თუკი ერთ დროს ნოემბრის აქციების სიმბოლო იყო ვარდი, რომელიც მოგვიანებით ცოცხის სიმბოლომ ჩაანაცვლა, ახლა ბოქლომი გახდა მომიტინგეების ერთ-ერთი ემბლემა. მთელი გასული კვირის განმავლობაში დასაბოქლომებლებსა თუ დამბოქლომებლებს შორის ამტყდარი გაწევ-გამოწევის თვითმხვილველნი ვიყავით. დაბოქლომების ტალღას მოეცვა პარლამენტის შენობა, კანცელარია, გამგეობის შენობები, საკრებულო. „მაინც დაგაბოქლომებთ“-ეს სიტყვები ისეთივე პერიფრაზად იყო ქცეული, როგორც თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“ მთავარი გმირის მუქარის შემცველი ფრაზა: „მაინც ამოვთხრი“...
მამუკა მდინარაძე ამ ბოქლომებს მიღმა გაცვეთილი, მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსს ხედავდა. თეა წულუკიანი გულს იმშვიდებდა, იქნებ, ბოქლომის დამტარებლებს ბოქლომი მატროსოვის ციხისთვის არ დაედოთ. ნუკრი ქანთარია კი ამბობდა, რომ ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანდა.
ცდილობს თუ არა ოპოზიცია სიმბოლოების გამოყენებას და ვისი ხელწერა იკითხება ბოქლომების მიღმა?!
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ, ცხადია, სიმბოლოები ამ ყველაფერში იკითხება. მისი თქმით, ცრუ სიმბოლო იყო ვარდიც, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდა, რომ არავითარი ვარდი სააკაშვილი არ ყოფილა. სინამდვილეში, ცოცხი და უბედურება იყო ვარდების რევოლუციის სიმბოლო, რაც ნიშნავდა კონსტიტუციიდან გასვლას, მთელი სახელმწიფოს ინსტიტუციების დამხობასა და მის ნაცვლად სააკაშვილის კორპორაციის მოსვლას ამ ტერიტორიაზე.
„გასაგებია, ბოქლომის სტრატეგია რაც არის, დაბლოკონ და არ აამუშაონ სახელმწიფო ინსტიტუტები. არ ვიცი, ეს „ნაცების“ ხელწერაა, თუ ახალგაზრდების, მაგრამ ვითარება ისე დაიძაბა, რომ ბოქლომი დესტრუქციის სიმბოლო გახდა. ამით სამართლისკენ მიმავალი გზა ბოქლომდება და გამოსავალს არ გიტოვებს. ეს არის ადამიანების გადარევის, ეგზალტაციის გზა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 90-იან წლების დასაწყისში სულმნათი ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე ამბობდა, რომ დაბნეული ხალხი არის ბრბო. ეს არის სიტუაცია, როცა დაკარგავ ლოგიკას, სამართლიანობისა და სიკეთის განცდას“.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია დაბოქლომების მიღმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს. ჩვენთან საუბრისას ის აცხადებს, რომ, ვისაც პოლიტოლოგიასთან აქვს ელემენტარული შეხება, ის ამ ქმედებას ხუთ წუთში გაშიფრავს და იტყვის, რომ ბოქლომები არის „ნაცმოძრაობის“ პოლიტტექნოლოგია. ცხადია, „ნაცები“ გამოირჩეოდნენ გარკვეული კრეატიულობით და ახორციელებდნენ კიდეც საკუთარი კრეატიული ელემენტების შემოტანას ჩვენს ცხოვრებაში.
„სხვათა შორის, კრეატიზმი დამახასიათებელი იყო ავტორიტარული რეჟიმებისთვის. თავის დროზე კრეატიული მოდელი შეიმუშავეს ნაცისტურ, მესამე რაიხის გერმანიაში. ფაქტობრივად, ეს იყო ბოროტების კრეატიულობა. თუკი დადებითი კრეატიულობა არსებობს, ხომ შეიძლება, კრეატიულობა, ასევე, ბოროტიც იყოს?! მაგალითად, გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში მხუთავ გაზს უშვებდნენ სპეციალური შეფერილობით, რათა ადამიანები გაგუდულიყვნენ ვითომც სიამოვნების კონტექსტში. ნაცისტები ასეთივე კრეატიულობას იჩენდნენ გერმანული ოჯახების გამრავლების დროსაც. მათ მიაჩნდათ, რომ ვინც რამდენიმე ბავშვს გააჩენდა, ეს იქნებოდა ფიურერის მიერ მოტანილი სარგებელი. საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმსაც ჰქონდა კრეატიული მიდგომები. კერძოდ, კომკავშირული დამრტყმელი სოციალური ჯგუფების შექმნა, კარტოფილის მოსავლის ასაღებად სტუდენტების გაშვება... ახლო წარსულიდან ჩვენ გვახსოვს, „ნაცმოძრაობის“ კრეატივიზმიც, სიმბოლოებისა და ვარდების სიყვარული. დღესაც „ნაცები“ სტილს არ იცვლიან და ეს ბოქლომები არის პრიმიტიული ტექნოლოგია, ეს არის მათი ხელწერა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი არჩევანი და, თუკი ამ ახალგაზრდების ნაწილს სურს, დარჩეს „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის საფარქვეშ, ეს მათი ნებაა. „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია კი ისეთივეა, როგორც პოლიტიკური ნარკომანია. თუ შენ ავტორიტარული რეჟიმის პარტიის ნარატივის მომხრე ხდები, ეს არის პოლიტიკური ნარკომანია.
„შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების 13-14%, რომლებიც სააკაშვილის მომხრეები არიან, პოლიტიკური ნარკომანები არიან. მე ასე შევარქვი ამ ადამიანებს. ნარკომანი საკუთარ თავს აზიანებს, პოლიტიკური ნარკომანი კი არა მარტო საკუთარ სულს აყენებს ტრავმას, არამედ სხვასაც უწყობს ხელს, რომ მანაც მიიღოს ანალოგიური ტრავმა. მცირერიცხოვანი აგრესიული სარეველები ბევრად უფრო საშიშია. როგორც წესი, სარეველები მრავლდებიან და მთელ ველს აფუჭებენ“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოქლომების გამოყენება, ქაოტური და რადიკალური აქციები საზოგადოებრივ სიმპათიას არ იმსახურებს. ცხადია, ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის, როცა კარზე მიადგება აგრესიული და ბოქლომებიანი მასა. ასეთ დროს ხელისუფლება იძულებულია, პოლიციის კორდონი მოიყვანოს და დააყენოს უწყებების შესასვლელებთან, ამისთვის თანხა, რესურსები იხარჯება. თუმცა მანამდე გაგრძელდება ბოქლომების ჩამოტარება და ნერვების ომი, სანამ ოპოზიცია არ დარწმუნდება, რომ ამ აქციებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ.