პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე: „დადასტურდა, რომ არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია“

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე: „დადასტურდა, რომ არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია“

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის მიზეზებზე საუბრისას აღინიშნა, დადასტურდა ასევე ის, რომ სპეცრაზმის თანამშრომელი, რომელმაც მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა განახორციელა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, – განაცხადეს თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

მათივე ინფორმაციით, იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება და ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.