ოკუპანტებმა დაუწერელ კანონსაც გადააბიჯეს და ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს მაშინ გაიტაცეს, როცა იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა. გამტაცებლები ექიმისგან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის აღიარებას მოითხოვდნენ, რის საპასუხოდაც ქართველი ექიმისგან მიიღეს, რომ არანაირ საზღვარს არ აღიარებდა, რადგან საკუთარ სამშობლოში გადაადგილდებოდა. ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ტრავმატოლოგს 15 ნოემბერს ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დღეს დაკავებული ექიმის მოსანახულებლად ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც შევიდნენ.
სოფელ ბერშუთის მკვიდრი შოთა ბიძინაშვილი ქართველი ექიმის საქციელით ამაყობს და იხსენებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი წუხდა გატაცებული გლეხების ბედით, ამბობდა, აქ არ იჭერენ პარლამენტარებს, აქ მარტო გლეხები ხვდებიან, იქნებ, ისე გავაკეთო, რომ წითელი ჯვარი მაინც შემოვიდეს და სამჯერადი კვება იყოსო.
ქართველი ექიმის ყოფილი თანასაკნელი შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ფიქრობს, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა, რათა ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვლილიყო.
ბიძინაშვილის თქმით, ოკუპანტებმა პირადად მას თავში კონდახი ჩაარტყეს, რის შემდეგაც, ამავე იზოლატირში მყოფმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მას თავზე სველი ტილო დაადო და ბადრაგს განუმარტა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ ასეთი მოპყრობა დაუშვებელი იყო. უფრო მეტიც, ვაჟა გაფრინდაშვილმა თანასაკნელ ბიძინაშვილს საკუთარი ქურთუკი გადააფარა, რადგან ნაცემი ბიძინაშვილი თავს სუსტად გრძნობდა და ღამით აციებდა.
„მედიკლაბის“ ექიმის მხარდასაჭერად თეთრხალათიანების აქცია მოეწყო საქართველოს ქალაქებში. ამის მიუხედავად, ვაჟა ჯონდის ძე გაფრინდაშვილს ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი ბრალდება შეუთითხნა. მათი ინფორმაციით, თითქოს ქართველი ექიმი 2008 წლის აგვისტოს ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს წარმოადგენდა.
ამის პასუხად ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მამამისი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში თავდაუზოგავად მუშაობდა და მკურნალობდა ყველას, მათ შორის, ორ რუს მფრინავსაც, რომელიც ქართულმა მხრემ ჩამოაგდო. მოგვიანებით შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით ამ მფინავების საზღვარგართ გადაყვანა მოხერხდა. პარალელურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს არც სამხედრო ჰოსპიტალში და არც თავდაცვის უწყებაში არ უმუშავია.
კითხვები ჩნდება ციხელაშვილის უწყების მიმართ, ხომ არ პასიურობს ეს უწყება და რატომ ჭიანურდება ქართველი ექიმის გათავისუფლება მაშინ, როცა მედიკოსები ომის დროსაც კი ხელშეუხებელნი არიან?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, საერთაშორისო ნორმების თანახმად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხედრო ექიმი იყო, თუ სამოქალაქო ექიმი, ვინაიდან თვით სამხედრო ექიმსაც კი იცავს წითელი ჯვრის საერთაშორისო ნორმა. უფრო მეტიც, მედიკოსებს იცავს ჰიპოკრატეს ფიცი, სადაც არ წერია, რომ შენ მტრის ჯარისკაცს არ უნდა დაეხმარო და მხოლოდ სამშვიდობოებს უნდა დაეხმარო. სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში წინა მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოახერხებდა და თავისი არაფორმალური კონტაქტებით ვაჟა გაფრინდაშვილს უმოკლეს პერიოდში დაიხსნიდა ცხინვალის იზოლატორიდან. ქეთევან ციხელაშვილის დღევანდელ უწყებას კი მოლაპარაკების კი არა, დალაპარაკების სამინისტროც არ უნდა ერქვას, რადგან მათ დალაპარაკებაც არ იციან ცხინვალის რეჟიმთან.
„ციხელაშვილის უწყებას ტყუილად ვაჭმევთ პურს. მათ არაფორმალური კონტაქტები უნდა ჰქონოდათ დე ფაქტო რეჟიმთან. პაატა ზაქარეიშვილი ამასობაში უკვე ათჯერ მაინც გაათავისუფლებდა მედიკოსს ციხიდან. ექიმი ყველგან ხელშეუხებელია. ელემენტარულად, თვით ჰიტლერიც კი იცავდა მაგ ნორმას. უბრალოდ, ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო ხელმძღვანელობაში ცოტანი არიან განათლებული ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, მოდით, ნუ შევრცხვებით მთელი მსოფლიოს წინაშე, კი ბატონო, ვიღაც გლეხებს ვიჭერთ, ვაჯარიმებთ, მაგრამ მედიკოსის დაკავება უკანონობაა. თვით რუსეთის პროკურატურა და სასამართლოც ვერ გაამართლებს ამ ფაქტს, თუ არ დამტკიცდა, რომ ექიმს ლანცეტისა და სკალპელის ნაცვლად ხელში ავტომატი ეჭირა და ხოცავდა ხალხს, რაც არ ყოფილა რეალურად.
აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში იმყოფებოდა. ათასი მოწმეა, რომ იგი ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა. ასეთი საქციელი ოსებს უფრო მეტად მარგინალურად წარმოაჩენს თვით რუსების თვალში. ყველა რუსი ხომ 17 წლის ლოთი ჯარისკაცი, გლეხის ბიჭი არ არის? ხომ არიან იქ გენერლები, სამხედროები, რომლებიც ომში გამოვლილები არიან და მათ მაინც იციან, რა ფუნქცია აქვს ექიმს“, - განმარტავს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან მზად დე ფაქტო დამოუკიდებლობისთვის. თუმცა ოსები არც მალავენ იმას, რომ დამოუკიდებლობა მათთვის პრიორიტეტი არ არის და რუსეთთან მიერთება სურთ.
სოსო ცინცაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მოსკოვთან დალაპარაკებას შეძლებს და მედიკოსის გათავისუფლება მოხერხდება, რადგან ამ ფაქტის გახმაურება მოსკოვის ინტერესში არ არის. ოკუპანტებს ტატუნაშვილის შესახებ ზღაპრების მოყოლა კიდევ შეეძლოთ, თითქოს ტატუნაშვილმა ვიღაცის მამა მოკლა, მაგრამ აქ ექიმზეა საუბარი, რომელიც ავადმყოფის დასახმარებლად მიდიოდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავს საქმეებს იგი ყოველგვარი ხმაურის გარეშე აგვარებდა. ამიტომ თამამად შეუძლია გვითხრას, რომ ასეთი რამ მის დროს არ მოხდებოდა, რადგან სხვანაირი პოლიტიკა, პირდაპირი კონტაქტები ჰქონდა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან და არასადროს უჭირდა ექიმების გადაყვანა დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
კონფლიქტოლოგის განმარტებით, მათ ყოველ საათში იცოდნენ, როგორ ექცეოდნენ დატყვევებულ ქართველებს, დაკავებულების ოჯახები მათ ენდობოდნენ. შეიძლება, დრო ერთი ან ორი კვირით გაწელილიყო, მაგრამ ოჯახმა იცოდა, რომ სასიკეთო ფინალი ახლოს იყო. პაატა ზაქარეიშვილი იმასაც იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხიც მიდიოდა მასთან და გატაცებული ქართველების გამო დახმარებას ითხოვდა. ისიც ვალდებული იყო, მათაც დახმარებოდა, რადგან ყველას მინისტრი იყო და ადამიანებს ვერ გამოარჩევდა.
„ოკუპირებულ რეგიონებში წინასწარ ვრეკავდით, ვთანხმდებოდით და ჩვენი ექიმები იქაურებს ადგილზევე მკურნალობდნენ. ასეულობით ასეთი ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ ექიმების გადაყვანის 20-30 შემთხვევა ნამდვილად იყო, ოპერაციებსაც კი აკეთებდნენ ადგილზე, მანქანები გადადიოდნენ, ავადმყოფები გადაგვყავდა. უცნაურია, რატომ დასჭირდა ვაჟა გაფრინდაშვილს ასეთი ფორმით გადასვლა ავადმყოფის მოსანახულებლად. რაც შეეხება ბრალდებას, იბრძოდა თუ არა ქართველი ექიმი აგვისტოს ომში, ეს მე არ ვიცი, მაგრამ, რაკი ოჯახი ამბობს, რომ არ იბრძოდა, მე რა უფლება მაქვს, ეჭვი შევიტანო. თუ არ შეუძლიათ, პირდაპირ დაელაპარაკონ ოსურ მხარეს, საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის, წითელი ჯვრის საშუალებით მაინც მიაწოდონ ინფორმაცია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგის რჩევაა, დატყვევებულ ექიმს ადვოკატი აუყვანონ, რადგან არ შეიძლება ყველაფრის თქმა პირდაპირ ეთერში. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მილიონი ფორმა არსებობს, თუ როგორ შეიძლება, ოჯახმა აიყვანოს ადვოკატი.
„რატომ ჯიუტობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არ ვიცი. საჭიროა, ამ ადამიანს იქ ჰყავდეს ადვოკატი, ამის საშუალება არის, ჩრდილო კავკასიაშიც ძალიან კარგი ადვოკატები არიან, მათ უნდა დაიცვან ქართველი ექიმი. სხვანაირად ძალიან ძნელი იქნება. სახელმწიფო ვერ აიყვანს ადვოკატს და ეს გასაგებია, მაგრამ უამრავი სხვა ფორმა არსებობს ადვოკატის ასაყვანად. ამ ადვოკატს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არ იბრძოდა. თავის დროზე დამცინეს, როცა ვთქვი, რომ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის შემთხვევაშიც საჭირო იყო, ოჯახს აეყვანა ადვოკატი. ტატუნაშვილის ოჯახმა როგორ უნდა აიყვანოს ადვოკატიო, მამაკაცური ლექსიკით დამცინა ირინა სარიშვილმა პირდაპირ ეთერში, მე სარიშვილს არ ვკადრებ უკადრის სიტყვებს, მაგრამ ადვოკატის აყვანა ასეთ დროს აუცილებელია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება, დაველოდოთ ამ რამდენიმე დღეს, ალბათ, მისი გათავისუფლების საფუძველი გააჩნიათ“.