ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის მიზნით დაგეგმილ საპროტესტო აქციებს, პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდება.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშილმა “2020NEWS“ - ს განუცხადა, ხელისუფლების წასვლის მოთხოვნას ყველგან გააპროტესტებს.
“ამ უსამართლო ხელისუფლების მიმართ წამოწყებულ მშვიდობიან აქციას ყველგან შევუერთდები. ჩემი მოთხოვნა პირველივე დღიდან არის ის, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული. ასევე, ჩემი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება გადადგეს და ნორმალურ ხელისუფლების პირობებში ქართველ ხალხს ცხოვრების უფლება ჰქონდეს. ახლა, რომ გამოდის ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თოთო ბავშვს ვუწოდებ და აცხადებს, რომ ვინც “ოცნებას“ მხარს არ უჭერს, ყველა “ნაციონალიაო“. აი, მეც “ნაცი“ ვარ და მისი თქმის არ იყოს, ყველა „ნაციონალს“ ვუერთდები“, - განუცხადა სააგენტოს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეხვდება თუ არა “ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს, მაჩალიკაშილი ასე გვპასუხობს:
„ყველას ვხდები, ყველასთან კომუნიკაცია მაქვს, გარდა “ოცნების“ გარკვეულ პირებთან. თუმცა, “ოცნებაშიც“ რამდენიმე ადამიანთან შეხვედრა მქონია. ვიცი იქ შიგნით რა ხდება, როგორ იხარშებიან და რა დღეში არიან. რაც შეეხება, ხელისუფლებას გამოყოფილ ჯგუფებს, ეს არის დაგეგმილი პროცესი და მათი არ მჯერა. “ოცნებიდან“ არავისი მჯერა და არც დავიჯერებ“. თუ ვისთან ჰქონდა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ ეტაპზე მათი სახელების დასახელებისგან, მალხაზ მაჩალიკაშვილი თავს იკავებს“.
“კონკრეტულად ვის შევხვდი, ამ ეტაპზე არ დავასახელებ ვინაობას. ამის დროც დადგება და ვიტყვი“ - განუცხადა “2020NEWS“-ს მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგ წავიდა.