ზელენსკი ირანისგან ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახებისთვის კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

ზელენსკი ირანისგან ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახებისთვის კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

ირანის ხელისუფლებამ თეირანთან უკრაინული ავიახაზების ლაინერის ჩამოგდების შედეგად დაღუპულების ოჯახებს $80 000 დოლარს სთავაზობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ТСН“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მათ თითოეული დაღუპულის ოჯახს $80 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით. ჩემი აზრით, ეს ცოტაა. როცა დაღუპულის ცოლი ამბობს, რომ ქმარი ერთადერთი მარჩენალი იყო, მას სამსახური არ აქვს, ბავშვმა კი ინსტიტუტში უნდა ჩააბაროს - 80 000 დოლარი ძალიან ცოტაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა ირანისგან უფრო დიდ კომპენსაციას მოითხოვს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა თანხაზეა საუბარი.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო.