„Veni, Vidi, Vici“ („მივედი, ვნახე, დავამარცხე“), - ამ სიტყვებით აღწერა მხედართმთავარმა იულიუს კეისარმა პონტოს წინააღმდეგ ლაშქრობა და გამარჯვების ნიშნად ეს სამი სიტყვა მისწერა რომს.
„არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვექნება“, - ეს საქართველოს მთავარსარდლის სამი სიტყვაა, რამაც ჩვენი საზოგადოების ნაწილი შოკში ჩააგდო.
ამ სკანდალურ ნათქვამს ჩვენმა ხალხმა შემდეგი სიტყვათწყობა დაუპირისპირა: „ჯარი გვყავს, მთავარსარდალი არა“.
ცალკეული ადამიანები ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბრობენ და მისი ნათქვამის მიღმა მოღალატეობრივ, კაპიტულანტურ პოზიციას ხედავენ, რაც ქართული ჯარის დემორალიზაციას იწვევს და ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს. თუკი იმპიჩმენტი დღის წესრიგში დადგა, მაშინ ზურაბიშვილი შეიძლება საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს.
„იმპიჩმენტი ამ არსებისთვის ბაირამობაა, ღალატისთვის უნდა გასამართლდეს“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს მთავარსარდლის იმპიჩმენტს ითხოვენ. ჯერ კიდევ სექტემბერში პრეზიდენტის მიერ პატიმრების სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით დადგა პრეზიდენტის იმიჩმენტის საკითხი. იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ მხცოვანი დეპუტატი რევაზ არველაძე არ მალავდა, რომ, თუ დღის წესრიგში პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, იგი ამას მხარს დაუჭერდა. მმართველი გუნდიდან არველაძე ერთადერთი იყო, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდა.
ამჯერად კი ოპოზიცია, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები, სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პირველ პირს ქართული ჯარის შესახებ მის მიერვე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ.
რამდენად რეალურია იმპიჩმენტზე საუბარი ზურაბიშვილთან მიმართებით?!
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარია სასაცილოა, რადგან ყველაფერი შედარებითია. ამერიკისა და რუსეთის ჯართან შედარებით ჩვენ რომ ჯარი არ გვყავს, ამაში ეჭვი ვინმეს ეპარება?
„უბრალოდ, მთავარსარდლის პირიდან ეს ნათქვამი ცუდად ჩანს, თორემ იქ ერთი სიტყვა რომ ჩაემატებინა მაგ ადამიანს და ეთქვა, ძლიერი ჯარი არ გვყავსო, ყველაფერი თავის ნორმაში იქნებოდა. რეალურად, რას ნიშნავს მისი ნათქვამი, საერთოდ არ გვყავს ჯარი? სინამდვილეში, ჯარიც გვყავს, ეკონომიკაც გვაქვს, მაგრამ არა იმ მასშტაბის. მე მგონია, ხელოვნურად გაბერილია ეს თემა და იმპიჩმენტის საკითხის დასმას არ ვეთანხმები. არც ის მგონია, რომ თუნდაც სკანდალური შეწყალებების, ან სხვა საკითხების გამო დაგროვდა ზურაბიშვილის წინააღმდეგ ასეთი განწყობა. უბრალოდ, ეს მავანთა მხრიდან პიარია და ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტევა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გრიგოლ ვაშაძემ წააგო არჩევნები“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
მისივე მოსაზრებით, ეს „ნაცმოძრაობისა“ და მათი მომხრეების ხელწერაა, მათ სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს ზურაბიშვილი არარაობა და ქვეყნის მტერია. ამდენად, საკითხი ხელოვნურად გაბერილია. ამის მიუხედავად, უფლებადამცველს მიაჩნია, რომ არასასიამოვნო გამონათქვამები, თუ ქმედება სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს, მაგრამ ეს იმპიჩმენტის საფუძველი არ შეიძლება გახდეს. მით უმეტეს, რეალურად პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია.
უფლებადამცველი ლია მუხაშავია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იმპიჩმენტი მხოლოდ ქართული ენის უცოდინრობის გამო არ უნდა დადგეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთლად ენის უცოდინრობით არ უნდა იყოს გამოწვეული ის გამონათქვამები, რომელიც ამ ქალს ახასიათებს.
„მას კი არ წამოსცდა, შემთხვევით ეს სიტყვები ქართული ჯარის შესახებ, არამედ განზრახ და სრული პასუხისმგებლობით განაცხადა ასეთი რამ. ეს არ არის ჩემი მეზობელი დიასახლისი, რომელიც რაღაცას იტყვის და პასუხს არ აგებს ამაზე, ეს არის ამ ქვეყნის მთავარსარდალი და, როდესაც ჯარზე ამბობს იმას, რაც თქვა, ამისთვის აბსოლუტურად სავალდებულოა, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. მას რომ შერჩა, რაც გააკეთა შეწყალებებთან დაკავშირებით, სწორედ ამან გამოიწვია, რომ ახლა უარესს აკეთებს. ამით ის პირდაპირ ძირს უთხრის „ქართულ ოცნებას“. ამიტომ „ოცნებას“ საკუთარი ტყავის გადასარჩენად ურჩევნია, ეს ქალი იმპიჩმენტის წესით მოაცილოს პრეზიდენტობიდან“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური პირველი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სწორედ მთავარსარდალმა უნდა აჩვენოს, როგორ სცემს პატივს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, თავის ჯარისკაცებს და მთლიანად თავდაცვის უწყებას. ზურაბიშვილის განცხადება კი ისეთი რამ არის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.