სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ესპანელმა საოპერო მომღერალმა და დირიჟორმა პლასიდო დომინგომ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ პირველი ინტერვიუ ესპანურ ონლაინ-ჟურნალ El Confidencial-ს მისცა.
დომინგომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ის ყოველთვის გალანტურობით გამოირჩეოდა, დღეს კი ასეთ ჟესტებს განსხვავებულად აღიქვამენ.
დომინგომ აღნიშნა, რომ სკანდალის შემდეგ ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობა კოლეგების პრესის მხრიდან წნეხისგან დაცვის მიზნით დატოვა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოფიციალურად ბრალი არ წაუყენეს.
ლეგენდარული მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს. 9 ქალი ამტკიცებდა, რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. მოგვიანებით დომინგო სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა.