თავის დროზე გადაღებებზე კურიოზი შეემთხვა ცნობილ ქართველ მომღერალს, ანსამბლ “ივერიის” სოლისტს, თემურ წიკლაურს.
ამ შემთხვევას ბატონი თემური არაერთხელ იგონებს:
“ჩხიკვთა ქორწილის” გადაღებაზე ბარისახოში ავფრინდით. ვერტმფრენს უნდა დავკიდებოდი და ასე მოვლენოდი ტყეს ქორწილის დროს.
გამამზადეს, კოსტიუმი ჩამაცვეს, გვირგვინი დამადგეს და უცებ აღმოჩნდა, რომ ვერტმფრენის კიბეზე მისამაგრებელი კარაბინი და ქამარი თბილისში დაგვრჩა. აუ, ატყდა ერთი ამბავი. უნდა ჩამოსულიყვნენ უკან, რაც დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული.
ამ დროს გამოვაცხადე, არა უშავს, ხელით დავიმაგრებ თავს მეთქი. იუარეს ბევრი, მაგრამ ჩემი გავიტანე. ფანტასტიკურად გამოვიდა ყველაფერი.
20 წუთი ვიყავი ჰაერში ვერტმფრენზე გამოკიდებული. რომ დავამთავრეთ ყველაფერი და დავჯექით, აღმოჩნდა რომ მარჯვენა ხელი გამშეშებია. ისეთი ძალით ვიყავი თურმე კიბეს ჩაფრენილი, რომ კუნთებმა კანი დამიხეთქეს. სულ დასისხლული მქონდა ხელი.
იცით, რა მოხდა ამის შემდეგ? აღმოჩნდა, რომ კამერის ფოკუსი გაუსწორებელი დარჩენია გადამღებ ჯგუფს და ჩემმა გარჯამ ამაოდ ჩაიარა. ფილმში ეს კადრები არ შესულა”.