მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი არის მიძღვნილი, ანტისემიტიზმი დაგმეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში სიძულვილის გავრცელებაზე ისაუბრეს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ირანიც გააკრიტიკეს და თეირანი ისრაელის განადგურების სურვილში დაადანაშაულეს.

საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მათ ქვეყნებში ანტისემიტიზმთან ბრძოლის პირობა დადეს. შეკრებილებს სიტყვით გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც მიმართა და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ქმედებებს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი დანაშაული“ უწოდა. ისტორიკოსების შეფასებით, ნაცისტებმა 6 მილიონი ებრაელი მოკლეს.

„ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ გერმანიამ ისტორიით გაკვეთილი სამუდამოდ ისწავლა. მაგრამ არ შემიძლია ამის თქმა, როცა სიძულვილი ვრცელდება“, - თქვა მან.

შტაინმაიერი ინგლისურად საუბრობდა, რათა დარბაზში მყოფი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა.

ღონისძიებაში 40-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მაიკ პენსს შეხვდა. ფორუმში მონაწილეობაზე უარი პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა. ამ ფორმით მან ფორუმზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტა.