გიგა ბოკერია: კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

გიგა ბოკერია: კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

საზოგადოებისთვის ნათქვამი კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.

ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ გარდაუვალია მისი პოლიტიკური მმართველობის დასრულება".

„გვითხრან რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, სწორედ, რომ მორგებულია კონსტიტუციას. ვთხოვ ყველას, რომ ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ და დამოუკიდებელ მძლავრ პოლიტიკოსებს, მათ შორის იმათ, ვინც ივანიშვილს აუჯანყდა, გვითხრან, კერძოდ რას გულისხმობენ. არაფერი ანტიკონსტიტუციური არ არის, ზუსტად ჯდება ჩვენს კონსტიტუციაში. ამ საკითხში, ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ორ რამეს: 77 მაჟორიტარი უნდა იყოს არჩეული პროპორციულად და 73 მაჟორიტარულად. ეს არის ის რეგულაცია, რომლის ჩარჩოებშიც უნდა ვიყოთ. ჩვენ ვადგენთ წესს, როგორ მოხდება ამ ხალხის არჩევა ისე, რომ ყველა პარტიის საერთო პროპორცია იყოს შესაბამისობაში იმასთან, რა პროპორციის ხმებიც მიიღეს ჯამში ქვეყანაში. ანუ საერთო შედეგი არის პროპორციული, ოღონდ მაჟორიტარებიც გვყავს და პროპორციულად არჩეული ხალხიც. პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება, არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ დასრულდება ივანიშვილის მმართველობის დასრულებით საქართველოში", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია. „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის და აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია.

სოციალისტი ეს კაცი სხვა ბევრ უბედურებასთან ერთად უვიციც ყოფილა და ჩლუნგიც?! არა, შეუძლებელია! ეს არის ნათელი მაგალითი რა საშინელებაა პოლიტიკური პარტია, პარტიული ფუნქციონერობა!
4 წლის უკან