ვინ უნდა ჩაატაროს 21-ე საუკუნის რუის-ურბნისის კრება

ვინ უნდა ჩაატაროს 21-ე საუკუნის რუის-ურბნისის კრება

ეკლესიის ირგვლივ ამტყდარმა სკანდალმა ჩაიარა, მაგრამ სასულიერო პირთა სოდომურ ცოდვაში დადანაშაულება იმდენად პოპულარული თემა გახდა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, გამორცხული არ არის, მომავალშიც კიდევ არაერთმა მსხვერპლმა გაიხსენოს, რომ 30 წლის წინ რომელიმე მაღალი იერარქის ძალადობის ობიექტი გახდა.

ის მძიმე ბრალდებები, რაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ისმოდა ჩვენი ეკლესიის მესვეურთა მიმართ, მრევლისთვის ახალი არ ყოფილა. ასეთი ჭორ-მართალი 30 წლის წინაც ვრცელდებოდა და მომავალშიც გავრცელდება, თუკი ეკლესია დელიკატურად გვერდს აუხვევს ამ საკითხებს და მძიმე ცოდვაში მხილებული სასულიერო პირების ეკლესიიდან გაშვებას გააჭიანურებს.

საერო კანონმდებლობით, სოდომური ცოდვა სასჯელს არ გულისხმობს, პირიქით, ბოლო დროს ჰომოსექსუალიზმის აფიშირება ზოგისთვის საამაყოც გახდა, მაგრამ ეკლესიისთვის ეს უმძიმესი ცოდვაა. პრობლემას ამძაფრებს ის, რომ სასულიერო პირებს უმრავი ადამიანის სულიერი გზის წარმართვა აბარიათ, მათ შორის, მცირეწლოვნი ბავშვების ბედიც.

დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ რუის-ურბნისის კრებაა საჭირო, მაგრამ იმის გამო, რომ დავით აღმაშენებელი არ გვყავს და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთჩაურევლობის კონკორდატია დადებული, საინტერესოა, ვინ უნდა ჩაატაროს 21-ე საუკუნის რუის-ურბნისის კრება?!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუის-ურბნისის კრება დავით აღმაშენებელმა, ანუ იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩაატარა, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, ამიტომ რუის-ურბნისის კრებაზე ზღაპარია ლაპარაკი.

„ეს აბსურდია. ვინც ამაზე საუბრობს, წარმოდგენაც არ აქვს დღევანდელ ეკლესიურ მდგომარეობაზე არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობაში. იმ პერიოდში არსებობდა ბიზანტიის იმპერია, შემდეგ ბიზანტიის იმპერია გაუქმდა, მერე რუსეთის იმპერია იყო, პეტრე პირველმა თავისი რეფორმები ჩაატარა რუსეთში, ყველაფერი ეს ჩაბარდა ისტორიას და სულ სხვა ფენომენი იყო მაშინ. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ისტორიის ნარკვევებით საუბარი. თუ ჩვენს ეკლესიას სჭირდება კრების ჩატარება, მაშინ უნდა ჩაატაროს ეს კრება თავად. ცხადია, ეს საეკლესიო სასამართლო არ იქნება, ეს იქნება შიდა განხილვა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, „რატომ უჭირს ეკლესიას საკუთარ წიაღში მძიმე ცოდვაში მხილებული ადამიანების აღმოჩენა“, განმარტავს, რომ ეკლესიამ მაინც თვითონ უნდა იპოვოს გამოსავალი და ეკლესიის საქმეებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.

მისივე მოსაზრებით, ეკლესია თვითონვე შევიდა ჩიხში და თავადვე უნდა გამოვიდეს ამ ჩიხიდან. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პეტრე ცაავა ამბობს, რომ მას აქვს სამხილი მასალები, კონკრეტული ფაქტები. ამიტომ პეტრე ცაავამ უნდა წარადგინოს ეკლესიის შიგნით ეს მასალები.

„ჩემთვის, როგორც თანამედროვე ადამიანისთვის, რთულია, ჰომოსექსუალიზმზე ვისაუბრო, როგორც მიუღებლობაზე, მაგრამ ჰომოსექსუალიზმზე საუბარი მძიმეა ეკლესიაში, ამიტომ თვითონ გაარკვიონ ამის შესახებ. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ ისარგებლა საპატრიარქოზე თავდასხმებით - „ნაციონალებმა“, თუ „ოცნებამ“, ფაქტია, რომ საპატრიარქოში პრობლემები და გაურკვევლობაა, სხვადასხვა პარტია ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაღაც მოლოდინები აქვთ... ჯერ ამ პროცესებით არავის უსარგებლია, ჯერ ყველა თავისი ინტერესებისთვის იბრძვის“, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი, რომლის აზრითაც, სამწუხაროდ, საპატრიარქოს წიაღში დაპირისპირება სულ ცოტა, არჩევნებამდე და ახალ პატრიარქამდე გაგრძელდება.

მართალია, ახალ პატრიარქს ჩვენი საზოგადოება არ ელოდება, მაგრამ საპატრიარქოს შიგნით, როგორც ჩანს, ელოდებიან ახალ პატრიარქს. ამიტომ ეს დაძაბულობა შეიძლება გაგრძელდეს ახალი პატრიარქის შემდეგაც. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილი ურჩევს საპატრიარქოს მესვეურებს, რომელთა შორისაც, მისი კარგი ნაცნობებიც არიან, ასე დაუნდობლები ნუ იქნებიან და ერთმანეთს მოუსმინონ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური საეკლესიო კანონმდებლობაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ, თუ სასულიერო პირები გადაწყვეტენ ამ კრების ჩატარებას და ამ საკითხების განხილვას, თვითონვე უნდა შეადგინონ კომისია, შეკრიბონ სინოდი და სინოდმა გადაწყვიტოს ეს საკითხები.

„მეუფე პეტრეს ბრალდებები აბსურდია. ზუსტად ამავე მეთოდებით მუშაობდა კგბ და ამავე მეთოდით აპირებდნენ ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციას, როცა მისი აღსაყდრება ხდებოდა. რაც ერი, ის ბერი. რომელიღაც სასულიერო პირები, ალბათ, იქნებიან ასეთი ცოდვით შეპყრობილნი, კგბ-დან ჩანერგილნი. მოგვიანებით კომუნისტები აღარ იყვნენ, მაგრამ მაშინდელი კგბ მაინც დარჩა და არსად წასულა. რუსული კგბ-ს წარმომადგენლობა დღემდე მუშაობს. ცხადია, იქნებიან ასეთები, მით უმეტეს, დღევანდელმა ცხოვრებამ და ამ საკითხის პროპაგანდამ ეს ყველაფერი მოიტანა. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში პირდაპირ წერია, „ალესა მახვილი მეფეთა წინააღმდეგო“, გიორგი მთაწმინდელმა მაშინდელი სასულიერო პირებიც ამხილა. ასეთი პირებისგან ეკლესია დღესაც უნდა გაიწმინდოს, მაგრამ გარედან არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ საკითხში. სინოდმა უნდა გაარკვიოს და მიიღოს ზომები ამ ცოდვის წინააღმდეგ. საერთოდ, საერო პირები არ მალავენ ამას, პირიქით, სასულიერო პირები მალავენ სოდომურ სენს. ისიც საინტერესოა, ეს ერთგვარი მოდა ხომ არ არის, რომ 30 წლის მერე ახსენდებათ ეს ფაქტები?! გამოვიდა დღეს ერთ-ერთი სასულიერო პირი და იხსენებს, რაც 31 წლის წინ მოხდა. დღეს სდებს ბრალს, მაგრამ 31 წელი სად იყო ეს კაცი?“ - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა For.ge-სთან საუბარში.

კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ეკლესიასთან დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე დავების განმხილველი სპეციალური ორგანოს შექმნას. ამდენად, რელიგიური ნორმების დარღვევის შესახებ საერო სასამართლოები ვერ იმსჯელებენ.

„საეკლესიო სასამართლო არც არის აუცილებელი. სინოდი ასრულებს მის ფუნქციას, მე მგონი, ეს უფრო კარგია დემოკრატიის თვალსაზრისით“, - მიიჩნევს ავთანდილ დემეტრაშვილი.

 

Katana . ყოჩაღ, მანანა, - ჩანს, რომ ამ წერილში მაქსიმალურად ცდილობ ობიექტური იყო!..
(ახლა, ზოგ რესპონდენტს რომ ყველაფერი სისულელე ჰგონია, რის მამტკიცებლადაც სამხარაულის ბიუროს ბეჭედდასმული საბუთი არ დევს, ეს შენი ბრალი არ არის!).
რაც შეეხება იმას, რომ "ზოგიერთს ახლა გაახსენდა (sik!) 30 წლის წინანდელი ძალადობა მასზე", აქ ცოტა მეტი ტაქტი და ჩაღრმავებაა საჭირო, ბ-ნო პროფესორო: თქვენ ხომ არ იცით, ეს 30 წელი რა იყო ასეთი ადამიანისთვის?!. გგონიათ, სიკვდილამდე მძიმე ჭრილობად არ ექნება სულში ეს შემთხვევა? - ძალიან ცუდია, თუ ასე გგონიათ!
წინა დღეებში ვიღაც ამერიკელსაც "გაახსენდა", რომ 40 წლის წინ, მაშინ არასრულწლოვანი ბიჭი, ანუ ყმაწვილი, ეკლესიაში გაუუპატიურებია მღვდელს... მას უჩივლია, მაგრამ ვერ დაუმტკიცებია თავისი სიმართლე... მოგვიანებით, ეს მღვდელი ქველმოქმედი გამხდარა და ახლა რომ დააჯილდოეს, როგორც ქველმოქმედი, იმ კაცმა "გაიხსენა" თავისი შემთხვევა და ირონიული კომენტარიც დაურთო: ეტყობა, არასრულწლოვანების გახრწნაც ქველმოქმედებაში ჩაუთვალესო!..
ასეა საქმეები!..
5 წლის უკან