აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგი და შემოსავლიანი ფილმის "ჯოკერის" კინოჩვენება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას The People-ი ავრცელებს.
Yahoo News-ის ცნობით, რომელმაც პირველმა გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაცია, ტრამპს ფილმი მოეწონა.
ტრამპმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გამო იმპიჩმენტი ემუქრება, ფილმს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად, კინოჩვენებისთვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში უყურა.
რეჟისორ ტოდ ფილიპსის გადაღებული ფილმის ბიუჯეტი 70 მილიონი დოლარია. მასში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმის შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ, ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. 13 ნოემბერს იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო.