ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

პარიზში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ, ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები დღეს პარიზში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის გზებზე იმსჯელონ.

როგორც DW წერს, შესაძლოა მოსკოვიც ისწრაფვოდეს დონბასში კონფლიქტის გადაჭრისკენ, მაგრამ უკრაინაში შიშობენ, რომ ამ მოლაპარაკებებში ზელენსკიმ შესაძლოა ბევრი რამ დათმოს. ამის გამო, კიევში გამართულ აქციაზე, მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: "არა კაპიტულაციას", "შორს დადექი მოსკოვისგან", "რუსული გაზი - ეს არის მარყუჟი ჩვენი კისრისთვის".

კიევში აქცია სახელწოდებით „შეაჩერე კაპიტულაცია“ ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა, მაშინ მოქალაქეებმა „შტაინმაიერის ფორმულა“ გააპროტესტა. „შტაინმაიერის ფორმულა“ დონბასში კონფლიქტის დარეგულირების კომპლექსურ გეგმას, რომელიც რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, მას შემდეგ რაც ამ ტერიტორიაზე ეუთოს დაკვირვების ქვეშ არჩევნები გაიმართება. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ეს სტატუსი დროებითი იქნება, ეუთოს მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ კი სტატუსი მუდმივი გახდება.

„ნორმანდიული ოთხეული“ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებს აერთიანებს. ფორმატის მიზანს უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის დარეგულირება წარმოადგენს, თუმცა 4 ქვეყნის ლიდერი ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს უკვე 3 წელია არ შეხვედრილან.

რუსეთი მოლაპარაკებების აღდგენის 2 პირობას ასახელებდა: უკრაინის მიერ „შტაინმაიერის ფორმულის“ ხელმოწერას და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალების გაყვანის პროცესის დაწყება. კიევმა ორივე პირობა შეასრულა.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. შედეგად 13 000 ადამიანი დაიღუპა, 40 000 კი დაიჭრა.