საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას გაცნობებთ, რომ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“, ძველი დასახელება შპს „მექანიზატორი“ ჩამოყალიბდა 2011 წ-ს. ამ წლების განმავლობაში მის განკარგულებაში, მთელი საქართველოს მასშტაბით იყო 13 სერვის ცენტრი, 1100-ზე მეტი ტრაქტორი, 100 კომბაინი (30 დაემატა 2018 წ-ს), დიდი რაოდენობით იმპლიმენტები და დამხმარე ტექნიკა. კომპანიაში მუშაობდა 1500-მდე ადამიანი.
2013 წლიდან, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამისა და სხვა ღონისძიებების შედეგად, მიუხედავად სხვა ქვეყნის მოქალაქეზე სამეურნეო მიწის გაყიდვის დროებითი აკრძალვის-მოროტორიუმისა, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა სასოფლო სამეურნეო მიწის ფასი.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი წილი შპს „მექანიზატორისაც“ იყო. მისი დიდი სერვისცენტრების შემოსავალი, ცალკეულ თვეებში, მილიონ ლარს აჭარბებდა (დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა).
ამგვარად, შპს „მექანიზატორის“ მეშვეობით 1500 ადამიანი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა და 1500 ოჯახის არსებობა-განვითარებაში საკუთარი წვლილი შეჰქონდა.
2016 წლიდან მკვეთრად შემცირდა შემოსავლები ერთ ერთეულ ტექნიკაზე და 2019 წლისათვის სასაცილო ნიშნულებამდე დავიდა.
თვალსაჩინოებისათვის შესაძლებელია გავიხსენოთ მრავალთაგან ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც, საუკეთესო შემთხვევაში, სხვა სერვისცენტრის ტერიტორიაზე გაგზავნილი კომბაინის 1 თვის მაჩვენებელი მხოლოდ 10, 7 ან 4 ჰექტარს შეადგენდა.
დაიწყო ძირითადი საშუალებების გაყიდვა. უკვე გაიყიდა თითქმის 800 ტრაქტორი და უამრავი იმპლიმენტი. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოქმედი ბრიგადებისა და მომსახურე ოპერატორების რაოდენობაც.
ძირითადი საშუალებების გაყიდვის პროცესშიც „კურიოზულ“ ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. ცნობილია შემთხვევა, როდესაც აუქციონზე „კონკურსის წესით“ გაყიდული ტრაქტორი, მესამე დღეს ოთხმაგ ფასად გადაიყიდა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, მსგავსი შემთხვევა მიზანმიმართული წესი იყო, მხოლოდ ზერელე დამოკიდებილებით გამოწვეული გამონაკლისი, თუ სხვა დაინტერესებას ჰქონდა ადგილი.
რის გამო მოხდა აღნიშნული რეგრესი, მენეჯმენტისა თუ ცალკეული თანამშრომლის უუნარობის, ანგარების, კეთილშობილი-საქველმოქმედო ამოცანების განხორციელების თუ სხვა რაიმე მიზეზებისა და მიზნის გამო - ჩვენ ეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რადგანაც ყველა საჭირო ინფორმაციამდე ხელი ნამდვილად არ მიგვიწვდება. თუმცა, როგორც ჩანს, ვითარების შესწავლისა და გაანალიზების სურვილი არც ერთ ზემდგომ თუ მაკონტროლებელ ორგანოს არ ჰქონია და არც აქვს.
როგორც მოვლენათა განვითარება მეტყველებს, დღევანდელ პირობებში, ნებისმიერი ტიპის აუდიტის დასკვნა ორგანიზაციის („სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“) განადგურება, დიდი ალბათობით, - ხელმძღვანელთა და ზემდგომთა ზეადამიანურ კეთილშობილებას დაუკავშირდება.
თუმცა, არსებულ ვითარებაში, რამოდენიმე დღეში, „მშვენივრად“ გაერკვნენ იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორობიდან „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების სამსახურში“ გენერალური დირექტორის პოსტზე გადმოყვანილი შოთა ჯოგლიძე და „საქართველოს ბანკიდან“ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე დანიშნული ილია თამარაშვილი. ჩვეულებრივი მოკვდავისაგან განსხვავებული ვუნდერკინდული თვისებებისა და უნარების წყალობით, მათთვის, მოკლე პერიოდში, ნათელი გახდა მექანიზაციის საკითხებში არსებული პრობლემები, გამოვლინდა 50-მდე, შედარებით დაბალ პოზიციებზე მომუშავე ადამიანი და გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად გათავისუფლდა სამსახურიდან ერთთვიანი მათხოვრული კომპენსაციით. მათ შორის არიან ცხრა შვილის მამა, სააკაშვილის სასამართლოსა და ბანკების მიერ უსახლკაროდ დატოვებული ადამიანი, ფერეიდანიდან ჩამოსული და აქ დაოჯახებული ქართველი...
ამგვარად, კიდევ 50 ოჯახი დარჩა უსახსროდ, ბუნდოვან რეალობაში, ბანკების პროცენტებისა და გაძვირებული საარსებო საშუალებების პირისპირ. რამოდენიმე ათეული თანამშრომელი უახლოეს დღეებში ელოდება განაჩენს. როგორც ჩანს, ამ ადამიანების ბედით, სახელმწიფო უწყებებიდან, ჯერჯერობით მაინც, არავის დაინტერესებულა.
ვითვალისწინებთ რა თქვენს მდგომარეობას, შესაძლებლობებსა და ავტორეტეტს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, გათავისუფლებულ თანამშრომელთა დიდი ნაწილის სახელით, გადავწყვიტეთ მოგმართოთ რამოდენიმე კითხვითა და წინადადევით:
- გთხოვთ გაერკვეთ და იქნებ ჩვენც გაგვარკვიოთ, რის საფუძველზე ხდება კომპანიაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომუშავე თანამშრომლების დათხოვნა და ახალი თანამშრომლების მიღება? რაიმე, მხოლოდ „რჩეულთა ვიწრო წრისათვის“ ცნობილი კრიტერიუმების გათვალისწინებით თუ ამგვარი დასკვნები ამოსავალი მხოლოდ შ. ჯოგლიძისა და ი. თამარაშვილის უბადლო ერუდიციის ნაყოფია?
- რატომ მოხდა უმეტესად ისეთი შედარებით დაბალი საფეხურზე მომუშავე და მცირე ხელფასის მქონე ადამიანების დათხოვნა, რომელთა გადაწყვეტილებები ვერანაირად იმოქმედებდა ორგანიზაციის განვითარებაზე (ანუ ორგანიზაციის გაკოტრებაში მათი ბრალი ნულოვანია), ხელფასის სიდიდე კი არანაირი რესურსის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა?
- არსებობს თუ არა იმის ანალიზი, რომ გაყიდული ტექნიკისა და შემცირებული სამუშაო ადგილების პარალელურად სადმე სხვაგან, ჩვენს ქვეყანაში, გაიზარდა ან შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, ან საერთოდ, რამდენი ერთეული ტექნიკა და იმპლიმენტი დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე და მაშინვე არ გადაიყიდა მეზობელ ქვეყნებში?
- შეისწავლა თუ არა ვინმემ შპს „მექანიზატორის“ კრახის მიზეზები და რატომ გადაწყდა, რომ დამნაშავენი დაბალ საფეხურზე მომუშავე თანამშრომლები არიან?
- რატომ არ იქნა ზომები მიღებული ორგანიზაციის წარუმატებელი მოქმედების საწყის, ან თუნდა შემდგომ სტადიაში ზემდგომი ან მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, თანაც მაშინ, როდესაც უარყოფითი მაჩვენებლები ზედაპირზე ტივტივებდა და რაც არ უნდა მოგენდომებინა, ამის არდანახვა შეუძლებელი იყო?
- ხომ არ არის შპს „მექანიზატორის“ დაშლა რამოდენიმე უწყების ცალკეული თანამდებობის პირთა ერთობლივი, არაჯანსაღი მოქმედების შედეგი, ხოლო თანამშრომელთა ახლანდელი შემცირება ამ არასასურველი მოქმედებებისა და მიღებული შედეგის დაფარვისა და მივიწყების მორიგი ეტაპი?!
- მიუხედავად იმისა, ორგანიზაციის განადგურება მოხდა კეთილშობილური მიზნებით თუ პრაგმატული გათვლების საფუძველზე, ანგარებით თუ გულუბრყვილობით, რამდენადაა დასაშვები ორმოცდათამდე ოჯახის საარსებო საშუალებების გარეშე დატოვება?
- რა სინდისით რჩება პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, როდესაც მისი უწყების რამოდენიმე ასეული ადამიანი და მათი ოჯახები ულუკმპუროდ, ბედის ანაბარა რჩება?
- რა სინდისით რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე უსაფრთხოების სამსახურის ძველი და ახალი უფროსები?! რისთვის არსებობს უსაფრთხოების სამსახურები თუ ქვეყანაში ორმოცდაათამდე ოჯახს ერთი ხელის მოსმით არსებობის საშუალებების გარეშე ტოვებენ?! თუ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ამ ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას შორის რაიმე გამყოფი არსებობს?! თუ ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილის პრიორიტეტია?
- რამდენად ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი არსებულ რეალობას?
ასევე, როგორც უკვე მოგასენეთ, მოგმართავთ რამოდენიმე წინადადებით:
- „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაში“ ახალი საშტატო განაკვეთის თითოეულ პოზიციაზე დაინიშნოს კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ კომპანიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებსაც. კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველი, კომპანიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთაგან, აღდგენილი იქნას შესაბამის თანამდებობებზე.
- გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილს, ვისაც სურვილი არ ექნება კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, გაეზარდოთ კომპენსაციის რაოდენობა გონივრულ ნიშნულამდე.
- გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილს, ვისაც თვითდასაქმების მიზნით შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს გონივრული ბიზნესგეგმა, მიეცეს საშუალო სიდიდის გრანტები საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად და თანადაფინანსების აუცლებლობის გარეშე.
ვფიქრობთ აღნიშნული წინადადებები მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისათვის, მით უმეტეს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვისს სააგენტოსათვის“, რომლის პირდაპირი დანიშნულება ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა და არა არსებულების ლიკვიდირება.
ბოლო ორი პოზიციისათვის თანხების მოძიება შესაძლებელი იქნება „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაში“ დარჩენილი ტექნიკის ოდნავ ნორმალურად მუშაობის პირობებშიც კი. თუ მსგავსი წინადადება ვინმეს არარეალურად მოეჩვენება, მზად ვართ ჩვენი მოსაზრება განვუმარტოთ, დავუსაბუთოთ და ავუხსნათ უბრალო არითმეტიკული გამოთვლებით.
ველით თქვენს პასუხს უმოკლეს პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ გამოვიყენოთ მშვიდობიანი პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმები.