დავით ზარდიაშვილი: „მმართველ პარტიაში „მაჟორიტარების ბუნტმა“ შეიძლება აქამდე არნახული კრიზისი შექმნას“

დავით ზარდიაშვილი: „მმართველ პარტიაში „მაჟორიტარების ბუნტმა“ შეიძლება აქამდე არნახული კრიზისი შექმნას“

ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი პროპორციულ არჩევნების წინააღმდეგ მაჟორიტარების მხრიდან დაწყებულ ე.წ. ბუნტს ეხმაურება“

„მმართველ პარტიაში "მაჟორიტარების ბუნტმა" შეიძლება გამოუვალი, აქამდე არნახული კრიზისი შექმნას, თუ სასწრაფოდ რაიმე კონსენსუსი არ გამოინახა. ასეთ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩავარდება, დიდი ალბათობით დაიშლება საპარლამენტო უმრავლესობაც და რაც მთავარია, დისკრედიტირებული იქნება ამ საკონსტიტუციო ცვლილების უპირველესი ინიციატორი - პარტიის თავმჯდომარე, ასევე დაშლის პირას შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად მმართველი პარტიაც!

აღმოჩნდება, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ყველას ქვეყნის "არაფორმალური მმართველი" ჰგონია, სინამდვილეში არავითარ რეალურ ძალაუფლებას თურმე არ ფლობს და იმდენიც კი არ შეუძლია, რომ საკუთარ პარტიაში ელემენტარული წესრიგი დაამყაროს და უშუალოდ კენჭისყრის წინა დღეს არ აღმოჩნდეს ამგვარი ბუნტის მსხვერპლი!

რასაკვირველია, მაჟორიტარების არგუმენტი, რომ პროპორციული სისტემა საპარლამენტო მმართველობისას სტაბილურობის რისკს შეიცავს, ასე თუ ისე, ანგარიშგასაწევია, მაგრამ მათი ეს არგუმენტი ხომ სასაცილოდაც არა ღირს გაცილებით მასშტაბური დესტაბილიზაციის იმ პირდაპირ საფრთხესთან შედარებით, რაც მათ ამ ბუნტით შექმნეს!

...თუ საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდა, შევდივართ სინგულარობის პერიოდში, როცა არჩევნებამდე ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც კი ამჟამად შეუძლებელიცაა, შეიძლება მოხდეს! ეს სწორედ ის არის, რასაც ასე დაჟინებით ცდილობდნენ ნაცები ამდენი ხანია: ამღვრეულ წყალში თევზაობის დრო არა მხოლოდ ნაცებისთვის, არამედ ყველა ჯურის ნაძირალასთვისაც, დადგება!

არადა, არსებობს უგუნურობით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გონივრული კომპრომისის თეორიული გზაც: ეს არის ე.წ. „გერმანული მოდელი“, ანუ პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა (დაწვრილებით იხ. ჩემი ქვემოთ მოყვანილი ბლოგი: https://for.ge/…/Rirseuli-arCevani-saqarTvelosaTvis---perso…) . ანდა რეგიონულ-პროპორციული სიებით არჩევნები - ბოლო-ბოლო, ესეც რიგიანი გამოსავალია!

თუმცა ეს თეორიული გზა გონივრული კომპრომისისა, ვინაიდან აქამდე ვერ გამოინახა, არა მგონია - ბოლო დღეს გამოჩნდეს...

გონივრული კომპრომისის გარდა, რჩება მაჟორიტარების „არაგონივრული“ (რბილად რომ ვთქვათ) გარიგების გზაც ბიძინასთან, როცა თითოეული მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟის ხერხით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რის მიღებაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა. ხშირად ასეთ გარიგებას „ბინძურ გარიგებასაც“ უწოდებენ ხოლმე...გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?

"კენჭისყრა და ხვალეო!" არ გაგიგონიათ?!

მოვითმინოთ ხვალემდე და ამასაც ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, იმასაც მალე მოვესწრებით, რასაც ჯერ არ მოვსწრებივართ. თუმცა:

"კარგი რამ მჭირდეს - გიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო?! " - ესეც დიდი ხნის ნათქვამია კარგი ქართველისაგან...“

 

Maverick კახელი, როგორ ფიქრობ ახლანდელი პარლამენტი დადებითად გადაწყვეტს საქვეყნო საქმეს?
ან სამართლიანი მიგაჩნიათ მაჟორიტარული არჩევითობის სისტემის ასე ხელაღებით გაუქმება და ძვირფასი პარტიების სასარგებლოდ მხოლოდ პროპორციული სისტემის დატოვება?
4 წლის უკან