„სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ აფხაზეთში და ილუზიას ქმნიან შიგნითაც და გარეთაც, თითქოს იქ სახელმწიფოა...“

„სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ აფხაზეთში და ილუზიას ქმნიან შიგნითაც და გარეთაც, თითქოს იქ სახელმწიფოა...“

რუსები გრძნობენ „დანაშაულს“ და ჟირინოვსკის პირით აღიარებენ, რომ რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტად აფხაზებს თავად მოახვიეს. ამიტომ ამ შეცდომის „გამოსწორებას“ იმით აპირებენ, რომ ამჯერად მორიგ კანდიდატურას შეაპარებენ აფხაზებს, ოღონდ იმ შეფუთვით, თითქოს ახალი კანდიდატურა აფხაზების პირადი არჩევანია.

კრემლის თამაშები რაულ ხაჯიმბასთვის მას შემდეგ დასრულდა, რაც 9 იანვარს სოხუმის ცენტრში დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეთა ერთი ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შტურმით შეიჭრა და ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა დე ფაქტო პარლამენტმაც, მაგრამ ხაჯიმბა ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარგზავნილი ემისრების სტუმრობის შემდეგ ხაჯიმბა გადადგა და კრემლის სხვა ფავორიტს შეუმზადა ადგილი.

პარალელურად, ოფიციალურ თბილისს იმედი მიეცა, რომ აფხაზეთში ხაჯიმბას შემდეგ რაღაც შეიცვლება, მაგრამ არის თუ არა ეს იმედი ილუზორული, ამის შესახებ For.ge-ს „აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ესაუბრა.

ცალკეული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა იყო სამარცხვინო წასვლა პოსტიდან. ნიშნავს ეს, რომ ბჟანიას გუნდი ძლიერდება და იმარჯვებს აფხაზეთში?

- აფხაზეთში ე.წ. ხელისუფლების ცვლილება ეს არის რუსეთის მართვის ტექნოლოგია. ორივე მხარეს იქ რუსეთისგან მკაცრად მართული ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. რა ხდებოდა სოხუმის ცენტრში, მოედანზე ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ?! ერთ მხარეს იყო ხაჯიმბა და მეორე მხარეს იყო კვიცინიას გუნდი. რაულ ხაჯიმბას სტუდენტობიდან ვიცნობ და უკვე რეტროსპექტულად ვაკვირდები მოვლენებს, ხაჯიმბა ერთი უსახური ტიპი იყო და, როგორც ჩანს, იმ დროიდანვე იყო უშიშროების, კგბ-ს აგენტი. მას დამთავრებული აქვს კგბ-ს აკადემია და სულ ამ სისტემაში მუშაობდა. ანუ, ის ძალიან მყარი და ხანგრძლივი დროის აგენტია.

რაკი თქვენ მას სტუდენტობიდან იცნობდით, ისიც გეცოდინებათ, მაშინვე ავლენდა თუ არა ანტიქართულ დამოკიდებულებას?

- სტუდენტებს შორის ასეთი რამეები არ იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული დაკვირვებიდან, გეტყვით, რომ აგენტები ყოველთვის უფერული ადამიანები არიან, მათ არ უნდა დაამახსოვრონ თავი სხვებს. სწორედ ასეთი კაცი იყო ხაჯიმბა, ის იურიდიულზე სწავლობდა, მე მაშინ ისტორიულზე ვსწავლობდი სოხუმის უნივერსიტეტში, ერთ კორპუსში დავდიოდით და იგი ყველაზე ნაკლებად დასამახსოვრებელი ტიპი იყო.

მასთან პირადი ურთიერთობა არ გქონდათ?

- არა, თუმცა მის კურსელებთან ხან ფეხბურთს ვთამაშობდი, ხან კალათბურთს, ხან სტუდენტური თვითმმართველობების კონცერტებში ვმონაწილეობდით. ხაჯიმბასთან ურთიერთობა არ მქონდა და არც მახსოვს, ჩემს კურსელებს თუ ჰქონდათ მასთან ურთიერთობა. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ კვიცინიას გუნდს, იქ არიან ადამიანები, დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის გმირები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ. ესენიც ერთმნიშვნელოვნად კრემლიდან და რუსეთის უშიშროებიდან მართულები არიან. იქ, ასევე, არიან ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხაჯიმბას დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მასზე უფრო ადრინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, შამბაც, უფრო ადრინდელებიც არიან. ასე რომ, ორივე მხარეს არის რუსეთისგან მართული ფენა, რომლიდანაც ერთი ვითომ ინიშნება ე.წ. ხელისუფლებად პირდაპირ მოსკოვიდან, მეორე კი ინიშნება ოპოზიციად. ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი მიზეზია, რომ ახალი ცოცხის პრინციპით განამტკიცონ საოკუპაციო რეჟიმის ადგილობრივი მმართველობა, რათა უკმაყოფილო ადამიანებს ახალი ილუზია გაუჩნდეთ - ე.წ. ხელისუფლება შეიცვლება და რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. მეორე მიზეზია, რომ სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ აფხაზეთში და ილუზიას ქმნიან შიგნითაც და გარეთაც, თითქოს იქ სახელმწიფოა და ოპოზიცია ქუჩაში გამოდის, თურმე იქ პრეზიდენტია, სასამართლოა, რომელიც თურმე წყვეტს დავებს.

ამ სახელმწიფოებრიობანას თამაშში აფხაზებს ხომ არ ეცლებათ ხელიდან საკუთარი გენოფონდი და სიტუაცია ამ მხრივაც რუსეთის სასარგებლოდ ხომ არ იცვლება?

- რაც შეეხება გენოფონდს, თუ გენოფონდში ვგულისხმობთ მათ ანთროპოლოგიურ და გენეტიკურ ნაწილს, იქაური საზოგადოება საკმაოდ ჩაკეტილია, ძალიან მცირე პროცენტია შერეული ქორწინებები, ხოლო საკუთარ კულტურაზე, საკუთარ ენაზე ზრუნვის სურვილს ისინი არც მაშინ ავლენდნენ, როდესაც ჩვენ აფხაზეთში ვიყავით და არც ამის შემდეგ. უკვე 26 წელია, მათი მეტყველების, ე.წ. საქმის წარმოების ენა რუსულია. თავის დროზე აფხაზები ჩვენ გვაბრალებდნენ, თქვენ დაგვიხურეთ სკოლებიო, სინამდვილეში, ეს ასე არ იყო, ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ აგერ, 26 წელია, იქ არ ვართ ჩვენ, რატომ არ აქვთ სკოლა? რატომ არ შექმნეს სკოლები? ამ მხრივ საფრთხეს აფხაზები ვერ გრძნობენ, ერთადერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა, რომ ოკუპაციის პირობებში ისინი არ ვითარდებიან, რადგან იქ არ არის ეკონომიკური ცხოვრება, იქ არ არის ჯანსაღი სოციალური და პოლიტიკური სივრცე. ნარკომანიას მიაქვს იქაურობა და არ ვითარდებიან. იქ იყენებენ მორიგ პროპაგანდისტულ იხვს, რომელიც ქართველების ილუზიაზეა გათვლილი, რომ ახლა მაინც რაღაც შეიცვლება აფხაზეთში, სინამდვილეში, იქ არაფერი არ ხდება, პროპაგანდისტულ იხვებს პერიოდულად უშვებენ ჩვენს „დასამშვიდებლად“. სინამდვილე კი ის არის, რომ თვითონ ხაჯიმბაც ზუსტად ასევე მოვიდა პრეზიდენტად, როდესაც გააძევა ანქვაბი. ანქვაბი მაშინ გუდაუთის ბაზისკენ გაიქცა და იქ იმყოფებოდა. თუმცა იქ დაძაბულობამ რამდენიმე დღით მეტხანს გასტანა, მაშინაც ჩაამსხვრიეს ფანჯრები ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში, მაშინაც შეიცვალა ხელისუფლება. ახლაც ჩაამსხვრიეს ფანჯრები, ანუ ხელწერა იგივეა და ეს სჭირდება რუსეთს, როცა ერთი კლანის მაგივრად მოჰყავს მეორე კლანი. ზოგადად, ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაქვემდებარებული რეგიონების მართვა სჭირდება რუსეთს. უბრალოდ, ახლა უფრო ნაკლები დრო დასჭირდა ამ ყველაფერს და ორ-სამ დღეში შეიცვალა სიტუაცია. პირველ დღეს დაიწყო ეს პროცესები, მეორე დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მესამე დღეს ხაჯიმბა გადადგა.

ხაჯიმბა გადადგა მაშინ, როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.

- სხვათა შორის, თავის დროზეც ზუსტად ორი კაცი ჩავიდა აფხაზეთში, რათა ხაჯიმბა მოეყვანათ ხელისუფლებაში. მათ შორის, ერთი მათგანი ნურგალიევი იყო.

რატომ მოიძულა რუსეთმა ხაჯიმბა? აღარ სჭირდებათ?
- დაძველდა, გაიცვითა და მოიყვანეს ახალი კადრი.

კვიცინია იქნება ახალი კადრი, თუ ბჟანიაზე დებს რუსეთი ფსონს?

- იქ რაღაც თანამდებობები არსებობს, რომელიც ორივე მათგანს ეყოფა. ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ ვიცე-პრეზიდენტი, ან მთავრობის თავმჯდომარე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ვინ უკეთესად გაქაჩავს, იმას აარჩევენ. თქვენ შეიძლება გაინტერესებთ, რატომ მოხდა ეს პროცესები ძალიან მცირე დროში აფხაზეთში, ესეც რუსეთიდან მოდის. მე ამას ვუკავშირებ იმას, რომ რამდენიმე ხნის წინ იქ იყო სისხლიანი კრიმინალური გარჩევა, რომლის მონაწილეებიც ან ხელისუფლებასთან არიან შეკრულები, ან ოპოზიციასთან. შემთხვევითობის ფაქტორი რომ გამორიცხულიყო, რუსეთმა აფხაზეთში დააჩქარა მოვლენები.

ქართველებისკენ არც ერთი მათგანი არ იყურება - არც ბჟანია, არც კვიცინია და ვერ ვისარგებლებთ ამ მოვლენებით?

- არა, რასაკვირველია, რადგან ოკუპირებულია ის რეგიონი. რეგიონი გაძეძგილია რუსის ჯარით, რუსეთის უშიშროების სტრუქტურებით და ყველანაირი კონტროლის მექანიზმით. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებას აკონტროლებს რუსეთი და მათ ვერ გააკონტროლებს, რომლებიც მისი უშუალო აგენტები არიან და მისგანვე იკვებებიან რუსეთის უშუალო ფინანსური დახმარებით?

რას ნიშნავს სერგეი შამბას მხრიდან უკვე მერამდენედ გაკეთებული განცხადება, რომ თბილისთან მოლაპარაკებები აუცილებელია?

- შამბა გაიძვერა პიროვნებაა, იგი გაქექილია ინტრიგებში. შამბა, ამ შემთხვევაშიც, რუსულ დაკვეთას ასრულებს. მოგეხსენებათ, არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც მონაწილეობენ საქართველო და რუსეთი, საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშ, მოწვეული სტუმრის სახით არიან ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები და, აგრეთვე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და ცხინვალის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამასთან, ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, სადაც პირდაპირაა დასახელებული, ვინ არის მოწინააღმდეგე მხარე. ახლა შამბას გამოყენებით რუსები გვტესტავენ ჩვენ, რუსებს უნდათ, შევეგუოთ რეალობას, თითქოს რუსები არაფერ შუაში არიან და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ პირდაპირ აფხაზებსა და ოსებს. რუსეთს ძალიან აწუხებს, რომ ოკუპანტს ეძახიან და სურს, საერთაშორისო ასპარეზზე მოიცილოს ოკუპანტის სახელი, მათ სურთ, ოკუპაციის კანონი და ჟენევის ახალი ფორმატი შევცვალოთ ჟენევის ძველი ფორმატით. 90-იან წლებშიც იყო ჟენევის ფორმატი, სადაც ეთნოკონფლიქტად მიიჩნეოდა, რაც ხდებოდა აფხაზეთში და, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ქართული და აფხაზური მხარეები. ამიტომ შამბას ასეთი შეთავაზებების დროს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ახასიათებს ამჩატება და ილუზორული აზროვნება. სინამდვილეში, შამბა ახლაც რუსეთის დაკვეთას ასრულებს, თუ გამოუვიდა ეს რუსეთს, მაშინ პასუხისმგებლობისგან თავს დაიძვრენს, გადაიყვანს ამ პროცესს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, საერთაშორისო ასპარეზზე მოიხსნის წნეხს და ჩვენ ისევ დაგვაბრუნებს ეთნოკონფლიქტის ჩარჩოში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ეს ძალზე საზიანოა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. თანაც, შამბას საკუთარი თავი გასჭირვებია, რადგან ის არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ერთ-ერთი კანდიდატი, თავისი ძველი დანაშაულებიდან გამომდინარე. ამიტომ გარკვეულ ალიბსა და სამართლებრივ ხელშეუხებლობას იქმნის იმით, რომ ვითომ კარგი ბიჭია.

ასეთ სიტუაციაში ქართველებს არანაირი შანსი არ გვაქვს, გავლენა მოვახდინოთ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე?

- უნდა ვაწარმოოთ ჩვენი პოლიტიკა. საქართველოს პოლიტიკა ერთდროულად უნდა იყოს ღირსეულიც და სახელმწიფოებრივიც. მადლობა ღმერთს, საკანონმდებლო დონეზე ზუსტად გვაქვს განსაზღვრული, ვინ არის მხარე ამ კონფლიქტში - ეს არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ყველაზე აქტიური პოლიტიკა ჩვენი მეგობრების დახმარებით უნდა ვაწარმოოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სხვათა შორის, სანქციების თვალსაზრისით, უკრაინა და საქართველო მიდიოდნენ ტანდემში, საქართველო უსწრებდა კიდეც უკრაინას, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს საქართველოს საკითხი იმდენად დაკნინდა საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ახლა მხოლოდ უკრაინის გამოა რუსეთისთვის სანქციები დაწესებული. საქართველოს გამო სანქციები დაწესებული არ არის. ჩვენი პოლიტიკა საერთაშორისო ინსტანციებში, ჰააგის ტრიბუნალში აქტიური მუშაობით უნდა ვაწარმოოთ და შიში არ უნდა გვქონდეს, იქ რაიმე არ გააფუჭოს ქალბატონმა წულუკიანმა. კიდევ ერთი საკითხია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, აფხაზეთში მოხდა გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით და ეს სია უნდა გაფართოვდეს. ჩვენს მიერ მომზადებულ სიაში 1000 კაცია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიელები, კაზაკები, ძველი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, სამხედრო ბაზას ვინც მეთაურობს და ა.შ. ამ ადამიანებზე პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს. პროკურატურიდან უნდა ავიღოთ ის 250 ტომი გენოციდის საქმე, მაუდქვეშ რომ არის ამოდებული. დღესაც ჰყავს გამომძიებელი ამ საქმეებს და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გენოციდის მუხლით, რომელსაც ხანდაზმულობა არ აქვს. დამნაშავეთა დასჯა დღესაც შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის დანაშაულების გამო სჯიან ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგალითად, მუსა შანიბოვი, კონფედერაციის თავმჯდომარე, რომელიც ნიღბავდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, დღეს სოხუმში ცხოვრობს, არის იქაური უნივერსიტეტის პროფესორი და არაჩვეულებრივ პირობებში ჰყავთ. ჩვენზე უკეთესად აფხაზებს არავინ იცნობს, ჩვენ მათთან ნათესაურ-ახლობლური კავშირები გვაქვს, გვიცხოვრია მათთან, ახლაც გვაქვს ურთიერთობები, მისვლა-მოსვლა. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ და ნათლად უნდა გავაგებინოთ მათ, რომ აფხაზეთი საქართველოა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეთნიკური ნიშნით პრივილეგიები არავის ექნება, ყველანი ვიქნებით თანაბარუფლებიანი მოქალაქეები. მათში უნდა აღმოიფხვრას ეთნოკრატიული აზროვნება, რომელიც მათ ახასიათებთ. აფხაზებს დიდი ხნიდან უნერგავდა კრემლი, რომ ისინი არიან განსაკუთრებულები და სხვა ყველა მეორეხარისხოვანია. მათ თავიანთ ე.წ. კონსტიტუციაში პირდაპირ უწერიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზი. სხვა ყველაფერთან ერთად იქ ფაშისტური ბუნების რეჟიმია, რასაც უკეთებენ გალის რაიონში ქართველებს, სწორედ ამის დასტურია.

არაფორმალური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს, მაგრამ იქაც საუბრები უნდა იყოს გარკვეული წინაპირობით. უპირობოდ უნდა მოვითხოვოთ გიგა ოთხოზორიას მკვლელის კანჯი ოღლის გადმოცემა. თუკი კეთილი ნების გამოვლენა აფხაზებს სურთ, ეს უნდა შეასრულონ. გარდა ამისა, განხილვას არ უნდა დაექვემდებაროს გალში ქართული სკოლებისა და ქართული წირვა-ლოცვის აღდგენის საკითხი, რაც ჰუმანიტარული თემაა. მესამე, უპირობოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილება ენგურზე. არაფორმალური შეხვედრების დროსაც ეს საკითხები წინაპირობად უნდა იყოს.

 

Maverick ეს კაცი ვფიქრობ, მიშმაკობს!
ცალკე აფხაზებზე რიხიანად საუბრობს, ხელისუფლებას კი ნაცურად უტევს!
ძმობილო, რატომღაც ნაცურ ფორვატერში ჭყუმპალაობ!
4 წლის უკან