სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მედიის წარმომადგენლები ოფიციალურად გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც გაზეთებსა და ონლაინმედიაში პაპარაცის მიერ ვანკუვერის პარკში გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მეგან მარკლი რვა თვის არჩის ორ ძაღლთან ერთად ასეირნებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადვოკატების თქმით, სასექსის ჰერცოგინიას ფოტო გადაუღეს ფოტოგრაფებმა, რომლებიც ბუჩქებში იმალებოდნენ და უთვალთვალებდნენ მარკლს. ადვოკატების თქმით, მეგან მარკლი არ დათანხმდა პაპარაცების ოფიციალურად შევიწროებაში დადანაშაულებას. თუმცა წყვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან სამართლებრივი ქმედებებისთვის.
ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ პაპარაცებმა სცადეს წყვილის სახლის შიდა ტერიტორიის გადაღება დიდი ლინზის დახმარებით, რის გამოც წყვილი შეშფოთებულია.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ. მათ გადაწყვეტილებას დედოფალი ელისაბედ მეორე დაეთანხმა. მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ახლა უკვე კანადაში ცხოვრობენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ. წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთვათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩნენ.