2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადია. ასტროლოგიით გატაცებული ჩვენი თანამემემულეები ცდილობენ, ვირთხის კეთილგანწყობა მოიპოვონ, ამკობენ ინტერიერს ვერცხლისფერი ნაძვის ხით, ვირთხის საპატივსაცემოდ სუფრას თხილით, მზესუმზირით, მარცვლეულით, გოზინაყით, ნამცხვრებით ავსებენ, ვირთხისთვის საყვარელ დელიკატესებს ამზადებენ, მაგიდაზე ათავსებენ ვირთხის ფიგურას, გარშემო კი მბრწყინავ ჭურჭელს ალაგებენ.
როგორც ამბობენ, 2020 ნაკიანი წელიწადია და დიდი ენერგეტიკით გამოირჩევა, ამ წელს ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ვირთხა დააფასებს მშრომელ, გამჭრიახ, მკაცრ, მომთხოვნ, წინდახედულ ადამიანებს, რადგან თავად ამ თვისებებით გამოირჩევა და ნაკლებად ცხოვრობს ილუზიებით.
2020 წელი გარდამტეხი პროცესების წლად მიიჩნევა. არსებობს მოლოდინი, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ეპოქალური ცვლილებები მოხდება და მოგვევლინებიან მსოფლიოს მომავალი ლიდერები. სამყაროში გააქტიურდება ეკოპროექტები დედამიწის გადასარჩენად.
რას მოგვიტანს 2020 წელი, ამის შესახებ For.ge ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილს ესაუბრა.
რეკომენდაციები უხვად მოვისმინეთ, თუ რა უყვარს და რა არ უყვარს საახალწლო სუფრაზე თეთრი მეტალის ვირთხას. როგორც ვიცი, თქვენი აზრი უარყოფითია ასეთ სკრუპულოზურ წესებთან დაკავშირებით. როგორ შევხვდეთ ახალ წელიწადს?
- ჩემი აზრი რეალურია, არ მიყვარს ადამიანების ილუზიებში ჩაგდება. შეხვდით ახალ წელს, ოღონდ შეხვდით მაშინ, როცა საჭიროა, ანუ, როცა შემოდის ვირთხის წელიწადი იანვრის ბოლოს.
ამბობენ, 2020 წელი ეპოქალური ცვლილებებით გამოირჩევა. ამ წელს იქნება ბევრი ემოცია, მიტინგები, მაღალჩინოსნების გადაყენება... ნამდვილად ასეა?
- თავისთავად, ამ წელს ხდება 12-წლიანი პროგრამის ჩატვირთვა, როგორც ხდებოდა ხოლმე ეპოქალური ცვლილებების პერიოდში. სატურნი, იუპიტერი და პლუტონი, ეს ტრიადა ერთმანეთს ემთხვევა თხის რქის ნიშანში, რომელიც განაგებს მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. ამიტომაც იქნება კარდინალური ცვლილებები, ახალი პროგრამის ჩატვირთვა დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, ასევე, საქართველოზეც. მოსალოდნელია ეკონომიკური, ფინანსური სერიოზული კრიზისი, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 2008 წელს. ეს შეეხება ამერიკულ დოლარსაც, ნავარაუდევია, რომ, დიდი ალბათობით, დოლარის კურსი დაიწყებს ვარდნას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ეს დიდ გავლენას მოახდენს და იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე და მსოფლიო ეკონომიკის ფინანსურ პოლიტიკაზე.
საქართველო საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშეა, ჩვენს ქვეყანას სერიოზული გარდაქმნები ელოდება, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია პოლიტიკური წყობის ცვლაც. მთავრობის ცვლილების ალბათობა ძალიან მაღალია. ეს ცვლილებები უკეთესობისკენ უნდა წარიმართოს. 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ, დაიწყოს ეკონომიკური აღმასვლა, მაგრამ ასე არ ხდება და ყველაფერი მიდის უარესობისკენ, არანაირი ცვლილებები არ მიმდინარეობს. ბოდიშით და, ხალხის წველაზეა გადასული მთლიანად ეკონომიკაც და საბანკო სექტორიც, შედეგად მივიღებთ იმას, რომ დაიწყება სერიოზული ეკონომიკური ნგრევა.
მთავრობას სხვა გზა არ ექნება, იძულებით მოუწევს პირად კეთილდღეობაზე უარის თქმა და ხალხზე ზრუნვა. ამ 30 წლის მანძილზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აღმასვლა და ხალხზე ზრუნვა არ აინტერესებდა. ყველაფერი მოჩვენებითი იყო.
2020-ში ხალხზე მზრუნველი მთავრობა გვეყოლება?
- ბანალური პასუხი უნდა მოგცეთ, ეს დამოკიდებულია თვითონ ხალხზე. ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ნებაზეა დამოკიდებული, თუ რას მოინდომებენ ისინი.
თუკი ვივარაუდებთ, რომ ეს ხელისუფლება 2020-ში რყევებს განიცდის, შესაძლებელია, „ნაცები“ და მიშა მობრუნდეს? რა ბედი ელის ბიძინას?
- ყველა მოლოდინია საიმისოდ, რომ მესამე ძალა გამოჩნდეს. მიშა და ბიძინა ერთი და იგივეა. „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეეძლო „ნაცმოძრაობის“ კვალი საერთოდ გაექრო ამ პოლიტიკური არეალიდან, ისიც შეეძლო, მინიმალურ დონეზე დაეტოვებინა ისინი, მაგრამ „ნაციონალების“ დატოვება „ქართული ოცნების“ ინტერესებში იყო. მათ ითამაშეს ორმაგი, ბინძური თამაში, რომლითაც ძალიან გააღიზიანეს ჩვენი ხალხი. აქედან გამომდინარე, უნდა გამოჩნდეს მესამე ძალა და ეს მესამე ძალა არ არის პარლამენტიდან, პარლამენტთან დაკავშირებული ძალები მოჩვენებითია. ეს უნდა იყოს ჯანსაღი ძალა. რეალურად, იკვეთება რაღაც ძალები და იმედია, მოხდება საერთო ინტერესების გაერთიანება და დაიწყება ეროვნული მოძრაობის მსგავსი რამ. ჯამში, ამ ყველაფერს რომ ჩავუღრმავდეთ და დეტალებს დავუკვირდეთ, მიშა, ბიძინა, შევარდნაძე, მათ ზურგს უკან დგას რუსეთი. გვინდა, არ გვინდა, რუსეთი ქმნის აქ ამინდს, რუსეთზეა დამოკიდებული ყველაფერი, ვინ იქნება და როგორ იქნება. ასეთ რეალობას ეწირება ქართველი ერი.
თქვენ ბრძანეთ, რომ ეროვნული მოძრაობასავით დაიწყება 2020-ში, მაგრამ ეროვნული მოძრაობის დროს იყო ზვიადი, მერაბი, დღეს გვაქვს საამისო რესურსები? როგორ გგონიათ, ის ახალგაზრდები ჩაუდგებიან ეროვნულ მოძრაობას სათავეში, რომლებიც გავრილოვის ღამის შემდეგ, ფაქტობრივად, სულ ქუჩაში არიან?
- ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება ეს არის რეკომენდაცია და პროგნოზი ვერ იქნება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ეროვნულს და დასავლურ ღირებულებებზე ვიყოთ ორიენტირებულნი. რაც შეეხება გავრილოვის ღამეს, ეს „ნაცმოძრაობის“ მიერ დადგმული და „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული სცენარია, სადაც იზარალეს ქართველებმა. სულ არაფერი რომ არ ვთქვათ, ფაქტობრივად, ჩავარდა ტურისტული სეზონი.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ გავრილოვის ღამეს საკუთარ ხალხთან დაპირისპირებით ხელისუფლებამ კოსმოსში უარყოფითი ენერგეტიკა გაგზავნა?
- აქ კანონზომიერების დარღვევაზეა საუბარი. მთავარია, როგორ ვიქცევით, რეალურად, ჩვენს ხალხს სძინავს, საკმაოდ ღრმა ძილსაა მიცემული, ჩვენი ხალხი რელიგიურ და პოლიტიკურ სფეროებს შორისაა მოქცეული, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული. ხალხმა უნდა გაიღვიძოს, დედაბუდიანად მოხდეს რეფორმირება, ტრანსფორმაცია, გარდაქმნა, ამას ვიძახდი 2015 წელსაც.
გასულ წელს თქვენ გვითხარით, რომ რევოლიციების დიდი ალბათობა იყო მოსალოდნელი 2020 წლისთვის. წელს თუ გადავურჩებით რევოლუციას?
- 2020-ში ველოდები მთავრობათა ცვლილებებს, ახალ მთავრობას, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. საქართველოში ახალი ძალის შექმნის დიდი სურვილია, მაგრამ ყოველ ასეთ მცდელობაზე გარკვეული ინტრიგა ვარდება და ერთი მიზნის ქვეშ მოქცევას ვერ ახერხებენ ჩვენი პოლიტიკური ძალები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და ვერ ხერხდება ახალი ძალის ფირმირება. ამის მიზეზია, რომ ჩვენს ზურგსუკან დგას სწორედ რუსეთი და პარლამენტში მყოფი ძალებიც რუსეთის სასარგებლოდ ერთგვარ მარიონეტის როლს ასრულებენ.
გასულ წელს თქვენ პროგნოზირებდით საკმაოდ დიდ დაპირისპირებასა და ქაოსს ეკლესიურ და რელიგიურ სფეროებში. ამბობდით, რომ პლანეტარული განლაგებები ისეთი ცვლილებებს გვიქადდა, რომლებიც მანამდე არ გვენახა ეკლესიაში. წელს თუ ელით ამგვარ პროცესებს ეკლესიის შიგნით?
- თავისთავად, საქართველოში არსებული რელიგიური დაპირისპირებაც, რელიგიური ინტერესიც და რელიგიაც მიბმულია რუსეთზე და რუსულ სპეცსამსახურებზე. მოვლენები იქიდან იმართება, მათ უკვე ანახეს რეალური სახე და საჭიროა დიდი წმენდა ამ სფეროში.
რომელი ზოდიაქოებისთვის იქნება ყველაზე წარმატებული ეს წელი?
- განსაკუთრებით მინდა გამოვყო მაისის კუროები, რომლებიც ამ წლის ფავორიტები არიან, მათ ექნებათ ძალზე პოზიტიური წელიწადი. ეს წელი, ასევე, პოზიტიური იქნება სექტემბრის ქალწულებისთვის, ისინიც ამ წლის ფავორიტები იქნებიან. დადებითი წელი ექნებათ ნოემბრის მორიელებსა და მარტის თვის თევზებსაც.
და მაინც, როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
- პირველი იანვარი არანაირად ახალი წლის დადგომას არ უკავშირდება. უბრალოდ, ეს არის ახალი წლის შეხვედრის ერთგვარი ტრადიცია, რომელიც რომის იმპერიაში ღმერთ იანუსიდან მომდინარეობს. ნამდვილი ახალი წელი ასტროლოგიაშიც და სამყაროშიც არის 20-21 მარტი, ეს არის გაზაფხულის ბუნიაობა. მოგეხსენებათ, ქრისტესშობა იყო 25 დეკემბერს, ებრაელების წესია, რომ 8 დღეში უნდა მოხდეს ვაჟების წინადაცვეთა. შესაბამისად, 25 დეკემბრიდან რომ გადავთვალოთ 8 დღე, გამოდის 1-ლი იანვარი. ასე რომ, ჩვენ ვზეიმობთ იესო ქრისტეს წინადაცვეთას და ეს არავითარ კავშირში არაა ახალ წელთან.