ლაინერის ჩამოგდების გამო ირანს კომპენსაცია ხუთმა ქვეყანამ მოსთხოვა

ლაინერის ჩამოგდების გამო ირანს კომპენსაცია ხუთმა ქვეყანამ მოსთხოვა

კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ჩამოგდებული ლაინერის მგზავრების ოჯახებისთვის კომპენსაცია მოსთხოვეს. ამის შესახებ CTV წერს.


გამოცემის ინფორმაციით, მინისტრები ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ და ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ ირანს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.


თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო.


ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.