ლუკა სირაძის გარდაცვალებას წინ უძღოდა მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა - გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ლუკას ხულიგნობის აღიარებას სთხოვდა.
მოზარდზე განხორციელებულ ძალადობას პოლიციის არაპროფესიონალიზმს უკავშირებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. ფსიქოლოგის განმარტებით, თვითმკვლელობების რაოდენობა მიგვითითებს პრობლემის არსებობაზე, ხოლო მივა თუ არა გამოძიება შედეგამდე, ეს უკვე ის საკითხია, რომელიც გამოძიების ავკარგიანობაზე მეტყველებს, თვითონ პრობლემაზე კი არაფერს ამბობს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„ამ ცხოვრების დედა“ – ეს წარწერა საბედისწერო აღმოჩნდა 15 წლის მოზარდისთვის. რამდენად რთულად გვაქვს საქმე. როგორ ფიქრობთ, გამოსავალი იყო პოლიციის ჩართვა, თუ გამოსავალი იყო ფსიქოლოგების ჩართვა და გარკვევა იმისა, რამ მიიყვანა მოზარდი ამ მდგომარეობამდე, როდესაც ცხოვრებისგან გაბრაზებას ასე გამოხატავდა?
რამაზ საყვარელიძე: სავსებით მართებული კითხვაა. როდის მივალთ იმ ვითარებამდე, როდესაც ყველა ანალოგიურ შემთხვევაში ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები იქნებიან ჩართულები?! აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან პოლიციამ შეიძლება გაართულოს პროცესი. პოლიციის მუშაობა რთულ ბავშვთან და, როგორც ჩანს, ლუკა სირაძე რთული ბავშვი იყო, ფსიქოლოგების გარეშე მხოლოდ პოლიციურ მენტალიტეტით, რა თქმა უნდა, არც არაფერს მოიტანს.
რამდენადაც ვიცით, ამ შემთხვევაში იყო ის პრობლემა, როდესაც პოლიციელები ვერ მიხვდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ასეთ ბავშვთან, ამისთვის არის ფსიქოლოგი. კლინიკური ფსიქოლოგიის შემდეგ, მეორე ადგილზეა სკოლის ფსიქოლოგია და ამ მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგების რიცხვი მსოფლიოში. ჩვენთან ხომ ჯერ მსოფლიოს სტანდარტები ბევრ არაფერზე არ ვრცელდება.
15 წლის მოზარდის საქმემ რა პრობლემა გვაჩვენა? სამწუხაროდ, ძალიან ხშირია მოზარდების თვითმკვლელობის ფაქტები, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ, განათლების სამინისტროს კონკრეტული ნაბიჯები, რომ ავიცილოთ სუიციდის ფაქტები. არც ერთ შემთხვევაში განათლების სისტემას არ მოუთხოვია საქმის გამოძიების დეტალები...
– განათლების სისტემა ნაკლებად არის კავშირში ამ პრობლემასთან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ განათლების სისტემაში, ანუ სკოლაში ბავშვი არის დაახლოებით 5–6 საათი, დანარჩენი დრო არის მშობლებთან, ისიც ყოველთვის არა - ან თანატოლებთან არის, ან ინტერნეტში, ან კიდევ ტელევიზორს უყურებს და ჩართულია თავისებურ მიკროკულტურაში. სწორედ, ეს დანარჩენები ქმნიან იმ პრობლემას, რომელსაც ამ ასაკის ბავშვის ხასიათი და პრობლემა ჰქვია. სკოლამ შეიძლება გაამწვავოს, ან ოდნავ შეამსუბუქოს ეს პროცესები, იმისდა მიხედვით როგორი მასწავლებლები, ან ფსიქოლოგები ჰყავს სკოლებს. ძირითადი მიზეზი არის იქ, სადაც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, პროცესების არენა არის ტელევიზია, რასაც ძალიან ხშირად მიჯაჭვული არიან ბავშვები?
– აი, ეს პოლიტიკური არენა, სადაც სულ დაძაბულობაა, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობაა, აგრესიულობა, მთელი ეს ემოციები გადმოდის ჯერ მშობლებზე და მერე ბავშვებზე, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებენ. მთელი საზოგადოების სტრესი მერე უკვე ბავშვებში ასეთი სახით ნახულობს გამოვლინებას. კარგია, პოლიტიკოსები თავიანთ თავზე თუ დაფიქრდებიან, ასევე იმაზეც, რომ საზოგადოებაში არ შექმნან ზედმეტი დაძაბულობა და სოციალური სტრესი, თუ არ უნდათ, რომ ეს ბავშვებზე ტრაგიკულად აისახოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ამაზე დაფიქრება ჯობია, ვიდრე ამ ტიპის მოვლენებით ხელახალი დაძაბულობის კერების შექმნა.
მოზარდის გარდაცვალების საქმე უკვე გახდა პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზი. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ არ დაუშვას ამ თემის პოლიტიზირება, საქმე ეხება 15 წლის მოზარდს, მით უმეტეს, რომ ვხედავთ არასრულწლოვანი ბავშვები, სამწუხაროდ, მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ...
– აგრესიულობა, დაძაბულობა და ის კლიმატი, რომელიც შემზადდა დღევანდელ გარდამავალ თაობაში, ის უფრო ადრე არის დაწყებული და გვახსოვს ჩვენ წინა ხელისუფლება. ასე რომ, ხელის გაშვერვა ამა თუ იმ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებზე, არ ღირს. შეცდომები მმართველობაში დღევანდელი ხელისუფლების ძირითად ოპონენტებსაც აქვს დაშვებული.
ვახსენე ფსიქოლოგების საკითხი სკოლებში, არანაკლები ინტესივობით არის საჭირო ფსიქლოგები პოლიციაში. ახლა საკმაოდ გავრცელებულია ტრენინგჯგუფები კომერციულ სტრუქტურებში, ჩემი ბევრი ახლობელი ფსიქოლოგი მუშაობს ბანკებში, ან სავაჭრო დაწსებულებებში, რომ სწორი ურთიერთობა შეეძლოთ მომხმარებელთან. პოლიციას არ სჭირდება ტრენინგი იმისათვის, რომ სწორი ურთიერთობა შეეძლოს ადამიანებთან?
აი, ამ მცირე მონაკვეთზე ვამბობ. აღარ ვამბობ სამეცნიერო რესურსზე, მაგრამ გამოძიების ეტაპზე ფსიქოლოგების ჯგუფი გასაფართოებელია პოლიციაში. გასაგებია, რომ ეს პოლიციის ზოგადი პრობლემებია, მაგრამ ის პრობლემა, რაც ბავშვებთან დაკავშირებით იჩენს თავს, ეს იმის შედეგია, რომ პოლიციელებმა ურთიერთობა არ იციან.
ადამიანთან ურთიერთობა თანდაყოლილი თვისება არ არის, მას სწავლა სჭირდება და სწავლობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არ ვიცი საქართველოში რა ხდება. ამას უნდა მიექცეს ყურადღება, მარტო პოლიციისთვის არ არის წამგებიანი, მთელი საქართველოსთვის, გაუბედურებული მშობლებისთვის არის ტრაგიკულად დამღუპველი პოლიციელის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა.
მით უმეტეს, რომ არც ერთ შემთხვევაში გამოძიებას არ აქვს შედეგი. თითქოსდა ეპიდემიის სახით ვრცელდება მოზარდებში თვითმკვლელობის ფაქტები...
– გეთანხმებით. თვითმკვლელობა და ბევრი რამ ატარებს ე.წ. ფსიქოლოგიური ეპიდემიის ხასიათს. თვითმკვლელობების რაოდენობა მიგვთითებს, რომ პრობლემა არის. გამოძიება მივიდა თუ არა შედეგამდე, ეს უკვე ის საკითხია, რომელიც გამოძიების ავკარგიანობაზე მეტყველებს, თითონ პრობლემაზე არაფერს ამბობს.
გამოძიება არ გვივარგა და ეს არის პრობლემური, მაგრამ თვითმკვლელობების ეს რაოდენობა უკვე მიგვითითებს, რომ ემოციური ფონი არის სტრესული. ადამიანი, რომელიც განიზრახავს თვითმკვლელობას, თუ გადარჩა, მერე ის ფსიქიატრთან მიჰყავთ, იმიტომ რომ, თუ ძირითად ინსტიქტს აბიჯებს ადამიანი, რასაც სიცოცხლის სიყვარულის ინსტიქტი ჰქვია, ე.ი. მისი ფსიქიკა არ არის წესრიგში. რახან ამდენი ბავშვი ადვილად ხელყოფს თავის სიცოცხლეს, ე.ი. მათი ფსიქიკური მდგომარეობა არ არის წესრიგში.
არ არის წერიგში, ანუ ამას ჰქვია დეპრესია?
რა თქმა უნდა, რაც არის თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზი, ამას უნდა მიხედვა. ჟურნალისტურ დონეზე გაკეთებული გამოკითხვა ყურადღების მისაქცევად საჭიროა.
სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს მოზარდების თვითმკვლელობის საკითხი. შემთხვევით არ მიხსენებია, რომ მოზარდების თვითმკვლელობის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ უნდა იყოს ფსიქოლოგებთან ერთად გაარკვიოს, რა ხდება და რა არის მდგომარეობიდან გამოსავალი?
– სრულიად მართებულად სვამთ საკითხს, მაგრამ მე ცეცხლზე ნავთს დავასხამ კიდევ, იმიტომ, რომ ზუსტად ანალოგიური პრობლემაა და ანალოგიური ძირი აქვს ნარკომანიას. სულ ერთხელ მიგვიწვიეს მე და იაგო კაჭკაჭიშვილი შსს–ში, სულ 5 თანამშრომელი შეგვხდა. თვლიდნენ, რომ მათ აქვთ სალაპარაკო ნარკომანიაზე და კითხვებს არ გვისვამდნენ. რამეს თუ ვიტყოდით, კი მოგვისმენდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარ საკითხად მიაჩნიათ. ამ დროს ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. ისინი, წესით, ერთ–ერთი შემსრულებელი რგოლი უნდა იყვნენ. თქვენ მკითხეთ, რისი ბრალია ნარკომანიის საკითხი და რატომ დავამატე თვითმკვლელობებს? – იმიტომ, რომ თვითმკვლელობებმა თავი სხვა ასაკში გამოავლინა, უფრო მოზრდილ ასაკში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებელია ფსიქოლოგების ჯგუფის მუშაობა პოლიციაში. მხოლოდ დასჯა არ არის გამოსავალი. ეს ნიშნავს, რომ პოლიციის უკულტურობაა ჩვენი პრობლემა, არ იციან პროცესების მართვა, უკულტურო ხელისუფლებები გვყავს. სამწუხაროდ, მშობლებიც უკულტურო გვყავს, ეს არის დიდი უბედურება.
როდესაც მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვს პრობლემა აქვს, უნდა წიაყვანოს ფსიქოლოგთან, ფსიქიტრთან, რომ ხელი შეუწყონ მის გადარჩენას. ასე რომ, აქ ბევრი ტიპის უკულტურობა იკვეთება. პრობლემების გადაწყვეტის კულტურად გვაქვს პოლიცია, ან მასწავლებელი. სხვა ტიპის ცოდნა არ გვაქვს, ამ ცოდნის მფლობელს, ფსიქოლოგს, ან ფსიქიატრს არ ვეძახით.
როგორც აღმოჩნდა, პოლიციის ზეწოლის ქვეშ იყო 15 წლის მოზარდი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება სკოლის ბრალეულობა? მასწავლებელმა ვერ შეამჩნია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერც ოჯახმა, ვერც გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელსაც მოზარდმა უთხრა, რომ ცუდად იყო, თუმცა ექიმის დახმარებაზე უარი უთხრა..
– დაკითხვასაც თავისი სტილი აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაკითხვის სტილში იყო პრობლემა. დედის შეგინება, ძალადობა, მუქარა და შანტაჟი ძმით. რთული ხასიათის ბავშვს მეტი რა უნდა, კიდევ უფრო გაურთულდება მდგომარეობა. ძალადობის ელემენტი დაკითხვაში, პოლიციის პრობლემაა, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ბავშვზე. სამწუხაროდ, პრობლემები ბევრია და მისი მოგვარების მცდელობები არ ჩანს.
ის, რომ პრობლემის მოგვარება არ ჩანს, ამან შეიძლება წაახალისოს ძალადობა ქუჩაში?
– რა თქმა უნდა, წაახალისებს. სარეველა ბალახს თუ არ გაკრიფავ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გადაფარავს. მოუვლელი პრობლემა თავისით არ შემცირდება. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს – შობადობა გვაქვს დაბალი, სიკვდილიანობა მაღალი. ანუ, განადგურების წინაშე მდგომი ერი ვართ. აი, ეს მოუგვარებელი პრობლემები იქნება, რომელიც მიგვიყვანს ამ რეალობამდე.
როგორ ფიქრობთ, მოზარდის გარდაცვალების საქმეში სახელმწიფო შეძლებს გამოცდის ჩაბარებას, თუ შეეცდება ისევ პოლიციის მუნდირის ღირსების დაცვას?
– არავითარი მუნდირი, რა დროს მუნდირია?! ხომ ითმენდნენ თავში დარტყმას, როცა უბრძანეს, ხელი არ გაანძრიოთო, იდგნენ გაუნძრევლად. როცა უთხრეს, რომ რეაქცია მიეცითო, მერე გაეკიდნენ და სადარბაზოებშიც უვარდებოდნენ აქციის მონაწილეებს. ანუ, ბრძანებას აქვს მნიშვნელობა. თუკი უბრძანებენ, რომ ბავშვთან სხვანაირად მოიქეცით, გაუფრთხილდით, გაუფრთხილდებიან, მეტი გზა არ ექნებათ.
მაგრამ, ეტყობა, ეს ბრძანებაც არ აქვთ, ეტყობა თავიდან იწყება პრობლემა, თავშია პრობლემა, ბრძანების გაცემაშია პრობლემა. ე.ი. ამ შემთხვევაში ინსტრუქცია არ ჰქონდათ მიცემული იმაზე, რომ ბავშვთან სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არავითარი მუნდის დაცვაზე ფიქრი. მაგრამ, მარტო დამნაშავის დასჯა არ იქნება საკმარისი. უნდა გადაისინჯოს ყველა ის ინსტრუქცია, ბრძანებები, წესი, რომელმაც მოამწიფა ამ ტიპის შეცდომების დაშვება.