რუსეთი იდლიბის პროვინციაში მშვიდობიან მოქალაქეებზე ავიაიერიშს უარყოფს

რუსეთი იდლიბის პროვინციაში მშვიდობიან მოქალაქეებზე ავიაიერიშს უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიის პროვინცია იდლიბში მშვიდობიანი მოქალქეების წინააღმდეგ ავიაიერიშს უარყოფს. Reuters-ის ცნობით, უწყება იტყობინება, რომ სამხედრო მოქმედებები 9 იანვრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან არ განახლებულა.


„ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის ავიაციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბა იდლიბში, დეესკალაციის ზონაში სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.


მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშს 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.


BBC-ის ცნობით, ავიადარტყმები ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციის რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა.


სირიის მთავრობამ რუსეთის მხარდაჭერით ავიაიერიშები თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 2 დღის შემდეგ განაახლა. კვირას ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ბაშარ ასადსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის გაფორმდა.