საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხს პრინციპული ბრძოლა ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, ზოგმა თვალი დაკარგა, ზოგი დღემდე მკურნალობს, მაგრამ ხელისუფლებამ უკან წაიღო პროპორციული სისტემა და ხალხს კვლავ ქუჩაში დადგომა მოუწია. რატომ ეგონა ხელისუფლებას, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგად მოპოვებულ პროპორციულ სისტემას საზოგადოება ასე იოლად შეელეოდა? როგორ უნდა მოახერხოს ხალხმა, რომ ხელისუფლება უკვე მეორედ დაითანხმოს პროპორციულ სისტემაზე?
ამის შესახებ For.ge ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ მესვეურები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოება ვერ ერკვევა, რა არის პროპორციული სისტემა და ხალხს ეს სისტემა არც აინტერესებს. როგორ ფიქრობთ, ასე გაუთვითცნობიერებელია ჩვენი საზოგადოება, რომ ვერ არჩევდეს მაჟოროტარობის და პროპორციულის უპირატესობას ან ნაკლს?
- „ოცნების“ დეპუტატები არ უკვირდებიან იმას, რა შთაბეჭდილებას ტოვებენ საზოგადოებაში. ეს არის ნეგატიური შთაბეჭდილება. საქმე ისაა, რომ პოლიტიკაში დაშვებულ იქნა შეცდომა და ეს შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, რომელმაც ბოლო შვიდი წელია, უზარმაზარი ნდობა, იმედი გააცამტვერა და ჩვენ დავრჩით ხელისუფლების წინაშე, რომელიც ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემა იდეალური არ არის ჩვენისთანა ქვეყნისთვის, სადაც ინსტიტუტები არ მუშაობს, სადაც უვარგისი კონსტიტუციაა, სადაც შეკავება-გაწონასწორების ბალანსი არ არის კარგი, სადაც პარტიული ინტერესის მქონე საკანონმდებლო ორგანო მთლად კარგი არ არის, მაგრამ იმ საშინელებას, რასაც დღეს მაჟორიტარული 75 კაცი ჰქვია, თითო-ოროლა კაცის გამოკლებით, პროპორციული სისტემა ნამდვილად სჯობს. ამდენად, ბუნებრივი იყო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, თუმცა ხელისუფლებამ კონსენსუსით მიღებული შეთანხმება დაარღვია და უკან წაიღო სრულიად გასაგებ მიზეზთა გამო. როგორც ჩანს, მათ ან დათვალეს, ან ვიღაცამ დაუთვალა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში წარმატების შანსი არ ჰქონდათ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი დღითი დღე სულ უფრო იკლებს და იკლებს. ბუნებრივია, ერთი წლის მერე ძალიან ახლოს იქნებოდა „ქართული ოცნება“ ნეგატიურ განწყობებთან და იქ დიდი-დიდი საუკეთესო საშუალება იყო, სადღაც 20-25%-ის ფარგლებში მიეღოთ ხმები. მმართველი გუნდისთვის უარყოფითი ტენდენცია აშკარად გამოკვეთილი იყო. ჯერ კიდევ ორი წლის წინ განვაცხადე, კარგი იქნებოდა, რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო და ის უზარმაზარი ტვირთი მოეხსნა „ქართულ ოცნებას“, რასაც უაზროდ წაეპოტინა კონსტიტუციური უმრავლესობა, თითქოს ყველაფერში თვითონ იყვნენ პირველები. ეს გახლდათ პირველი დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.
მეორე შეცდომა კი კონსენსუსით მიღებული შეთანხმებული გადაწყვეტილების უკან წაღებაა. ახლა რთულია სიტუაცია. თუ ორი წლის წინ კიდევ შეიძლებოდა გადათამაშება და კვლავ ძლიერ ძალად მოსვლა ხელისუფლებაში, თუ კიდევ შეიძლებოდა უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება, დღეს უკვე სიტუაცია შეიცვალა. მე ყოველთვის ვამბობდი და დღეს აშკარაა, რომ „ოცნება“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მას არ ჰყავს პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები. ეს არის ერთი კაცის მატარებელს მოყოლილი ხალხი, რაც პოლიტიკაში ძალიან ცუდია. ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, თავისთავად ცხადია, ის ვერც უმრავლესობაში დარჩება, ვერც კონსტიტუციურ უმრავლესობაში და რა ფორმას მიიღებს, ესეც უცნობია. ვადამდელ არჩევნებზე რომ წასულიყვნენ, მაშინ კიდევ უფრო დიდი შანსი ჰქონდათ, რაღაც ხმებს მაინც აკრეფდნენ. ახლა, თუკი დარბევის გზას და ოპოზიციის იგნორირებას დაიწყებენ, უფრო დაიმძიმებენ სიტუაციას. ის ტექნოლოგია, რასაც 7 წელი იყენებდა ხელისუფლება, აღარ იმუშავებს.
„ქართული ოცნება“ ხალხის დასაშინებლად 7 წელი იყენებდა „ნაცმოძრაობის“ ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას უკვე მობეზრდა განუწყვეტლივ „ნაციონალებისკენ“ თითის გაშვერა, დღესაც „ნაციონალების“ დაბრუნების შიში ხალხში არ განელებულა. ეს ნიშნავს, რომ „ოცნებას“ კიდევ შეუძლია, წარმატებით გამოიყენოს „მიშა დაბრუნდება“ მესიჯი?
- ოპოზიცია ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიცია ეს არის განწყობა საზოგადოებაში და ეს განწყობა დღეს „ოცნების“ სასარგებლოდ არ არის. ამიტომ „ოცნების“ ლიდერები რამდენადაც იგნორირებას გაუკეთებენ ამ განწყობას და ეცდებიან იმის წარმოჩენას, თითქოს ოპოზიცია ეს არის „ნაცმოძრაობა“ და სხვა ყველანი „ნაცმოძრაობის“ პაიკები არიან, ეს უკვე მესამე პოლიტიკური შეცდომა იქნება, რაც „ოცნებას“ ცუდად დაუმთავრდება. რაც შეეხება კონკრეტულად „ნაცმოძრაობას“, მასზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრის უფლება ამ ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს. ხალხმა იმიტომ დაგიჭირა მხარი და მოგიყვანა ხელისუფლებაში, რომ არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილი და ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში იყო. ხალხმა მოიყვანა „ოცნება“ ხელისუფლებაში და არა ბიძინა ივანიშვილმა. „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში და მეორე დღეს კოაბიტაცია გამოაცხადა, თურმე ეს ხალხის დავალება იყო. სინამდვილეში, „ნაციონალების“ დახვრეტას არავინ მოითხოვდა ხელისუფლებისგან, არამედ, თუ რაიმე მასალა არსებობდა სამართალდამცავ ორგანოებში, გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და ცივილიზებულად სასამართლოს უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამით პროცედურები დაცულ იქნებოდა, ხალხის მოთხოვნაც შესრულდებოდა - დასასჯელი დაისჯებოდა. ჩვენ კი მივიღეთ შერჩევითი სამართალი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიმართ, ვიღაც დააპატიმრეს, ვიღაც გარეთ გამოუშვეს, მივიღეთ ტექნოლოგია, რომელიც გაცვდა. ერთდერთი, რაც აქვს ხელში „ქართულ ოცნებას“, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ცუდია და მის დროს ხდებოდა ცუდი რამეები. ეს შეიძლება ილაპარაკოს საზოგადოების წევრმა, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ერთპიროვნული უფლება, სასამართლო არ გააჩნია და ლინჩის წესით გასამართლებას ვერ დაიწყებს, რადგან ლინჩის წესი დასჯადია, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულმა „ოცნებამ“ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და ახლა ლაპარაკობს, რომ „ნაცები“ ცუდები არიან. ეს პოლიტიკური შეცდომაა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთი კაცის მატარებელს მოყოლილი ხალხი არიან ესენი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მატარებელს მოყოლილი ადამიანები ტოვებენ გემს თუ მატარებელს. ვგულისხმობ „კონსერვატორებს“ და დასავლეთში განათლებამიღებულებს. კიდევ გაგრძელდება გასვლა „ოცნებიდან?“
- „ოცნება“ არ არის დღეგრძელი პარტია. მას ვერ ნახავთ თქვენ ათი წლის მერე, ვერც ხუთი წლის მერე, შეიძლება, ეს იყოს ძალზე დაკნინებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ცხადია, ვიღაცას არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ჩაყვეს სამარეში, თუმცა ვინც გადის „ოცნებიდან“, არა მგონია, ისინი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ და დამოუკიდებელი ძალის შექმნის უნარი ჰქონდეთ. კი, ვიღაცას პარტიის თავმჯდომარე ჰქვია, ვიღაცას ამერიკაში განათლება აქვს მიღებული, მაგრამ პოლიტიკა სხვა რამეს ითხოვს, სხვა პარამეტრების მქონე მოღვაწეებს ითხოვს, ამიტომ ისინი გადიან „ოცნებიდან“, მაგრამ პოლიტიკაში იქნებიან მანამ, სანამ პარლამენტის უფლებამოსილება ექნებათ. დამთავრდება პარლამენტის უფლებამოსილება და, თითო-ოროლა კაცის გარდა, კვლავ გაქრებიან არენიდან.
ვინმეს დირექტივით გადიან ეს ადამიანები „ოცნებიდან“? იქნებ, დასავლეთმა მიანიშნა, რომ მათი მომავლისთვის აღარ იქნება პერსპექტიული „ოცნებაში“ ყოფნა, იქნებ, ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რათა განაწყენებულთა გუნდისგან საკუთარი სატელიტები შეექმნა?
- პოლიტიკოსი, რომელსაც დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი ურჩევს, ასე უნდა მოიქცე შენს ქვეყანაშიო, პოლიტიკოსი არ არის, ის მარიონეტია. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა არც ამისგან არის დაზღვეული. ამ ადამიანებს ვინ ურჩია „ოცნებიდან“ გასვლა, მე არ ვიცი, მაგრამ იმის მიუხედავად, ვინმემ მისცა თუ არა მათ „ოცნების“ დატოვების რჩევა, ისინი პოლიტიკოსები მაინც არ არიან და ვერც ვერანაირ კვალს ქართულ პოლიტიკაში ვერ დატოვებენ.
ხელისუფლებამ განმეორებითი თანხმობა რომ განაცხადოს პროპორციულ სისტემაზე, ხალხი ამას კომპრომისად ჩათვლის, თუ ხელისუფლების დამარცხებად?
- თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით პროცესს, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გადიოდნენ და რაღაცაზე შეჯერდნენ. კიდევ გეუბნებით, პროპორციული სისტემა არ არის იდეალური და სულაც არ არის გამოსავალი ამ პრობლემიდან, მაგრამ ეს გამოსავალი იყო ჩიხური სიტუაციიდან, როდესაც რაღაც კონსენსუსის ფარგლებში პოლიტიკური პარტიები თანხმდებოდნენ თამაშის წესზე. ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო შედეგი. ვფიქრობ, „ოცნებამ“ ეს სრულიად მიზანმიმართულად გააკეთა და არა მგონია, „ოცნებამ“ აქედან შედეგი მიიღოს.
ჩვენ ვხედავთ, გუბაზ სანიკიძე სააკაშვილთან ჩადის მოსალაპარაკებლად. ვინ ისარგებლებს ქუჩის აქციებით, დაბოქლომებით? როგორც ყოველთვის, ისევ „ნაციონალები“ ხომ არ ნახავენ სარგებელს ამღვრეული სიტუაციიდან?
- „ნაცებზე“ საუბარი არაფრის მომტანია, აქ მთლიანობაში საუბარია პოლიტიკურ სიტუაციაზე ქვეყანაში. ხელისუფლებაში მყოფმა ერთპიროვნულმა პოლიტიკურმა ძალამ დაუშვა შეცდომა და, ცხადია, ამას ყველა გამოიყენებს. აქ სცენარი ერთადერთია-ყველა ერთის წინააღმდეგ, ან უნდა წამოიყვანო ხელისუფლება კომპრომისზე, ან უნდა შეუქმნა სერიოზული პრობლემები. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ერთი პარტია, მოქმედებს საკუთარი შეხედულებების ფარგლებში, გუბაზი იქნება, თუ სხვა ვინმე, ყველას აქვს უფლება, წავიდნენ, სადაც უნდათ და შეხვდნენ მას, ვინც უნდათ. მთავარია, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. ეს კონკრეტული მაგალითები სიტუაციას არ ცვლის. განწყობები ხელისუფლების მიმართ ნეგატიურია. გუშინ ტაქსში ჩავჯექი და ახალგაზრდა მამაკაცი აღშფოთებული იყო იმით, რომ რამხელა იმედი ჰქონდა, როგორ იბრძოდა „ოცნებისთვის“ და სადამდე მივიდა საქმე. ასეა ყოველ ნაბიჯზე. მე ვურჩევდი „ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც ტელევიზიით ინტერვიუებს აძლევენ, ცინიკურ სახეებსა და დამცინავად საუბარს თავი დაანებონ, რადგან სასაცილო მდგომარეობაში თვითონვე არიან. საუბედუროდ, ამას ვერ გრძნობენ და სახეს კარგავენ.