ესპანეთის ქალაქებში ქვეყნის ერთიანობის მოთხოვნით აქციები გაიმართა

ესპანეთის ქალაქებში ქვეყნის ერთიანობის მოთხოვნით აქციები გაიმართა

ასობით ათასმა ესპანელმა საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლებისგან ქვეყნის ერთიანობის, დემოკრატიული სახელმწიფოს კანონისა და ნორმების შენარჩუნება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა წერს.

მსვლელობებსა და მიტინგებს ორგანიზება სამოქალაქო პლატფორმამ "ესპანეთი არსებობს" გაუწია და ისინი ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

პროტესტისა და მანიფესტაციების მიზეზი ხელახლა ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობის გეგმები გახდა, მასში შევლენ ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენლები, კომუნისტები და ულტრამემარცხენე პოპულისტები პარტია "პოდემოსიდან" ("ჩვენ შეგვიძლია"). 

როგორც რუსული DW წერს, ყველაზე დიდი აქცია მადრიდში გაიმართა და მომიტინგეების განსაკუთრებული შეშფოთება ახალ პრემიერს პედრო სანჩესსა და კატალონიელ სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებებს უკავშირდება - 7 იანვარს სანჩესის კანდიდატურაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, მათ მოლაპარაკებებს და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენასთან დაკავშირებით კატალონიელების გამოკითხვას დაჰპირდნენ.

ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მეორე მოსმენით 7 იანვარს დაამტკიცა. ქვეყნის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს ხმა 167-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 165 კანონმდებელი იყო. სანჩესმა ახლა მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. ეს ესპანეთის პირველი კოალიციური მთავრობა იქნება, 1978 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ.

ესპანეთში დროებითი მთავრობა მოქმედებს, რადგან 2019 წლის 28 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ. 2019 წლის 10 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა. სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხეს.

2018 წლის 14 ოქტომბერს  ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა.  ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.