კრემლში ცხინვალისა და სოხუმის მიმართულების კურატორმა საჯარო სამსახური დატოვა

კრემლში ცხინვალისა და სოხუმის მიმართულების კურატორმა საჯარო სამსახური დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სურკოვთან დაახლოებული პირებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

„უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ის მედიტაციით დაკავდება, შემდეგ კი მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს და სამომავლო გეგმებს დაასახელებს“, - აცხადებს სურკოვთან დაახლოებული პირი, პოლიტოლოგი ალექსეი ჩესნაკოვი.

მისივე თქმით, სურკოვმა ეს გადაწყვეტილება „უკრაინის მიმართულებით კურსის ცვლილების გამო მიიღო“. რუსული მედიის ცნობით, მის ადგილს ყოფილი ვიცეპრემიერი, დიმიტრი კოზაკი ჩაიბარებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ სურკოვი 1999 წლიდან მუშაობდა. 2008-2011 წლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო, 2011-2013 წლებში კი პრემიერმინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

2013 წელს ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს კურატორად დაინიშნა. მისმა სამმართველომ, რომელიც მანამდე მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებით იყო დაკავებული, აქტიური როლი შეასრულა უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებასა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შექმნაში.