ევროპული აკადემიის რეგიონულმა წარმომადგენლობამ 2019 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში 2019 წლის აპრილში გაიხსნა, კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს არის ევროპის აკადემიის პირველი ფილიალი, რომელიც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში გაიხსნა და საქართველოს გარდა 5 ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვას და ბელორუსს ფარავს.
„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ევროპული აკადემიის რეგიონული ჰაბის აკადემიურმა დირექტორმა, პასტერის ინსტიტუტის (სააფრანგეთი) პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა აღნიშნა, 2019 წელს პრიორიტეტი მიენიჭა საგანმანათლებლო აქტივობებს. „ეს იყო სემინარების სერია, საერთაშორისო კონფერენციები. დავაფუძნეთ გამორჩეული სემინარების სერია, რომელიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და მოგეხსენებათ, მოწვეული არიან მართლა გამორჩეული მოაზროვნეები და მეცნიერები. ეს არ არის სემინარი სემინარისთვის. ჩვენ ვატარებთ სემინარებს იმ მიზნით, რომ მოწვეულმა სტუმრებმა დააფუძნონ ახალი მიმართულება ქართულ მეცნიერებაში, და გამოვლინდნენ მედიატორებად ქართულ მეცნიერებასა და ევროპულ მეცნიერებას შორის“,-განაცხადა დავით ფრანგიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს გაიმართა სამი სემინარი და, მათ შორის, ერთ-ერთ სემინარზე მოწვეული იყო წამყვანი პროფესორი იერუსალიმის უნივერსიტეტიდან, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ ქრისტიანობის საკითხებზე, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. დავით ფრანგიშვილის თქმით, პროფესორის ჩამოსვლამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, რელიგიის ქართველი მკვლევრები ჩაერთვნენ საერთაშორისო კვლევით სივრცეში, მიწვეული არიან სხვადასხვა კონფერენციებზე და ხელი შეეწყო ასევე ქართული ხელნაწერების გაცვლას იმ ქვეყნებთან, სადაც აქამდე ამ ხელნაწერების გაცვლა ვერ ხდებოდა. „ამან დასაბამი მისცა ქართული მეცნიერების ჩართვას ევროპულ სივრცეში. ასევე დასაბამი მივეცით ამ სემინარების სახით მიკრობიოლოგიურ კვლევას და ახალ მიმართულებას ქართულ მიკრობიოლოგიაში, რომელიც სწავლობს მიკრობიოლოგების მოშინაურებას“,-აღნიშნა რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელმა. 2020 წელს ევროპული აკადემიის საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების სერიის ჩატარებას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მეცნიერები როგორც რეგიონიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან.
„აკადემია ევროპეას“ თბილისის ჰაბი რეგიონული ცენტრების ქსელის წევრია და მეხუთე ფილიალია ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და პოლონეთის შემდეგ. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან ბევრი პროექტი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. საჭიროებს მეტ ყურადღებას, მეტ ჩართულობას ჩვენი სამეცნიერო წრეებიდან. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეცნიერები დაუკავშირდნენ საერთაშორისო ქსელებს და გაცილებით ადვილად მოიპოვონ დიდი ევროპული დაფინანსება, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა. ამ შესაძლებლობის გამოყენება არის აუცილებელი, მითუმეტეს რომ ეს განიხილება დიდი რეგიონის ჭრილში“-, განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. როგორც რექტორმა განაცხადა, საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც დაგეგმილია 2020 წელს, არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება გადმოტანილი იყოს რეგიონზე და წარმოჩნდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უნიკალურობა, როგორც ერთგვარი გზაჯვარედინისა ცივილიზაციების და კულტურების დიალოგში.