შეშის ომი სამაჩაბლოში

შეშის ომი სამაჩაბლოში

ორი წლის წინანდელი ავადსახსენებელი ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, 4 ათეული ქართული სოფლის გარდა, ტყის დიდი მასივებიც მოხვდა. ამ ტყით, ძირითადად ადგილობრივები სარგებლობდნენ და შეშის პრობლემა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას ადრე პრაქტიკულად არ აწუხებდა.

გარდა ჯავის დიდი ტყისა, რომელიც ჯერ კიდევ სამაჩაბლოს პირველი ომის შემდეგ, მთლიანად სეპარატისტების საზღვრებში მოექცა, რეგიონში ასევე იყო: ლიახვის ნაკრძალი (დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის მთელი გაყოლება), ახალგორის ტყე, წვნელისის ტყე (ფრონის ხეობის სათავეები), და ვანათის პატარა ტყე. გარდა ამისა, ტყის მცირე მასივები იყო პატარა ლიახვის ხეობის აღმოსავლეთითაც, რომლებიც სეპარატისტებმა პრაქტიკულად ბოლომდე გაკაფეს.

საბოლოოდ კი, მივიღეთ საკმაოდ მძიმე სურათი, რომლის მეშვეობითაც, აღმოჩნდა, რომ შიდა ქართლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ზამთარში შეშის გარეშე დარჩება და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსული საოკუპაციო არმია რეგიონში ადგება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას დაპირდნენ, რომ მათ შეშით უახლოეს ერთ კვირაში მოამარაგებენ და წელს, მათ ოჯახებს სიცივე არ დაემუქრებთ. შარშან, ადგილობრივებს გერმანიის ხელისუფლება დაეხმარა და გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ნაყიდი შეშით დიდი ლიახვის ქვემო წელის ქართული სოფლების მოსახლეობამ ზამთარი ასე თუ ისე გადააგორა. პრობლემები წელსაც ანალოგიურია და ყოველი წლის ზამთრის დასაწყისში შიდა ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დახმარების იმედად უნდა იყოს.

ვასილ შანარიშვილი, ადგილობრივი მკვიდრი: “ უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც შეშაზე ტყეში წასვლას  ვეღარ ვახერხებთ. ვინც ოსების კონტროლირებად მხარეზე შეშისთვის გადავიდა, ყველა დაიჭირეს. ზოგი სცემეს და ზოგი საერთოდ ციხეში ჩასვეს. არადა, თქვენც იცით, როგორი ცივი ზამთრები იცის ჩვენსკენ და შეშის გარეშე, ადამიანი აქ ვერ გაჩერდება. შარშან გერმანელებმა მოგვიტანეს შეშა და წელს კიდევ, გვპირდებიან, რომ დაგეხმარებითო. როდემდე გაგრძელდება ასე? ახლა, როცა ომი ახალი მომხდარია, ჯერ კიდევ ვახსოვართ ვიღაცეებს და გვეხმარებიან. დრო რომ გავა, ალბათ ჩვენც ისევე მივავიწყდებით ყველას, როგორც აფხაზეთიდან გამოყრილი ხალხი და მერე რაღა უნდა ვქნათ არ ვიცი.

რამდენადაც ვიცი, შარშან, ყველას არ შეხვდა შეშა და, ზოგიერთმა ხეხილიც კი გაჩეხა ზამთარში რომ არ გაყინულიყვნენ...

– ჩემს სოფელში ეგეთი რამე არ გამიგია ვინმეს რომ ექნა, მაგრამ ქვემოთ სოფლებში, (საუბარია გორის რაიონის სოფლებში, რომლებიც ცენტრალური გზიდან სამხრეთით მდებარეობენ) რომლებსაც კონფლიქტის ზონად არ თვლიან, მართლა ბევრმა დაჭრა ხეები. აბა რა უნდა ექნათ? შეშის საყიდელი ფული ბევრს არა აქვს, გაზი ჯერ ყველგან არ შეუყვანიათ და რომც შეიყვანონ, იმასაც ხომ ფული უნდა? ჰოდა, ადგა ეს ხალხი და რაც ეზოში ედგა, ის ხეები დაჭრა. ხილის ხის მოჭრა რომ დასანანია ეგ ერთი, მაგრამ, ან ეგ ხეები როდემდე ეყოფათ?

რუსები რას ამბობენ, ტყეში რატომ არ გიშვებთო?

– აქეთ ჩვენი საზღვარია და საზღვრის გადმოსაკვეთად ვიზები უნდა გვაჩვენოთო. ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? ჩვენს ტყეში შესასვლელად ვიზებს რომ მოგთხოვენ. რამდენიმემ რუსებისათვის ფულის შეძლევაც სცადა, მაგრამ ფული არ აიღეს. როგორც ჩანს, მკაცრი ბრძანება აქვთ მიღებული, რომ სადაც ისინი დგანან, იქ ქართველებმა არ უნდა გავიჭაჭანოთ“.

ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვით, ჯერ ისევ ელოდება დახმარებას და იმედი აქვთ რომ შეშით მართლაც მოამარაგებენ. რეგიონში უკვე საკმაოდ ცივა და ბევრმა ადგილობრივმა, ბავშვები დედაქალაქში ნათესავებთან გაუშვა იმ იმედით, რომ მალე შეშამ მისცემენ და ბავშვები სახლში დაბრუნდებიან.

გიორგი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოელი გლეხი: “ზამთრობით ჩვენს მხარეში ისეთ საშინელ ყინვებს იჭერს, რომ, თავი ციმბირში გეგონება. ახლაც უკვე გვარიანად ცივა და ჩემი ბიძაშვილი ხუმრობდა, მოვიდნენ რუსები და თავიანთი ამინდიც მოიტანესო. აქამდე წესით უკვე ნაყიდიც უნდა გვქონდეს შეშა, დაჭრილიც და გამზადებულიც, მაგრამ შეშა საკმაოდ ძვირია, მაგის თანხა არ გვაქვს და ჯერჯერობით კიდევ ველოდებით, რომ აასრულებენ დაპირებას და მოგვამარაგებენ შეშით. აბა მოლოდინის მეტი რა დაგვრჩენია?“.

მომავალ ზამთართან დაკავშირებული პრობლემები სადემარკაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ოსებსაც აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა. სეპარატისტები იხტიბარს არ იტეხენ და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა დანარჩენ საქართველოზე უკეთ ცხოვრობს. ამას გარდა, რუსეთი კოკოითს მომავალ წელს, 7 მილიარდ რუბლამდე თანხის გადარიცხვას დაპირდა. თუმცა, არც რუსებმა და არც სეპარატისტებმა დაზუსტებით არ იციან, ამ თანხით ახალ სამხედრო ბაზის აშენებას დაიწყებენ, თუ, ახალ კოტეჯებს ააშენებენ, რუსი ოფიცრის ოჯახებისათვის.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითი სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა , რომ მომავალ წელს რუსეთისგან 6,8 მილიარდ რუბლს ელოდება, რომელიც რესპუბლიკაში მშენებლობას მოხმარდება. გარდა ამისა, ცხინვალს უფლება ეძლევა, მოსკოვის მსგავსად, თავად განსაზღვროს რაში დაიხარჯება თანხები. კოკოითის ინფორმაციით, ფინანსებს რესპუბლიკის ე.წ. ფინანსთა სამინისტრო განკარგავს.