ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სპეცრაზმელის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სპეცრაზმელის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ თანამშრომლის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი. ამის შესახებ რუსულ მედიას ატამბაევის ადვოკატმა ზამირ ჟოოშევმა განუცხადა.

„გამოძიების მტკიცებით, სპეცრაზმელი უსენბეკ ნიაზბეკოვი სნაიპერული შაშხანიდან გასროლით მოკლეს, თუმცა მანამდე შსს აცხადებდა, რომ ნიაზბეკოვს „კალაშნიკოვის ავტომატიდან“ ესროდნენ. საგამოძიებო ორგანოების პოზიციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ადვოკატმა.

უსენბეკ ნიაზბეკოვი 7 აგვისტოს, ატამბაევის რეზიდენციის შტურმისას მოკლეს, როდესაც სამართალდამცველები ყოფილი პრეზიდენტის დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებდნენ.

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი კორუფციის, მკვლელობის და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მუხლებით წარუდგინეს. 8 აგვისტოს ატამბაევის დაკავების გასაპროტესტებლად ბიშკეკის ქუჩებში 1000-მდე ადამიანი გამოვიდა, პოლიციამ კი საპროტესტო აქცია ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა.

ალმაზბეკ ატამბაევი ორდღიანი შტურმის შემდეგ დააკავეს. პირველი მცდელობისას სპეცრაზმმა მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან იქ შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მათ წინააღმეგობა გაუწიეს. დაპირისპირებისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.