ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ხელს მოსკოვში მოაწერენ

ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ხელს მოსკოვში მოაწერენ

ლიბიაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული შეთანხმების მთავრობის ლიდერს ფაიეზ ალ-სარაისა და მის მოწინააღმდეგეს ხალიფა ჰაფტარს (ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) ხელმძღვანელი) შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პაქტზე ხელს მოსკოვში დღეს მოაწერენ. იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება ქვეყანაში 9-თვიან შეტაკებებს დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

12 იანვარს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე წუთში დაირღვა, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ლიბიის ეროვნულმა არმიამ, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ჩრდოლოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სირტზე კონტროლი 6 იანვარს დაამყარა. კვირას დილით, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ჰაფტარის ძალებმა ტრიპოლიზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

5 იანვარს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიზე ავიაიერიშს სამხედრო კოლეჯის 28 მოსწავლე ემსხვერპლა და 18 დაიჭრა. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხალიფა ჰაფტარის ჯარებს დააკისრა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ტრიპოლის თხოვნის შესაბამისად, ანკარა ლიბიაში ჯარს გაგზავნის. მეორე დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის მთავრობამ თურქეთს სამხედრო დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა. ჯარის ლიბიაში გაგზავნას მხარი თურქეთის პარლამენტმაც დაუჭირა.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.