იორდანიის მეფე: დასავლეთ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები გაძლიერდა

იორდანიის მეფე: დასავლეთ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები გაძლიერდა

იორდანიის მეფის, აბდულა მეორის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში დასავლეთ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები გაძლიერდა. ამის შესახებ მან ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გასული წლის განმავლობაში ერაყის დასავლეთ ნაწილში და სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები გაძლიერდა. ერაყში მიმდინარე დაპირისპირების გამო „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება. საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს, რათა ერაყს ამ საფრთხესთან გამკლავებაში დაეხმაროს. „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ერაყისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპის და მთელ მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აბდულა მეორემ.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას ოქტომბერში მოკლეს. მოგვიანებით "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ხალიფა აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. ოქტომბრის ბოლოსვე Aლ Aრაბიყა-სთან ინტერვიუში ალ-ბაღდადის თანამოაზრე მოჰამედ ალი საჯეთმა თქვა, რომ ერაყელმა მწყემსებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ძვირფასეულობას მიაგნეს, რომლის ღირებულებაც 25 მილიონ დოლარამდეა.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014-2015 წლებში დაიკავა. მათმა ძლევამოსილებამ პიკს 2014 წელს მიაღწია. ამის შემდეგ რადიკალების წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ უკანასკნელი კონტროლირებადი ტერიტორია, სირიაში არსებული დასახლება ბაღუზი 2019 წლის მარტში დაკარგა.