სახელმწიფო ინსპექტორი:

სახელმწიფო ინსპექტორი: "მწვანე სკოლამ“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები დაარღვია

დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას", - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი მოზარდის დედა ხელმეორედ დაიკითხა.

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.

რაც შეეხება „მწვანე სკოლის" მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას",- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საქმე ეხება ლუკა სირაძის გარდაცვალებას. შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობა სცადა. პოლიცია მას „მწვანე სკოლის" შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ.