„ქუდზე კაცი–საქართველოს გადასარჩენად. ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნების შედეგია!“, – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ოპოზოციას მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მიმართავს, რომ ნუ გაიმეორებენ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, როდესაც „ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაედოთ კისერზე“.
რა გეგმით მოქმედებს პეტრე ცაავა – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რა მიზანი აქვს ცაავას, ეკლესიის დისკრედიტაცია, რომ ამ გზით გამოიწვიოს ეკლესიის შიგნით დაპირისპირება, რაც შემდგომ საზოგადოებაში გადაინაცვლებს და ქუჩის დაპირისპირებას შეუწყობს ხელს? ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, ისევე როგორც ამ პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელია პეტრე ცაავა. საინტერესო პოლიტიკური ვერსია შემოგვთავაზა ცაავამ, როდესაც თქვა, რომ ბიძინა იავნიშვილი და გიორგი გახარია კარგები არიან, მაგრამ აი, პატრიარქი არის ცუდი. რა ტაქტიკა აირჩია ცაავამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
რამაზ საყვარელიძე: რა გითხრათ, ძნელი სათქმელია მიზანი. დავუშვათ, რომ მიზანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, მაგრამ ცუდ საქმეს უშვება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ თვითონ ამ პარტიას აქვს გათვიცნობიერებული ეს ყველაფერი. ეჭვი მაქვს, რომ თვითონ „ნაცმოძრაობისთვისაც“ ცხადი არ არის, რას უშვება ცაავას წამოწყებული პროცესი მათ, როგორც პარტიას. ალბათ, გარკვეული თვალსაზრისით, მოსწონთ კიდეც. ამ ტიპის პიარ–შეცდომები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უშვებს, საკმაოდ ხშირია.
იგივე შეიძლება ითქვას „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ხშირად დგამს თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს...
– გეთანხმებით, მაგრამ ეს პრეტენზია კიდევ უფრო მეტად ითქმის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. საკუთარი სტერეოპიტის მსხვერპლია „ნაციონალური მოძრაობა“. მაგ სტეროტიპად ჰქონდათ ისიც, რომ უპირისპირდებოდნენ რელიგურ, ნათესაურ და სხვადასხვა იმ პრინციპებს, რომელიც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია და ეს მიაჩნდათ თავიანთ კრედოდ.
იგივეს აგრძელებენ დღესაც?
– განსხვავება ის არის, რომ მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ამგვარი დამოკიდებულების გატანა და დაცვა შეეძლოთ. დღეს ოპოზიციაში არიან და ამგვარი დამოკიდებულება მხოლოდ ზიანის მომტანია. მე მგონია, რომ ამას ვერ აცნობიერებენ. უბრალოდ, ცაავა ამ ინერციის ფონზე მოქმედი კონფიგურაა მხოლოდ და მხოლოდ.
ჯგუფი, რომელსაც პეტრე ცაავა ხელმძღვანელობს, უარს არ ამბობს რადიკალიზმზე. ცაავას დარტყმის ობიექტი არის უწმინდესი, ოპოზიციის კი სახელმწიფო, ზღვარი სად არის?
– რახან უკან დახევას არ აპირებენ და იცით, რომ გარკვეული უკმაყოფილება მეუფე იაკობსაც ჰქონდა, მაგრამ მან საკმაოდ სწრაფად დაიხია უკან, რაც იმას ნიშნავს, რომ მის უკან რომელიმე ჯგუფის შეთქმულება არ მოქმედებდა. იმპულსურად დაუფიქრებლობამ ათქმევინა ის, რაც თქვა. რაც შეეხება ცაავას შემთხვევას, აქ სწორედ იმიტომ ჩნდება ეს ვერსია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დაკვეთით მოქმედებს.
რუსულ ინტერესესს გამორიცხავთ? როდესაც ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა მხოლოდ განცხადებით უპირისპირდებოდა რუსეთს, მოქმედებით კი, რუსეთისთვის პოლიტიკურად მომგებიან და აიუცილებელ ნაბიჯებს დგამდნენ. გამორიცხავთ, რომ რუსეთის ინტერესში იყოს საპატრიარქოს და უწმინდესის დისკრედიტაცია, ავტორიტეტის განადგურება, რასაც ცაავას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით აკეთებს?
– რუსულ ინტერესში არის დესტაბილიზაცია. ამ დესტაბილიზაციის ბერკეტად რელიგიას გამოიყენებენ, საზოგადოებისთის მიუღებელი ფილმის დემონსტრაციას თუ რას, ეს სულერთია, მაგრამ დესტაბილიზაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ ცხადი გახდეს დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება არ შეიძლება და ანაკლიის პროტის თემა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა. პორტის მშენებლობის პროცესის შეჩერება ერთ–ერთ სტრატეგიად შეიძლება იყოს აღებული, რომ მოდით, ავრიოთ ქვეყანა ისე, რომ იქ პორტის მშენებლობაზე ამერიკამ თვითონ თქვას უარი.
ასეთი ვერსია შეიძლება არსებობდეს და თან ეს რუსეთისთვის მომგებიანი ვერსია არის, იმიტომ, რომ როგორც ეკლესიაზე, ასევე სექსუალური უმცირესობის ხელშეწყობაზე რუსული ძალები ხელს გაიშვერენ დასავლეთისკენ, რომ ეს დასავლეთის ღირებულებებია, სტრატეგიაა და ძალიან მომგებიანი იქნება თვითონ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის.
მაგრამ ვხედავთ, რომ დასავლეთს საქართველოს ეკლესიასთან კონფლიქტი არ აწყობს...
– ნამდვილად და ეს რამდენჯერმე გამოაჩინა დასავლეთმა, მათ შორის იმ ვიზიტებშიდაც, რომელიც დასავლეთმა შესთავაზა ეკლესიის პირებს. ამით აჩვენა, რომ კონფრონტაცია არ უნდა, უნდა იყოს წყნარი ურთიერთობა ეკლესიასა და დასავლეთს შორის. ისევ მივდივართ იქამდე, რომ შეიძლება რუსეთსაც ჰქონდეს ეს ვარიანტი, თან ისეთი ვარიანტია, სადაც თვითონ რუსეთი მასკირებულია, არ ჩანს.
საქართველოს ერთ–ერთი ურთულესი პერიოდი აქვს თავისი ისტორიის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ წინ მივდივართ, თითქმის არავის არ აქვს გათვლილი, რა გველოდება. ამ დროს, წინ ჩანს ისეთი პროცესების გამწვავება, როგორიც იგივე ევროპას აქვს, კერძოდ, მიგრაციის ტალღა. ჩვენ ახლა ვერ ვატყობთ, მაგრამ მიგრაციის ტალღა ფართოვდება საქართველოში. სხვადასხვა ქვეყნებიდან და ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსულ მიგრანტებს საქართველოში ცხოვრება სურთ და ეს არიან, ძირითადად, აღმოსავლური ქვეყნებიდან, ანუ სრულიად უცხო კულტურის ქვეყნებიდან მოსული ადამიანები. საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ევროპასთან, რაც გვიხარია და უდავოდ ასეა და, ამავე დროს, ეს თხოულობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას თვითონ საქართველოსგან, რომ შენ მდგრადი იყო და საკუთარი სახე შეინარჩუნო ძლიერ დასავლურ კულტურასთან. გასულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ამ კულტურასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, არ ვეზიარეთ თანამედროვე დასავლურ კულტურას. ჩვენ ჩვენი სახე გვაქვს და მისი შენარჩუნებისაკენ ვისწრაფვით. დღეს ჩვენ ის საფრთხე გვაქვს, რომ თუკი ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა ხალხში, ნდობა ეკლესიის მიმართ შეირყა, ჩვენ შეიძლება კულტურული იმუნიტეტი დავკარგოთ და საკუთარი თავის შენარჩუნების უნარი დავკარგოთ, ყველაფერი იმის შედეგად, რაც დღეს ხდება.