მთის პრობლემებმა, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტშიც შეაღწია. ქართველი მეცნიერები აღშფოთებულნი არიან საქართველოს მთიანეთის იგნორირებით და დეპუტატებს უამრავ ინიციატივას სთავაზობენ. დეპუტატებს კი, ჯერჯერობით მაინც, ზღვისკენ მიუწევთ გული.
ქართველ მეცნიერებს საქართველოში პრიორიტეტულ კურორტად ზღვის გამოცხადება არ ესმით. ამის შესახებ პარლამენტში მეცნიერმა კობა არაბულმა მთაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს 2_3 მთაა და გაუგებარია, ასეთ დროს პრიორიტეტად ზღვა რატომ უნდა გამოაცხადო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეუძლებელია “შავმა ზღვამ ხმელთაშუა ზღვას აჯობოს”.
კობა არაბულმა მის მიერ განხორციელებულ კვლევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან შეადარა დავოსის და კურორტ შოვის პარამეტრები და აღმოჩნდა, რომ ყველა პარამეტრით შოვი დავოსს 2,5%-ით უსწრებს.
“მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ დავოსი ევროპაშია, შოვი კი – რაჭაში, სადაც ისეთი ხიდიც კი ვერ გავაკეთეთ, რომ ყოველ წელსსოფელი გლოლა შოვს არ მოსწყვიტოს”, - განაცხადა არაბულმა.
არაბულმა ბეთლემის უნიკალურობაზეც ისაუბრა და განაცხადა,რომ სწორი მიდგომების და სწორი რეკლამის შედეგად, სრულიად შესაძლებელია ბეთლემი მსოფლიო ქრისტიანული სამყაროს სალოცავადგილად იქცეს. იგი მიესალმება სვანეთში დაწყებულ სამუშაოებს, მაგრამ ცალსახად აცხადებს, რომ “მთა, მხოლოდ სვანეთი არ არის”.
მართლაც, მთავრობა მესტიისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. გაირკვა, რომ საქართველოში მესამე თავისუფალი ტურისტული ზონა სწორედ მესტიაში შეიქმნება. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2011 წელს ტურისტული ზონა მესტიაში ამოქმედდება.
კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ტურიზმის განვითარებისთვის 350 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო მთავარი პრიორიტეტები ბათუმი, ანაკლია-განმუხური და მესტიაა. მინისტრის თქმით, ძირითადი აქცენტები სწორედ ამ რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაკეთდება.
მესტიამდე პირველი თავისუფალი ტურისტული ზონა ქობულეთში შეიქმნა, სადაც ამ დროისთვის 11 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მეორე ტურისტული ზონის პრეზენტაცია ანაკლიაში გუშინწინ საქართველოს პრეზიდენტმა მოაწყო.
ქართველი მეცნიერები კი ამასობაში უნივერსიტეტში მთისმცოდნეობის ფაკულტეტის შექმნას ითხოვენ. “მთის კანონპროექტის” ავტორმა, მეცნიერმა ბერდია გოიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას ასეთი ფაკულტეტი და ამის საბაზისო სახელმძღვანელო უკვე არსებობს კიდეც.
ამას გარდა, პარლამენტის სხდომაზე აღინიშნა, რომ “მთის კანონპროექტით” აუცილებელი იქნება მაღალმთიან რეგიონებში, სამი ბავშვის არსებობის პირობებშიც კი, შეიქმნას საბაზისო სკოლა, ხოლო 21 ბავშვის პირობებში - საშუალო სკოლა, და მას მიწაც უნდა დაუმტკიცდეს.
ასევე, მთის შესახებ კანონპროექტი მაღალთიან რეგიონებში სამხედრო სწავლების მე-7 კლასიდან დაწყებას ითვალისწინებს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა საზღვრის დაცვისთვის კარგად მოემზადოს. ამავე პროექტით, მთის მოსახლეობამ ჯარი მთაში უნდა მოიხადოს, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც მთიდან ბარში არიან ჩასახლებული, სავალდებულო სამხედრო სამსახური მთაში უნდა გაიარონ.
აღნიშნულ კანონპროექტს ჯერჯერობით სრულყოფილი სახე არ აქვს და მეცნიერებმა პარლამენტარებს ერთობლივი მუშაობაც შესთავაზეს.