დედამიწის მოსახლეობა მესამე მსოფლიო ომს გადაურჩა. 3 იანვარს აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად ირანელი გენერლის - ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ ირან-ამერიკას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლული იყო მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმას გეგმავდა.
ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო შურის საძიებლად 8 იანვარს ირანმა საპასუხო სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „წამებული სოლეიმანი“. თუმცა ამ ოპერაციის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაღუპულან. სამაგიეროდ, ამ თავდასხმით ირანი შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა და დაემტკიცებინა, რომ ამერიკის წინაშეც უკან არ დაიხევდა.
გენერლის მოკვლის გამო ირანი ამერიკის წინაღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ირანის სულიერი ლიდერი-აიათოლა ჰამენეი თავს იწონებდა, რომ „ამერიკას სილა გააწნეს“ ირანელებმა. ჰამენეი მიიჩნევდა, რომ თეირანს ბირთვული პროგრამა სჭირდებოდა, რადგან მასზე უარის თქმა ამერიკის დომინირებას გამოიწვევდა. მას შემდეგ, რაც ირანელებმა უკრაინის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც 167 ადამიანი შეეწირა, მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა და ირანში უკვე ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო.
რამდენად შორს წავა ირანელთა შურისძიება მათი საამაყო გენერლის მკვლელობის გამო, ამის შესახებ For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე ესაუბრა.
დინამიკურად ვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში. ანტისახელისუფლებო გამოსვლები ირანში ხომ არ მოასწავებს იმას, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში რეჟიმების ცვლილების სახით?! ირანში რეჟიმის ცვლილება ხომ არ სურს ამერიკას და რამდენად გამოუვა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა?
- რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ირანის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს უახლოეს პერიოდში, ეს სხვა საკითხია, რადგან ეს შეიძლება დაუკავშირდეს ძალიან ბევრ კატაკლიზმას არა მარტო ირანში, არამედ რეგიონში. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ს ყველაფერი მიჰყავს იქითკენ, რომ ირანში პოლიტიკური ცხოვრება შეიცვალოს. ამაზე მეტყველებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან გაბედული და ჭკვიანური ნაბიჯი. ჩვენ თუ გავიხსენებთ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის განადგურების ოპერაციას, რასაც მოჰყვა ირანული „პასუხი“ - სარაკეტო იერიში ამერიკულ ორ სამხედრო ბაზაზე ერაყის ტერიტორიაზე, ამის შემდეგ უკვე საუბარი იყო თითქმის მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე, გლობალურ სამხედრო დაპირისპირებაზე ახლო აღმოსავლეთში შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის, რომელიც არ შედგა. ზუსტად ამაში მდგომარეობს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ტრამპს ეპასუხა და 52 ობიექტი დაებომბა ირანში, მაშინ რა მოხდებოდა?
ალბათ, ირანის სულიერი ლიდერი გამოვიდოდა ანტიამერიკული მოწოდებებით და აიათოლას ფაქტორი გადამწყვეტი იქნებოდა ირანელებისთვის, რომლებისთვისაც ჩვეულია შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“...
- რა თქმა უნდა, მთელი ხალხი მოახდენდა კონსოლიდაციას. საწყის ეტყაპზე ამის ნიშნები უკვე იყო ირანში, პირველ ეტაპზე ხალხი გამოვიდა ქუჩაში, დაიტირეს ყასიმ სოლეიმანი, რამდენიმე ათეული კაცი ჭყლეტაშიც დაიღუპა, მაგრამ აშშ-მა შეგნებულად არ უპასუხა და სწორადაც მოიქცა, რომ არ უპასუხა. რა ვითარება გვაქვს დღეს ირანში? ყასიმ სოლეიმანის სოლიდარობის და დატირების აქციები ძალიან მალე დამთავრდა ირანში და უკვე ხალხი გამოდის ქუჩაში და ყასემ სოლეიმანის სურათებს ხევს. ეს იყო აშშ-ის მიზანი, რაც ძალიან კარგად ჰქონდა გათვლილი ამერიკას.
ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ სოლეიმანის დაკრძალვის დღეს მის კუბოსთან იტირა აიათოლა ჰამენეიმ. რადგანაც ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, აიათოლას დატირება, ალბათ, ბევრ რამეს ნიშნავს ირანელი ხალხისთვის. თუმცა ისიც შესაძლებელია, ირანელი ახალგაზრდების დამოკიდებულება უკვე შეიცვალა საკუთარი შიიტი კლერკების უმაღლესი რანგის პირებისადმი - აიათოლებისადმი და საერთოდ რელიგიისადმი, რადგან ძირითადად ახალგაზრდები გამოდიან ანტისახელისუფლებო აქციებზე.
- ანტისახელისუფლებო აქციებზე ძირითადად ახალგაზრდები გამოდიან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ირანი რას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, ძალიან შორს წაგვიყვანს საუბარი იმაზე, საიდან იღებს ეს თეოკრატია საფუძველს, ძალიან ბევრ მიმდინარეობას ემყარება ირანული რევოლუცია და მისი იდეები, ძალიან ბევრ იდეას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მწიფდებოდა. საუბარია მუსლიმი ძმების იდეოლოგიაზე. ეს არის ძალიან ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც დღესაც მოქმედებს თითქმის ყველა კონტინენტზე. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისი პატარა ფილიალები საქართველოშიც მოქმედებს, რომ არ მოქმედებდეს, ეს იქნებოდა საკვირველი.
სხვათა შორის, ითქვა კიდეც, რომ თავის დროზე ყასემ სოლეიმანის დავალებით საქართველოში ისრაელის ელჩის აფეთქებას აპირებდნენ მანქანაში.
- იმ პერიოდში ამ საქმეში ირანული კვალი მართლაც მოიაზრებოდა. ახლა განმეორდა საუბარი იმაზე, თითქოს ირანი დაარტყამდა ისრაელს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ დაარტყამდა. ისრაელზე შეტევა, მით უმეტეს, მასირებული და მნიშვნელოვანი შეტევა მიტანილი ირანის მხრიდან, იქნებოდა ბევრი რამის მაჩვენებელი და ამას დაიხვევდა ძალიან ბევრი ძალა მსოფლიოში. ყველას გვახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ერის მიერ გადატანილი უზარმაზარი ტრაგედია. ნებისმიერი ძალა, ადამიანი, ქვეყანა, რომელსაც შეტევა მიაქვს ებრაელებზე და ისრაელის სახელმწიფოზე, აღიქმება კაცობრიობის მტრად. ირანს რომ დაერტყა ისრაელისთვის და იქ მსხვერპლი ყოფილიყო, ამას ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვებოდა ირანისთვის. ძალიან ბევრი საუბრობს იმაზეც, რომ შეიძლება ბირთვული დარტყმაც კი ეწვნია საკუთარ თავზე ირანს. კიდევ კარგი, ასეთი რამ არ მოხდა და მე არც ველოდები, ასეთი დარტყმა მოხდეს ისრაელის მიმართ ირანის მხრიდან.
ირანის ხელისუფლება უკან იხევს?
- სხვა გზა არა აქვს. ირანს აუცილებლად დასვამენ მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკელები. ბირთვული შეთანხმება გასაფორმებელია ირანთან, რადგან თითზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც ეთანხმებიან ირანის ბირთვულ პროგრამას და ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას. მთელი მსოფლიო წინააღმდეგია იმის, რომ ირანმა ხელში ჩაიგდოს ბირთვული შეიარაღება. მათ შორის, ამის წინააღმდეგია თვით რუსეთიც, რომელსაც რატომღაც ირანის დიდ მოკავშირედ მოიაზრებენ, მაგრამ ასე არ არის.
რუსეთს ირანის დიდ მოკავშირედ მოიაზრებენ თუნდაც ეკონომიკური სარგებლის გამო. რუსული ნავთობის ფასი ყოველთვის მატულობს აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე. თანაც, რამდენადაც ცნობილია, ყასიმ სოლეიმანი ოთხჯერ იყო ნამყოფი რუსეთში და პუტინსაც შეხვედრია. როგორია რუსეთის ინტერესი ირანთან მიმართებით?
- რუსეთს ირანთან, ისევე, როგორც თურქეთთან მიმართებით აქვს დროებითი ტაქტიკური ხასიათის სამოკავშირეო ურთიერთობები. ეს არ გაგრძელდება დიდხანს, მით უმეტეს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები სირიის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურ კონფლიქტში იმყოფებიან ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან და სამილიციო შენაერთებთან. ყველგან მათი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება - რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის. ნახეთ, რა მოხდა მოსკოვში, ერთ-ერთი მომლაპარაკებელი მხარე, ლიბიის შეიარაღებული ძალების მეთაური, ხალიფა ჰაფთარი ადგა და გავიდა მოლაპარაკების ოთახიდან. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან დატოვა მოლაპარაკება და აგრძელებს თავის ქმედებას, ანუ საბრძოლო ოპერაციებს ლიბიაში. არავინ იფიქროს, რომ თურქეთთან რუსეთს ძალიან თბილი და ხანგრძლივი ურთიერთობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ძალიან ბევრი რამ დათმო, თურქეთს კიდევ უამრავი რამის დათმობა მოუწევს, თუ მას ასეთი სახის ურთიერთობები უნდა რუსეთთან, მაგრამ თურქეთს თავისი ამბიციები აქვს რეგიონში, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, სუნიტური სამყაროს ლიდერად მოიაზრებს პრეზიდენტი ერდოღანი თავის თავს, რაც ნამდვილად არ არის ასე და მას ასეთად არავინ არასდროს აღიარებს, მით უმეტეს, არაბები არ აღიარებენ თურქს სუნიტური სამყაროს ლიდერად.
გამოდის, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეიძლება აწყობდეს ახლო აღმოსავლეთში ფეთქებადი სიტუაცია, ისლამისტური „აისისი“-ს ძალებია?
- ცხადია, დავაკვირდეთ სიტუაციას, გასულ წლებშიც კი, როდის აღწევდნენ ტერორისტული ძალები წარმატებებს და სად აღწევდნენ წარმატებას? სადაც იყო ქაოსი, ანუ ერაყის ტერიტორიაზე, სირიის ტერიტორიაზე, ლიბიის ტერიტორიაზე. დღეს ისლამურ სახელმწიფოს, სხვათა შორის, თურქეთის ხელშეწყობით, ლიბიის ტერიტორიაზე გადასროლილი ჰყავს ძალები. რუსებიც კი აღიარებენ, რომ ჯიჰადისტები და ტერორისტები ერთი და იგივეა. ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში.
საქართველოზეც მინდა გკითხოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა სცენარი გათვლილი უნდა გვქონდეს, ვერსიის დონეზე გეკითხებით, ვთქვათ, თურქეთის მიერ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყოლოდა, მაშინ საქართველოს ადგილი სად იქნებოდა? ცხადია, საქართველო, ტერიტორიული თვალსაზრისით, თურქეთს ვერ ჩაანაცვლებს ამერიკელების თვალში.
- ასეთ შემთხვევაში, ძალიან მძიმედ წარიმართებოდა სიტუაცია მსოფლიოში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ არის აშშ-ის სამხედრო ბაზები, ასეთ დაძაბულობას და მოვლენების განვითარებას იმ კუთხით, რომ ჩვენთან წამოსულიყო საფრთხე ირანის მხრიდან, ანუ პირდაპირ ვთქვათ, სარაკეტო დარტყმები განხორციელებულიყო, არ ველოდი. ამ სცენარს არც განვიხილავდი, რადგან ირანი ვერ დაარტყამდა ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს დიდი მასშტაბით რეგიონში და ვერც ვერსად ვერ დაარტყამს, რადგან ირანი ირანია, ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, რეგიონალური ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ აშშ არის მსოფლიო ლიდერი და რჩება ასეთად. ირანში კარგად იციან, რომ უმძიმეს საპასუხო დარტყმას მიიღებენ, ეს ირანის მომავალს დაემუქრებოდა, როგორც ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით, ასევე, ინფრასტრუქტურის და საერთოდ ყველაფრის თვალსაზრისით. რაც მთავარია, ირანის სახელმწიფო იარსებებდა მერე?
ადგილებიდანაც).................დღეს დრო და პოლიტიკური ცხოვრება მსოფლიოში უკვე ელვისებულად მიფრინავს, იცვლება
ხუთი წლის წინ არაბული გაზაფხულები რომ დაიწყო...მაშინ თვითონ ამერიკელი ცნობილი ექსპერტები წერდნენ(ამ საიტზეც იყო ნაწყვეტი)----- ეს არის
ამერიკის იმპერიის დასასრულის დასაწყისიო
ჰოოოოდა ყველა იმპერიას აააქვს დასაწყისიც და დასასრულიც.....და ეხლა მაგათაც, როგორც იმპერიას, უკვე მაგათაც ,,ჟამი,, უახლოვდებათ......