კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა

ახალი ტიპის კორნავირუსმა 2019-nCoV ჩინეთიდან გერმანიამდე მიაღწია. დაავადების პირველი შემთხვევა ბავარიაში დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

პაციენტი კაცი იზოლირებულია. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხმა 100-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი 4500-ზე მეტი ადამიანია.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.