არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქცია შექმნან - გია ვოლსკი წასულ დეპუტატებზე

არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქცია შექმნან - გია ვოლსკი წასულ დეპუტატებზე

„არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქცია შექმნან“- უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის შექმნა ჩვეულებრივი ამბავია.

„რომც გაიზარდოს წასული დეპუტატების რიცხვი, ვერ გაიზრდება იმ რაოდენობამდე, რომ გუნდი დაიშალოს. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ რაიმე მიზეზით გვერდზე დადგეს, მათი გადასაწყვეტია, თუმცა შეცდომა მგონია უმრავლესობის დატოვება.

არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქცია შექმნან. თუ ასე მოხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება კონსერვატიულ პარტიას, მას ვრცელი პოლიტიკური ისტორია გააჩნიათ და მხარდამჭერებიც ჰყავს საზოგადოებაში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამის გამო უმრავლესობა დეპუტატებმა დატოვეს, მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია.

კანონპროექტის ჩავარდნის გამო, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მანამდე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და ერთობლივად შეთანხმდნენ, მოითხოვონ პროპორციული ვადამდელი არჩევნები.

პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკოსებმა სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს გააცნეს და საბოლოოდ, სამოქმედო გეგმის სამ პუნქტზე ჩამოყალიბდნენ.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.