„კლანის სურვილია, მთლიანად დაიპყროს სასამართლო, კლანი ახერხებს კიდეც და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს“

„კლანის სურვილია, მთლიანად დაიპყროს სასამართლო, კლანი ახერხებს კიდეც და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს“

მოსამართლეობის ვერც ერთმა კანდიდატმა მორალური ტესტი ვერ გაიარა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ 14 მათგანს მხარი მაინც დაუჭირა და მხოლოდ 5 მათგანის კანდიდატურა ჩააგდო. საუბარია თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის კანდიდატურებზე. რაც შეეხება უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებს, მათ შესახებაც, ასევე, არის შეკითხვები. 

რა მიზანს ემსახურება ამ მოსამართლეების უვადოდ გამწესება უზენაეს სასამართლოში? ამის შესახებ For.ge-ს  იურისტი ლია მუხაშავია ესაუბრა.

არავინ მოელოდა, რომ ამ მოსამართლეებს იმდენი ღირსება ექნებოდათ, საკუთარ კანდიდატურებზე უარს იტყოდნენ. მათ წამოაყენეს თავიანთი კანდიდატურები, მაგრამ ჯერი პარლამენტზე იყო, გაიყვანდნენ თუ არა. როგორ ფიქრობთ, პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ ეს მოსამართლეები უკვე გადმოიბარაქართულმა ოცნებამდა .. კლანის სია უკვე დამტკიცებულია?

- მეც მაინტერესებდა ამ მოსამართლეების დამოკიდებულება წარსულის მიმართ, განსაკუთრებით, მათი დამოკიდებულება, ვინც ახლაც მისამართლეა, ან სააკაშვილის დროს იყო მოსამართლე. ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ ისინი არ აღიარებდნენ ზეწოლის ფაქტებს სასამართლოზე. ისინი ამ ზეწოლას ვერ, ან არ უძლებდნენ, ჩაყოლას ამჯობინებდნენ ჩათრევას და არც ერთი მათგანი არ აფასებდა ნეგატიურად წარსულ პერიოდს. მათი მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ წინა პერიოდის უარყოფითი შეფასება. ამდენად, თუკი მათ საკუთარ შეცდომებსა და დანაშაულზე სინანული არ გამოხატეს, ეს ნიშნავს, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ ისიც კი გაუჭირდათ, კომპეტენტურობის მინიმალური დონე ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის. ასეთ ვითარებაში პარლამენტმა კბილებით გაათრია 20 კანდიდატურა, რაც საშინლად აღმაშფოთებელია. ეს ნიშნავს, რომ „ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი და აპირებს მოსამართლეები ნებისმიერ ფასად დანიშნოს. ეს მოსამართლეები იმისთვის სჭირდებათ, რომ, როდესაც „ოცნება“ გააყალბებს არჩევნებს, ამ მოსამართლეებმა თქვან, არ გაყალბებულაო; როცა „ოცნება“ ჩაიდენს დანაშაულს, ან უკანონოდ დაიჭერს ვინმეს, ამ მოსამართლეებმა თქვან, რომ ეს არ არის პოლიტპატიმარი და ა.შ. ვითარებას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ეს მოსამართლეები უზენაეს ინსტანციაში უვადოდ ინიშნებიან.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისთვის ეს კანდიდატები მნიშვნელოვანია. თუმცა სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ კანდიდატებად 3-4 რომც შეერჩიათ, ესეც საკმარისი იქნებოდა. რამდენად საჭირო იყო ძველი მოსამართლეების ასეთი მასშტაბით გადმობარება?
- რაოდენობასთან დაკავშირებით მე სხვა აზრის ვარ და თანახმა ვარ, რომ დაინიშნოს 20-იც და უფრო მეტი მოსამართლეც, რადგან დღეს უზენაეს სასამართლოში კატასტროფული მდგომარეობაა, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციის მუხლს ეწინააღმდეგება. სისხლის სამართლის პალატაში გვყავს ერთადერთი მოსამართლე, სისხლის სამართლის სპეციალობით, და ეს არის გიორგი შავლიაშვილი. არადა, უზენაესში საქმეს იხილავს სამი მოსამართლე. თუ გიორგი შავლიაშვილს აცილების საფუძველი აქვს, ან თვითაცილებას განაცხადებს რომელიმე საქმეზე, გამოდის, რომ მაშინ უზაენაესში სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებზე უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილება არაკომპეტენტური სასამართლო შემადგენლობის მიერ იქნება გამოტანილი. ეს საკითხი უკვე გავასაჩივრე სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ მან ვერ მოახერხა სასამართლოს დაკომპლექტება, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და დანიშვნა ისე, რომ შექმნილიყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო. მართლმსაჯულების უხარვეზოდ და თანაბარი ტემპით მიმდინარეობისთვის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეებია საჭირო და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამის ნაცვლად მივიღეთ ის, რომ პარლამენტმა შექმნა კრიტიკული სიტუაცია, როცა, თუ არ დანიშნავ უზენაესის მოსამართლეებს, ვაია და, თუ დანიშნავ, ვუია. პირველ რიგში, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და მას ვერაფერი გაამართლებს იმაში, რომ სიტუაცია აქამდე მივიდა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა კვლავაც  ვაკანტურია. უზენაესის მოსამართლედ შალვა თადუმაძის უვადოდ გამწესებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თადუმაძისდროინდელი მთავარი პროკურორობის პერიოდს უღიმღამოდ მიიჩნევენ, რამდენად აუცილებელი იყო შალვა თადუმაძის გადაყვანა უზენაესში, მით უმეტეს, მისი დიპლომიდან, თუ უდიპლომობიდან გამომდინარე?

- ეს უზარმაზარი სკანდალია. დიპლომის არსებობაში რომც არ შევიტანოთ ეჭვი, უბრალოდ, მის კეთილსინდისიერებასა და კვალიფიციურობაში რაიმე მცირედი ეჭვიც რომ გაჩნდეს, ის არ უნდა იყოს წარდგენილი უზენაესში მოსამართლეობის კანდიდატად. საქართველოში ყველა დარწმუნებულია, რომ თადუმაძეს კვალიფიციური იურისტის დიპლომი არ აქვს, მაგრამ  ის მაინც თავხედურად ამბობს, თქვენ არ წარმოგიდგენიათ მტკიცებულება, რომ მე დიპლომი არ მაქვსო. თურმე ისევ ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ მას დიპლომი არ აქვს. გარწმუნებთ, თუ თადუმაძე გავა უზენაეს სასამართლოში და, მით უარესი, თუ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, ეს საშინელი სკანდალი იქნება, რადგან ყველა ადვოკატს, რომელიც გამოვა კონკრეტულ საქმეზე, სადაც თადუმაძე იჯდება (როგორც უზენაესი სასამართლოს პალატის წევრი), უფლება ეძლევა, აცილება დაუყენოს მას, მისი დიპლომიდან გამომდინარე, რომელიც გასაჯაროვდა. მის მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, როგორც ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რადგან არაკომპეტენტური სასამართლოს შემადგენლობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუკი ერთი მოსამართლის კვალიფიციურობა და მიუკერძოებლობაც კი ეჭვს იწვევს, მაშინ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ითვლება კანონიერად. თუკი პარლამენტს და მოქმედ პოლიტიკურ მმართველ ძალას არ აქვს მისთვის რაიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით, მაშინ რატომ ცდილობენ მათ გაყვანას უზენაეს სასამართლოში?! თადუმაძე ხომ დანიშნეს და შეირგეს ქვეყნის პირველ პროკურორად, როცა მას დიპლომი არ ჰქონდა?! ახლა მისი გაყვანა უზენაეს სასამართლოში და, სავარაუდოდ, უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ამ ქვეყანას ხომ სამართლებრივ კოლაფსში ჩააგდებს?

თამარ ალანია, შოთა გეწაძე, ლაშა ქოჩიაშვილი - ამ ადამიანების წარსული ადასტურებს, რომ .. კლანი მიზანმიმართულად ცდილობდა უსამართლო მოსამართლეების გადარჩენას. მათ ჰქონდათ რაიმე მორალური უფლება, უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის ებრძოლათ?

- მორალური კი არა, საერთოდ არანაირი უფლება არ ჰქონდათ. არასამთავრობო ორგანიზაციები ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კლანი მართავს სასამართლო სისტემას და ახლაც კლანის სურვილია, მთლიანად დაიპყროს სასამართლო. როგორც ხედავთ, კლანი ახერხებს კიდეც ამას იმით, რომ უზენაესში ალანიას, ჯეირანაშვილს, გეწაძეს და მსგავს კანდიდატებს წარადგენს. ვერანაირმა პროტესტმა ეს კანდიდატები ვერ დაბლოკა. ეს კლანი მართლაც ქმედითია, თავის სასარგებლო შედეგებს დებს და მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ. ამ ქვეყანაში არავინ ფიქრობს სასამართლოს ნდობის ამაღლებაზე, ან ნდობის შექმნაზე.

გვანცა ყუფარაძის, მუხროვანის საქმეებზე რომ არაფერი ვთქვათ, თამარ ალანია სასამართლოს ერთ მარტივ წესსაც ხშირად არღვევდა, რომ მას, როგორც სისხლის სამართლის მოსამართლეს, არ უნდა მიეღო მონაწილეობა სამოქალაქო საქმეებში, რაც სასამართლოს პრინციპს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა.   

- დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 2012 წელს ვცდილობდი,  მოსამართლეთა საქმიანობის კრიტერიუმები შემომეტანა მათი დანაშაულის თუ უდანაშაულობის მიხედვით, თუ რა საქმეები ჰქონდათ განხილული და რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ გამოტანილი. ისეთი საქმეები, რომლებზეც ევროსასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ დარღვეული იყო ევროკონვენცია, ის საქმეები, რომლებიც ჩვენი და საერთაშორისო, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში დარღვევის ნიმუშებად მოხვდა, ნიშნავს, რომ ამ საქმეების მოსამართლეების წარდგენა და დასახელება არაფრით შეიძლებოდა. უფრო მეტიც, მათთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი. ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ ევროსასამართლოში წაგებული საქმის შემდეგ, როდესაც ცალკეული საქმე შიდა სასამართლოში გადაისინჯება და  „ნაცების“ დროს გამტყუნებული პირის შესახებ ჩვენივე სასამართლო იტყვის, რომ იგი გამართლდა, ამ საქმის შემთითხვნელი ყველა პირი-პროკურორი, მოსამართლე, გამომძიებელი პასუხისგებაში მიეცეს.

ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უდანაშაულო პირებმა რამდენიმეწლიანი პატიმრობა ციხეებში მოიხადეს. მარტო ფულადი თანხის სახით კომპენსაციის გადახდა არ ნიშნავს მათი ზიანის ანაზღაურებას. როდესაც ერთი პრეცედენტი შეიქმნება და დამნაშავე პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე მიეცემა პასუხისგებაში, როდესაც სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის გარდა მათ დაეკისრებათ იმ თანხების გადახდა, რაც დაზარალებულმა კომპენსაციის სახით მიიღო, მაშინ ყველა მოსამართლე გაფრთხილდება და არ მოაწერს ხელს უკანონო განაჩენს. მაშინ არავინ არ დაუდასტურებს გამამტყუნებელ ბრალს პროკურორს, როცა ხედავს, რომ ნაწამებია პატიმარი.

შესაძლოა, ცალკეულმა საქმეებმა სტრასბურგამდე ვერ მიაღწია, მაგრამ არის ისეთი საქმეებიც, სადაც მოსამართლეთა მხრიდან უკანონობა აშკარაა. ამ საქმეების გადახედვაზე რას იტყვით?

- ყველა მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, ვის მიერაც ადამიანის უფლებები შეილახა. საუბარია იმ საქმეებზე, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში მოხვდა, კერძოდ, „ჰუმან რაითს ვოტჩის“, „ამნესტი ინტერნეშენალის“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. ასევე, ჩვენი ადგილობრივი არასამთავრობოებიც ამ საქმეებს თავიანთ ანგარიშებში ასახელებდნენ, სახალხო დამცველიც ამ საქმეებს საკუთარ ანგარიშში ჩამოთვლიდა ხოლმე.