროკურატურაში 23 ოქტომბერს თავად ჩავაბარე - ბარათელი მოითხოვს საქმის თავიდან გამოძიებას და დაკითხვას.

ბარათელის ადვოკატმა სამჯერ მოგმართათ განცხადებით, საქმის ხელახალი გამოძიების და ბარათელის დაკითხვის მოთხოვნით. გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელობიდან დღემდე, კონკრეტულ ჩვენებებსა და ვიდეომასალაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბარათელი მკვლელი არ არის.

გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რომ არსებობს, ეს ფაქტია. გთხოვთ დააჩქაროთ ამ საქმის ხელახალი გამოძიება და დაკითხოთ კაკო გაფრინდაშვილი და ასევე სხვა პირები, რომლებიც დაკავებული ბარათელის გვერდზე ჩანან, იმ ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიით პრესით, ინტერნეტით მაშინვე გავრცელდა“.