ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა ლოს-ანჯელესშიც დაფიქსირდა

ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა ლოს-ანჯელესშიც დაფიქსირდა

ლოს-ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პირი, ვისაც ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა ლოს-ანჯელესში. მას სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შესაბამისად, იაპონია, ტაილანდი, კორეა, სინგაპური, მალაიზია, ჰონგ-კონგი უხანიდან ჩამომსვლელებს აეროპორტში სკრინინგს უტარებენ, ანალოგიური ზომები მიიღო აშშ-ის ხელისუფლებამ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.