ინტერპოლის მიერ ძებნილი მკვლელი სამხრეთ აფრიკაში ტელეწამყვანად მუშაობდა

ინტერპოლის მიერ ძებნილი მკვლელი სამხრეთ აფრიკაში ტელეწამყვანად მუშაობდა

კოტ-დ'ივუარის​ პოლიციამ 1996 წელს ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობისთვის ძებნილი საფრანგეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

53 წლის ჟან-კლოდ ლაკოტსა და მის მეუღლეს, 56 წლის ჰილდე ვან აკერს ბიზნესმენ მარკუს მიტჩელის მკვლელობისთვის სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარკუს მიტჩელი ბელგიის ქალაქ დე ჰაანის მახლობლად, ტყეში 1996 წლის 23 მაისს მოკლეს.

გამოძიების მტკიცებით, ლაკოტმა მიტჩელს თვითმფრინავების ნაწილების ბიზნესში ინვესტირება შესთავაზა, თუმცა როდესაც მიტჩელმა თაღლითური სქემის შესახებ შეიტყო, ლაკოტმა და მისმა მეუღლემ ბრიტანელი ბიზნესმენი მოკლეს. 1997 წელს წყვილი ბელგიაში დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ისინი გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ ლაკოტი და მისი მეუღლე ჯერ ბრაზილიაში, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ, სადაც ლაკოტი ტელეწამყვანად მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

2007 წელს ჟან-კლოდ​ ლაკოტი ირლანდიელი ბიზნესმენის მოტყუების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მან სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგის ციხიდან გაქცევა შეძლო, რაშიც მას პოლიციელად გადაცმული მეუღლე დაეხმარა.

ბრიუსელის პროკურატურის ინფორმაციით, ლაკოტი და მისი მეუღლე კოტ-დ'ივუარის ქალაქ აბიჯანში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბელგია მათი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას ამზადებს.