კახა კალაძე უარყოფს გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატ ნინო წილოსანზე მან რაიმე სახის ზეწოლა განახორციელა

კახა კალაძე უარყოფს გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატ ნინო წილოსანზე მან რაიმე სახის ზეწოლა განახორციელა

თბილისის მერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატ ნინო წილოსანზე მან რაიმე სახის ზეწოლა განახორციელა. როგორც კალაძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, შეხვედრები დეპუტატებთან საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად ჰქონდა, თუმცა, მას ზეწოლა არავისზე განუხორციელებია.

„არ ვიცი რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი გიგი უგულავას აბსურდულ ბრალდებაზე. ჩვენი ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ ისეთი ქურდბაცაცა ადამიანები, როგორიც იყო გიგი უგულავა, რა დღეში ჩააგდო ქალაქი, ამას დღეს ვიმკით. ადამიანმა, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი და დღეს გარეთ დადის, თუ რატომ და რისთვის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ის ალბათ თავისი გადმოსახედიდან და თავისი მესინჯერიდან უყურებს ყველაფერს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი და რა თქმა უნდა, კონსულტაციებში და მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული იმ მიზნით, რომ შეგვძლებოდა არსებული სისტემის ცვლილება განგვეხორციელებინა. თუმცა, როგორც ნახეთ ეს შედეგი არ დადგა და მოხდა ის რაც მოხდა,"- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე: თქვენი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია? კალაძემ უპასუხა: "არა, რა თქმა უნდა".

„ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ერთი ადამიანი მაინც მითხარით, თუნდაც განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ ჩემი თანამდებობა ბოროტად გამომეყენებინოს, ვინმესთვის არასწორად მიმემართოს, არასწორად მქონდეს კომუნიკაცია, ვინმე დამეჩაგროს ან ა.შ. ერთსაც ვერ დამისახელებთ ასეთს",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ „აკაჩავა" და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.