ზელენსკი: აშშ-ის შიდა საქმეებში მონაწილეობა არ მსურს

ზელენსკი: აშშ-ის შიდა საქმეებში მონაწილეობა არ მსურს

აშშ-თან კარგი ურთიერთობა მსურს, თუმცა ვაშინგტონის შიდა საქმეებში ჩართულობის სურვილი არ მაქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა, და განაცხადა, რომ მათ სატელეფონო საუბარში უკანონო არაფერი იყო.

„ტელეფონით ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, რათა ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიული პარტნიორთან, აშშ-თან კარგი, სანდო და ძლიერი ურთიერთობა გვქონოდა. კანონი არ დამირღვევია. რა თქმა უნდა, არ მინდა უკრაინა ან უკრაინის მოქალაქეები ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულნი. ეს სხვა ქვეყანაა და მათ შეუძლიათ მოიქცნენ ისე, როგორც მოსწონთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა.  მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.