საფრანგეთის ხელისუფლება და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნიოვი ნოტრ-დამის აღდგენის გეგმაზე ვერ თანხმდებიან. სააგენტო France24-ის ცნობით, ვილნიოვს დაუპირისპირდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჟან-ლუი ჟორჟელინი, რომელიც მთავრობამ ნოტრ-დამის აღდგენაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ჟორჟელინს რეკონსტრუქციის პროცესის ხელმძღვანელობა ჩააბარა, არაერთხელ განაცხადა, რომ ტაძარს „თანამედროვე“ იერსახე უნდა მიეცეს. თუმცა ვილნიოვი, რომელიც ტაძრის მთავარი არქიტექტორის პოსტს 2013 წლიდან იკავებს, ითხოვს, რომ ტაძარი ძველი იერსახით აღდგეს.
უთანხმოება პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. „რაც შეეხება მთავარ არქიტექტორს, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ის უნდა გაჩუმდეს“, - განაცხადა ჟან-ლუი ჟორჟელინმა. მოგვიანებით მის ნაცვლად ბოდიში კულტურის მინისტრმა ფრანკ რისტერმა მოიხადა და განაცხადა, რომ ჟორჟელინის განცხადებები „მიუღებელია“ და საჯარო მოხელეთა ქცევის ნორმებს არღვევს. ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ საჯაროდ მოუწოდა დავის ყველა მონაწილეს, თავისი პოზიცია „მშვიდად და პატივისცემით“ გამოხატოს. Le Monde-ის ცნობით, მაკრონის ადმინისტრაციაში ჟორჟელინს დროებით პრესასთან ურთიერთობისგან თავის შეკავება ურჩიეს.
საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნოტრ-დამის რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 1 მილიარდი ევრო შეგროვდა. ტურისტებისთვის ის ამ დრომდე დაკეტილია. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა.