რა შეცდომას უშვებს მმართველი გუნდი, როდესაც საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას ახდენს? ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ახსენდება სტენდალის მოსაზრება ნაპოლეონის შესახებ, რომ ნაპოლეონის დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საზოგადოებრივი აზრის სწორად შეუფასებლობა იყო. For.ge სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
იმ მოცემულობით, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2019 წელს, სად იქნება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ადგილი და რა პერსპექტივა ელით მათ 2020-ში? გააგრძელებენ თუ არა ისინი აცდენილ რეალობაში ცხოვრებას?
- ბიძინა ივანიშვილი თავის რეალობაშია. „ოცნებამ“ შექმნა ეს რეალობა და თვითონ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ასეთ რეალობაში. აბა, სხვა რომელ რეალობაში შეძლებდა ქალაქის მერი, რაღაც კვაზიმოდოსავით ხე ეყიდა, მილიონზე მეტი გადაეხადა ამაში და საზოგადოებისთვის ეთქვა, ეს ნაძვის ხეა და ყველანი ბედნიერები იყავითო. მათ თავიანთთვის შექმნეს ასეთი რეალობა. რომელ რეალობაში მოხდებოდა, რომ პრაქტიკულად ჩვენთან არ მუშაობს ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფუნქცია აპეტიტგახსნილი, მადაგახსნილი ხაზინის ქურდებისთვის-შემოსავლების აღრიცხვა ყოველ წელს. ეს სისტემა ჩვენთან აბსოლუტურად მოშლილია. ამ დროს უცხოეთში წელიწადი კი არა, ერთი თვე არ გავა, ვინმე არ ამხილონ ასეთი საქციელის გამო. ამერიკაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში და უკვე აფრიკაშიც კი, ვიღაც გამოიჭირეს შემოსავლების დამალვაში და ეს ჩაითვალა ყველაზე დიდ ცოდვად, გამოჭერის შემდეგ იმ ადამიანის პოლიტიკური კარიერა დასრულდა.
რაც შეეხება მომავალ წელს, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ პოლიტტექნოლოგებმა უქმად არ დაკარგეს დრო და გარკვეული სცენარი უკვე არსებობს, რომლის მთავარი მიზანიცაა ხელისუფლებაში დარჩენა ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამ სცენარით იმოქმედებენ. დიდი ფრანგი მწერალი სტენდალი წერდა ნაპოლეონზე, მას რომ ცოტა ნორმალური სასკოლო განათლება მიეღო, ერთ რამეს მაინც ისწავლიდა, რა მნიშვნელობა აქვს მმართველი ძალისთვის საზოგადოებრივ აზრს. სტენდალს მიაჩნდა, რომ არ იცოდა ნაპოლეონმა საზოგადოებრივი აზრის ფასი და ზუსტად ეს იყო ნაპოლეონის დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი. მე არ ვიცი, ჩვენს პარლამენტარებს რა განათლება აქვთ მიღებული, მაგრამ, ბოდიში თქვენთან, მათ გადაწყვტეს, ერთ ადგილას დაიკიდონ საზოგადოებრივი აზრი. ასეთი სცენარი შემუშავებული აქვს „ქართული ოცნების“ ყველასათვის ცნობილ სამ მუშკეტერს, რაც საერთოდ არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის როლს, თორემ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის, მორალსაც, ცოტა მეტი მორიდება ექნებოდა დედაქალაქის მერს, რომელმაც იცის, რომ ღატაკი ქალაქის თავია და მილიონებს ხარჯავს საშინელებებში, ასევე, 12-ათასლარიან დასასვენებელ სკამებში, თითქოს ახლა ელისეს მინდვრები უნდა მოაწყოს ვაკეში.
ჯერ ადრეა, ვიმსჯელოთ, ვინ გახდება 2020 წლის პოლიტიკოსი, მაგრამ 2019-ში ჩვენ ვიხილეთ ვარსკვლავბიჭების გაბრწყინება და ელვის სისწრაფით ჩამქრალი მათი პოლიტიკური კარიერა-ზარდიაშვილი, კობახიძე. ვინ დაწინაურდება 2020-სთვის, გამოარჩევთ რომელიმე სახეს?
- ჩვენთან ამ სფეროში დაწესებული რომ იყოს ნობელის პრემია, კოლექტიურად ამ პრემიას მივცემდი ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, სიცივეში, ყინვაში, თუნდაც სიცხეში რუსთაველზე რომ დგანან და არ ეზარებათ; სადღაც გაიგებენ, „ქართული ოცნება“ რაღაც ღონისძიებას ატარებს, მივლენ იქ, პერფორმანსებს აწყობენ, მთაწმინდაზე ავლენ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ამათ რომ ჰკითხოთ, ჰგონიათ, რომ ამ ახალგაზრდების ქმედების ეფექტი არ არსებობს. ამას წინათ წავიკითხე, რომ ერთ-ერთი „გენიოსი“, ანუ ჩვენი მმართველი პარტიის პარლამენტის წევრი ამბობდა, დიდი ამბავი, 15-20 კაცი თუ შეკრიბეს პერფორმანსზეო. ეს იდიოტები თვითონ არაფერს კითხულობენ და არც არაფერი იციან, ამიტომ შევახსენებ, საბჭოთა სისტემის რღვევა დაიწყო მაშინ, როდესაც მოსკოვში, წითელ მოედანზე სამი კაცი, მათ შორის, ბუკოვსკი, ირინა არლოვა გამოვიდნენ პლაკატით - „ხელები შორს ავღანეთიდან“, „ჯარები გამოვიყვანოთ ავღანეთიდან“. ხუთი წუთი არ იდგნენ ისინი იმ მოედანზე, კგბ-მ ხელად წაიყვანა ისინი, რადგან წითელ მოედანზე მაშინ ყოველთვის იდგა კგბ-ს ძრავაჩართული მანქანა, მაგრამ რღვევის პროცესი სწორედ ამით დაიწყო. ეს საბჭოთა სისტემის რღვევის სიმბოლო იყო. ესენი კი იმას ითვლიან, მიტინგზე რამდენი კაცი გამოვა, მაგრამ რეალურად რამდენი ადამიანია უკმაყოფილო?!
2020 წლის არჩევნებამდე მივაღწევთ, თუ გველის მორიგი რევოლუცია?
- არავითარი რევოლუცია არ გველის, ვინაიდან რევოლუციას ამზადებენ ფანატიკოსები, შემდეგ ახორციელებენ სხვები და სარგებლობენ ნაძირლები, როგორც ეს საფრანგეთის რევოლუციაზეა ნათქვამი. გარდა ამისა, ჩვენთან არ ჩანს რევოლუციონერი ლიდერი. მახსოვს, ერთხელ მიშამ საკუთარ მთავრობაზე თქვა, მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ მთავრობას სამ თვეში ჩამოვაგდებდიო. დღეს ოპოზიციას არ ჰყავს ერთი აღიარებული ლიდერი.
ცალკეული ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკამ შესაძლოა, ფსონი დადოს ხაზარაძესა და „ლელოზე“. ჩვენ ვიცით ბიზნესმენების მიმართ როგორი დამოკიდებულებაა ქართველ ხალხში, გაყვება ვინმე ხაზარაძის პარტიას და წარმოჩნდება ის მესამე ძალად?
- „ლელოს“ ძალიან ცოტა დრო აქვს საამისოდ. მოკლედ რომ გითხრათ, ღარიბებმა შეიყვარონ მდიდრები, ამისთვის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ჯერჯერობით ხაზარაძემ, ჯაფარიძემ, „ლელომ“ მთელი წელი დიდი ენერგია უნდა დახარჯონ სასამართლოების გადამკიდე. ნახეთ, როგორ აქვს გათვლილი „ქართულ ოცნებას?“ გაუთავებელი სასამართლო პროცესები, მექსიკური სერიალებივითაა ჩვენთან სასამართლო პროცესები, სულ დაძაბული ჰყავთ ხაზარაძე-ჯაფარიძე. ბოლო პროცესის შემდეგ თვითონვე თქვეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, მომავალი წლიდან ყოველ მეორე დღეს სასამართლო პროცესი გვექნებაო. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ადამიანური რესურსით, სასამართლოზეც მოასწრონ ყოფნა, პარტიული საქმიანობაც შეუთავსონ, ამდენი არ გამოვა. გარდა ამისა, ქარიზმატული ლიდერი, გამოცდილი პოლიტიკოსი, გამბედავი, ბარიკადებზე ამსვლელი, თუ გნებავთ, ჯავშანჟილეტჩაცმული მიშა რომ შევარდა თავის დროზე პარლამენტში, ასეთი არავინაა.
2020-ში ელით, რომ „ოცნება“ შენარჩუნდება? ჩვენ ვხედავთ პროამერიკელი დეპუტატებისგან მიტოვებულ „ქართულ ოცნებას“, ხუმრობენ კიდეც, ვინც ინგლისური იცოდა, ყველამ დატოვა მმართველი გუნდი, ჩუგოშვილი და სხვები წავიდნენ. „ქართულ ოცნებას“ შესწევს ძალა, ამერიკის მხარდაჭერის გარეშე შეინარჩუნოს ძალაუფლება?
- ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ამერიკელების აქტიურობაზე ქართულ ფრონტთან მიმართებით. 2020-ში ამერიკას საკუთარი თავის ტკივილი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების სახით, ეს ცუდია, ჩვენი არჩევნები და ამერიკელების არჩევნები ფინთად დაემთხვა ერთმანეთს. მხოლოდ ერთი თვეა განსხვავება, ჩვენთან ოქტომბერშია არჩევნები, იქ ნოემბერშია. ეს ცუდია, რადგან ამერიკა ვერ მოიცლის ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რამდენად უწევს „ოცნება“ ანგარიშს ამერიკელების პოზიციას, გამოძიებებზე, დაკითხვებზე რომ დაატარებენ უგულავას, ნიკა გვარამიას, ხაზარაძეს, მართლა მიუსჯიან მათ ვადებს, დააპატიმრებენ, თუ უბრალოდ დაიბარებენ თვეში ერხელ, ან კვირაში ერთხელ გამოძიებაზე?!
2020-ში „ოცნება“ ძალაუფლებას შეინარჩუნებს?
- 2020-ის არჩევნებამდე შეინარჩუნებს „ოცნება“ ძალაუფლებას. რუსები რომ იტყვიან, ორი მომენტია „ზნაკოვოე“, ანუ გადამწყვეტი, რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ. ერთი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მეორე, 20-21 ივნისის ღამე, სადაც ხელისუფლებამ თავისი გადასახედიდან დაამტკიცა, რომ ის მტკიცე ხელით მართავს ქვეყანას. შესაძლოა, „ოცნების“ შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასეთ მტკიცე ხელს თურმე მოჰყვა ეფექტი და მთავარი ოპოზიციონრები დაჭერილნი არიან, გამუდმებული დაბარებებია დაკითხვებზე და ნებისმიერ წუთში შეუძლიათ დაიჭირონ ისინი. თუნდაც იმავე გვარამიას ერთხელ დაიბარებენ და აღარ გამოუშვებენ, როგორც რურუა ჰყავთ დაჭერილი იარაღის გამო, რომელზეც არავითარი კვალი არ ჩანს. თუ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ სტილმა გაამართლა და ამ სტილით წავიდა, ეს ერთი სცენარია. შესაძლოა, მეორე უფრო რბილი, ჭკვიანური სცენარით წავიდნენ და ივანიშვილმა თავისი გარემოცვიდან რამდენიმე ყველაზე ოდიოზური ადამიანი ჩამოიშოროს, რომელთაც საზოგადოებაში დასცინიან.
ბოლოს და ბოლოს, „ოცნებას“ აქვს შიდა გამოკვლევები. თავის დროზე ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უკან დახევაც შეუძლია, სტილის შეცვლაც შეუძლია. თავის დროზე მან ისიც თქვა, ბოდიში, ვერ მოვიცალე ხალხისთვის, დავბრუნდები, ერთი წელი მომეცით და ნახავთ, მაგათ რას ვუზამო. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება საქართველოში აღარ არსებობს და თანდათანობით ჩვენი საზოგადოება უფრო მარგინალიზებულად იქცევა, ეს საზოგადოება ასეთ დაპირებას კიდევ ერთხელ ჭამს. თანაც, ხომ ხედავთ, სააკაშვილი გამუდმებით გაიძახის, ჩამოვდივარ, 10 მილიარდი იქნებაო, დაპირებები უამრავია. როგორც რეალურ ფაქტზე, ისე საუბრობს სააკაშვილი, რომ საქართველოში ჩამოვა. ამაზე დაიწყება კიდევ თამაში, ისევ მოატყუებენ ხალხს და ასე გადააგორებენ 2020-საც.