ჩინეთმა აშშ-ს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა აშშ-ს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციები ძირითადად გულისხმობს ჰონგ-კონგში ამერიკული სამხედრო გემებისა და ვერტმფრენების ვიზიტების შესახებ ნებართვების შეჩერებას. გარდა ამისა, ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ში მდებარე Human Rights Watch-ის ცენტრალურ ოფისს, რადგან ორგანიზაცია ჰონგ-კონგის დემონსტრაციებს მხარს უჭერს.

დღეს, მედიაში თეთრ სახლში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით, დაიწერა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების გამო შეჩერდა.

ნოემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერ კანონპროექტს ხელი მოაწერა. დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყოველწლიურად არა მხოლოდ კანონმდებლების წინაშე ანგარიშის წარადგენას, არამედ სანქციების დაწესებას ავალდებულებს იმ პირებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი,  ჰონგ-კონგში კრძალავს ტექნიკისა და იმ საშუალებების ექსპორტს, რომლებსაც ადგილობრივი პოლიცია აქციების ჩასახშობად იყენებს.

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.