ლუკა სირაძის საქმეში დამნაშავეთა წრე ფართოვდება

ლუკა სირაძის საქმეში დამნაშავეთა წრე ფართოვდება

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეზე მისი მხდიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. ჩოლოიანის ადვოკატის თეონა გვაზავას ინფორმაციით, მოზარდის გამოკითხვა მშობლის თანდასწრებით მიმდინარეობდა. ამასთან, გვაზავა ირწმუნება, რომ არა თუ მარიანა ჩოლოიანის, არამედ არც ერთი სხვა პოლიციელის მხრიდან პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანის მიმართ არ განხორციელებულა იძულების, მუქარის თუ სხვა კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება.

„იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა გამომძიებლისა და საგამოძიებო ორგანოდან იძულების, ან ზეწოლის ფაქტი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აღნიშნულის შესახებ დაეფიქსირებინათ და შეეტანათ შესაბამისი შენიშვნები, რაც დაფიქსირებული არ არის არათუ იმ პირველ დღეს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, არამედ მეორე დღესაც. მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტა პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები“, – აცხადებს თეონა გვაზავა.

მარიანა ჩოლოიანის მეორე ადვოკატის არჩილ შაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეულია და ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. როგორც მან ჟურნალისტებს ჩოლოიანის კლინიკაში მონახულების შემდეგ განუცხადა, მას კომუნიკაციაც უჭირს და აქვს ნევროზული ფონი.

„მოზარდი მშობლის გარეშე გამოკითხვაზე არ ყოფილა. როცა ბავშვს გაესაუბრა ხელმძღვანელი, მშობელი იყო 5 მეტრში. ალბათ, იქნება ამოღებული ვიდეომასალა, რაც განყოფილებაში არსებობს და შესაბამისად, იქიდან ნათელი გახდება რეალურად რა ხდებოდა განყოფილებაში. ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როცა საქმის მასალებს გავეცნობი სრულად, შემდეგ ვისაუბრებ,“ – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის ლუკა სირაძე მე–9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები – „ამ ცხოვრების დედაც“, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ეჭვმიტანილად კი სკოლამ ლუკა სირაძე დაასახელა, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს.

ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მათი თქმით, სწორედ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი იყო ის გამომძიებელი, რომელიც 15 წლის მოზარდს აიძულებდა ჩვენების მიცემას, რომ წარწერა მისი გაკეთებული იყო. ოჯახის წევრების განცხადების მიუხედავად, რომ მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, საპასუხოდ შს სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა არასრულწოვანზე ზეწოლას.

როგორც ირკვევა, საქმეში ასევე იკვეთება კიდევ ერთი არასრულწლოვანის მიერ თვითმკვლელობის ფაქტი. კერძოდ კი, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა. თოლორაიას თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერი პირი, ვისთან მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა.

„ჩვენ მართლა 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა.

პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული“ , – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი აცხადებს, პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თოლორაიას განცხადებით, მოწმეებს შორის არიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე სკოლის მასწავლებლები.

„გარემოებები, რომლებიც ბავშვებისთვის მისაღები და სასურველი არ არის, იკვეთება სკოლაშიც. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა პოლიციაშიც. შესაბამისად, მოწმეთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები, ასევე, იკითხება ყველა მასწავლებელი და მოსწავლე“ , – აცხადებს ლონდა თოლორაია.

თავის მხრივ, „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური აცხადებს, რომ სკოლის ყოფილი მოსწავლის, 15 წლის მოზარდის საქმეზე მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაწოდა. დავითური ახლა ამბობს, რომ სკოლაში მომხდარი ინციდენტი ადმინისტრაციული საქმე იყო.

„ჩვენი გადასახედიდან, ეს იყო ადმინისტრაციული საქმე. არ იყო ისე, რაიმე ზეწოლა მომხდარიყო, კრიმინალი ყოფილიყო. პოლიციას აქვს თავისი დღის წესრიგი. ის, რომ ეს იყო არასრულწლოვანი და მოდი, მე აღარ ვიჩივლებ – ეს დღის წესრიგში არ იდგა. გვინდა, გამოძიებამ გასცეს პასუხი, რა მოხდა.

არ მინდა, ჭორებით ვისაუბრო. მე რაც ვიცი და ვიცოდი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ყველაფერი ვთქვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არის, გამოიძიოს ეს საქმე, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს. ჩემი ფუნქცია არის, რომ ბავშვები დავიცვა, ვინც ვერ დავიცავით სახელმწიფომ, ჩვენ, პირადად მე“, –განაცხადა კახა დავითურმა, რომელმაც არ იცის, „მწვანე სკოლის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ, გოგონამ სცადა თუ არა თვითმკვლელობა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა, ადგილი ჰონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას. მისი თქმით, საეჭვოა დრო და გამოკითხვის ხანგრძლივობაც.

„გამოკითხვა სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდა, რაც არღვევს კანონმდებლობას. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მთელი რიგი გარემოებები იკვეთება, რაც მიანიშნებს, რომ არ იყო ძალადობისაგან თუ ფსიქოლოგიური იძულებისაგან თავისუფალი გარემო. პოლიციაში გამოკითხვის დროს არასრულწლოვანთა დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებით სტრესი იყო.

პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის დროს, ლუკა სირაძის გარდა, კანონონის მოთხოვნები სხვა არასრულწლოვანების მიმართაც დაირღვა. როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვანებზე, ვგულისხმობ ლუკასაც და სხვა ბავშვებსაც, რომელთა გამოკითხვაც ჩატარდა პოლიციაში და რომელთა მიმართაც დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ვფიქრობ, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება ბავშვების“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანი 9 წლიანი რეჟიმის არა ერთი ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობით. ერთ–ერთი არის ე.წ. „ყინწვისის საქმე“. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, კახა კოჟორიძე, რომელიც მაშინ საიას თავმჯდომარე იყო, აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში არსებობდა კითხვის ნიშნები იმის შესახებ, რომ ჩვენების მიღების მიზნით, ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას.

„ჩემთვის ცნობილია „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმე, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ ეს ამბავიც, ერთი კონკრეტული ამბავიც მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე. როდესაც ამ გამომძიებელმა წლების წინ, გამოძიების პროცესში სისტემური გადაცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, იმის ნაცვლად, რომ სისტემას გამოეძიებინა, არც წინა და არც ამ ხელისუფლების დროს, ამის გამოძიება არ მოხდა.

სწორედ ამიტომაც წავიდა ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ, ეს ადამიანი კვლავ ინარჩუნებდა თავის პოსტს მანამ, სანამ ტრაგედია არ მოხდა.

ამ საქმეში იმთავითვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომ აქ ჰქონდა ადამიანების წამებას ადგილი ჩვენების მიღების მიზნით და ამ საქმეში იმთავითვე იყო მთელი რიგი ხარვეზები, რითაც უფლებადამცველები იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საქმე წინა ხელისუფლების დროს მოხდა და ამ ხელისუფლებამ აქ არანაირი გამოძიება არ ჩაატარა“, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

რაც შეეხება 2011 წელს, ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაკავებულ ნიკა გოგუაძეს, ის ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. როგორც გოგუაძე აცხადებს, ის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩულოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა.

 

სოციალისტი როგორც ირკვევა, საქმეში ასევე იკვეთება კიდევ ერთი არასრულწლოვანის მიერ თვითმკვლელობის ფაქტი. კერძოდ კი, საუბარია არასრულწლოვან FOR.GE -ს თქვენ მაინც ნუ აყვებით საერთო ვაკხანალიას.
აბა ნახეთ რა დაწერეთ - როგორც ირკვევა, საქმეში ასევე იკვეთება კიდევ ერთი არასრულწლოვანის მიერ თვითმკვლელობის ფაქტი. კერძოდ კი, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა."
ე.ი. კიდევ ერთი 15 წლის გოგოს მოუკლავს თავი??!!
4 წლის უკან
სოციალისტი ან ეს რაღაა?!! "გამოკითხვა სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდა"... ახლა ღამდება 18 საათზე. ღამეა 19 საათიც და დილის 4 -იც! თანაც ასეთ მძიმე სიტუაციაში, რას ქვია სავარაუდოდ?!
4 წლის უკან
სოციალისტი ამ კახა კოჟორიძის გამონათქვამებს რატომ უკეთებთ ტირაჟირებას. ეს პიროვნება არის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მართული. ასევე შევიდა ხელისუფლების დასამხობად ჩამოყალიბებულ "ლელო"-ში. ლელოს წევრია!!! ის როგორ შეიძლება იყოს ობიექტური, როცა პირდაპირ დავალებული აქვს ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსთან. რაც მეტ ტალახს ესვრის პარლამენტს, პოლიციას, სკოლას ... მით მეტ ანაზღაურებას მიიღებს საკუთარი უფროსობისგან!
4 წლის უკან