აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შეერთებული შტატები ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალ რეგულაციას დღეიდან აამოქმედებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეერთებულ შტატებში ბავშვის გაჩენის მიზნით ჩასვლა, რადგან მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღოს, დაუშვებელია“,  - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი რეგულაციით, ფეხმძიმე ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის მიზანს ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს. ახალი რეგულაცია „ბი“ ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.

ქვეყნის კანონმდებლობით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი მოქალაქეობას ავტომატურად იღებს. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა შეერთებულ შტატებში 33 000-ს აჭარბებს.

მედიაში 20 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავდა.