ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება პოსტინდუსტრიული სამყაროს ნაწილი ხდება. საზოგადოებრივი განვითარების პოსტინდუსტრიულ კონცეფციაზე ჯერ კიდევ კარლ მარქსი წერდა მე-19-ე საუკუნეში.
პოსტინდუსტრიული საზოგადოება ულმობლად ტექნოგენურია. ამ საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შორის ცენტრალური ადგილი უკავია ახალი ინტელექტუალური ტექნოლოგიის ცოდნის შექმნას და ამ ცოდნის მატარებელთა კლასის განუხრელად ზრდას. ტექნოგენური ცივილიზაციის განვითარება თავის ინფორმაციული საზოგადოებით პრაქტიკულად გარდუვალი პროცესია.
ჩვენს ქვეყანაში ტექნოგენური კლასის ზრდა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ისევე, როგორც ამის თანმხლები მენტალური და ქცევითი ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ტრადიციონალისტურ-ორთოდოქსულ გარემოში ბუნებრივ წინააღმდეგობას აწყდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ტექნოგენური სოციუმის ჩამოყალიბებას, რომელიც ფაქტიურად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, თან ახლავს ჩვენი ტრადიციული „ცხოვრების აპკის“ რღვევა.
დღეს ყველა კარგად ხედავს ტექნოგენური საზოგადოების პრინციპებს სხვებზე ადრე ნაზიარები ადამიანთა ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიღწეევებს რომ თავიანთი კერძო და ეგოისტური მისწრაფებების თუ ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.
ტექნიკა და ტექნოლოგია თანდათანობით ხდება სოციო-კულტურული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა. ამ ტრანსფორმაციის მდგენელებია ტექნიკური რაციონალობის პრინციპის დამკვიდრება, სოციალური პროცესებისადმი ადამიანის გაუცხოების ელემენტების დანერგვა და რაც მთავარია, ადამიანების და სოციუმის დამკვიდრებული და ტრადიციული ყოფის არასრულყოფილების აღიარება და მისი გადაფორმატების დაუოკებელი სურვილი.
დიდი ალბათობით გადაფორმატების შედეგი უნდა გახდეს „ერთგანზომილებიანი ადამიანი“ - ტექნოგენური და ამავე დროს კონფორმისტული პიროვნება, რომელსაც მშვიდად შეუძლია იარსებოს სოციალური დეტერმინირების პირობებში წინასწარ განსაზღვრული ფუნქციონალით. ამავე დროს, ამ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს სოციალურ ტექნოლოგიებით შექმნილი ე.წ. „სოციალური ლიფტით“ სოციალური იერარქიის საფეხურებზე ასასვლელად. თუმცა, ამ „სოციალურ ლიფტში“ შესვლა, რა თქმა უნდა, ყველას არ შეეძლება. ადამიანმა ჯერ შესაბამისი და ტექნოგენურ საზოგადოებაში მოთხოვნადი პროდუქტი და კონტენტი უნდა გამოიმუშაოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან ტექნოგენური საზოგადოებისათვის საჭირო „ინოვაციური ქცევის“ დემონსტრირება უნდა მოახდინოს. მაგალითად, ტრადიციული სოციალიზაცია ჩაანაცვლოს ონლაინ სოციალიზაციით. ადრე, სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის პრაქტიკულად არ არსებობდა კომუნიკაცია უნივერსიტეტის კედლებს მიღმა. დღეს კი ისინი სოციალური ქსელებით ურთიერთობენ და ერთმანეთის შესახებ მეტი იციან.
როგორ შინაარსსა და ფორმას მიიღებს ჩვენთან ტექნოგენური საზოგადოება, ჯერ ადრეა საუბარი, რადგანაც მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ყოველივე დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დოზით მიიღებს ჩვენი საზოგადოება ე.წ. „ტექნიკის იდეოლოგიას.“