ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის იდეას უმალვე მოჰყვა კრიტიკა - ხომ არ იყო ეს პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი?! კითხვები გაამძაფრა იმანაც, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში პირველი სტუდენტების მიღებას მმართველი გუნდი ჯერ კიდევ წლების წინ გვპირდებოდა, თუმცა შარშან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ეს უნივერსიტეტი სიმბოლურად ქუთაისის მუხნარის ტყეში „გახსნა“ და აღნიშნა, რომ „დაპირებული 40 ათასი სტუდენტის ნაცვლად, აქ 40 ათასი ბაყაყი ყიყინებს“.
ამის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტარტი უკვე აიღო. პროცესები დაჩქარებულად ვითარდება და, მმართველი გუნდის დაპირებისამებრ, პირველ სტუდენტებს ეს უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომიდან მიიღებს სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე. სამივე მიმართულებაზე სწავლა ინგლისურენოვანი იქნება.
რას მოიტანს ქუთაისის საგანმანათლებლო ჰაბად გადაქცევის იდეა, ამის შესახებ For.ge განათლების სფეროს ექსპერტს, მკვლევარ ლევან გაბისონიას ესაუბრა.
რა მნიშვნელობა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და განათლების გარდა დამატებით რა გავლენას იქონიებს რეგიონის განვითარებაზე?
- მოგეხსნებათ, რომ იდეალური არაფერი არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სწორედაც რომ იდეალური პროექტია და არ არსებობს არანაირი საფუძველი კრიტიკისა. მე ვიტყოდი, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი უფრო მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი. მას სტრატეგიულ-ეკონომიკური განზომილებაც გააჩნია. ეს მასშტაბური პროექტია, სამშენებლო-განაშენიანების ზონა 153 ჰა-ია, მისი ლანდშაფტი უნიკალურია, ვინაიდან 80-ჰა ენდემური სახის მცენარეებსა და ტბას აერთიანებს. პროექტი დაფუძნებულია all-in-one პრინციპზე, ანუ აერთიანებს უნივერსიტეტს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სამედიცინო-სამკურნალო მიმართულებას, საცხოვრებლებს, გასართობ და სხვა სტუდენტურ ინფრასტრუქტურას. ამით დასავლეთ საქართველოში იქმნება ეკონომიკურად ძალიან აქტიური და დინამიკური ცენტრი. მოგეხსენებათ, ასევე უნივერსიტეტი გათვლილია უცხოელი სტუდენტებისთვისაც, რაც ქუთაისისა და ზოგადად რეგიონისთვის ძალიან სწრაფი განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ეკონომიკურად თუ გაქვთ გათვლილი, რა სარგებელს მიიღებს ამით საქართველო?
- თუ ეკონომიკურად გადავიანგარიშებთ, ერთი სტუდენტი, $5000-იანი სწავლის საფასურის შემთხვევაში, სულ დახარჯავს $14 000-მდე, ეს ნიშნავს, რომ 5000 უცხოელი სტუდენტის შემთხვევაში წლიური შემოსავალი გახლავთ 200 მლნ ლარი. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს პროექტი შეიძლება გახდეს ინდუსტრიალიზაციისა და რეგიონში სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერების საფუძველი. მით უფრო, რომ უნივერსიტეტის და საგანმანთლებლო-სამეცნიერო ჰაბის კონცეფციის შექმნისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტი, რაც პროექტს საფუძველშივე საერთაშორისო პროექტის სტატუსს ანიჭებს და უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია. ამიტომ ვუწოდებ მას სტრატეგიულ-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ისტორიულ პროექტს, რადგან რეგიონისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უდიდესი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უნივერსიტეტის გარდა იგეგმება სამეცნიერო ცენტრისა და პროტონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა. რამდენად მნიშვნელოვანია პროტონული თერაპიის ცენტრის არსებობა ამ უნივერსიტეტის ბაზაზე?
- პროექტი რომ უპრეცედენტოა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამცნიერო-კვლევითი და ადრონული (პროტონული) თერაპიის ცენტრია. მოგეხსენებათ, პროტონული თერაპია სიმსივნის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომლიც გულისხმობს დასხივების გზით სიმსივნური უჯრედების განადგურებას. ჩვეულებრივი დასხივების დროს სიმსივნურ უჯრედებთან ერთად ასევე ნადგურდება ჯანმრთელი უჯრედები, მაგრამ პროტონული თერაპიის დროს ჯანმრთელი უჯრედების კვდომა მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, ამიტომ პროტონული, ანუ ციკლოტრონული თერაპია გასაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის. „ქართუ ფონდმა“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიისგან, IBA-სგან შეიძინა ციკლოტრონი, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, არის „დასხივების ნაკადის“ წყარო. პროექტის ეს ნაწილიც ისეთი ხარისხით კეთდება, რომ არათუ ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სამეცნიერო, კვლევითი და სამკურნალო ცენტრი იქნება მსოფლიოში.
ძალიან ბევრი კრიტიკა გვესმის პროექტის განხორციელების ტემპებზე. ითქვა ისიც, თითქოს პროექტი წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილია. რას ფიქრობთ ამაზე?
- უშუალოდ მე არ ვარ პროექტის განხორციელებაში ჩართული, მაგრამ, თუ იქნება შემოთავაზება, არც დავფიქრებდი, ისე ჩავერთვები და მთელს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ პროექტს, რადგან ვთვლი, რომ ეს სტრატეგიულ-ეკონომიკური ისტორიული პროექტია. რაც შეეხება ტემპებს, პირადად ვარ ნამყოფი მშენებლობის ადგილას და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობენ. ვისაც მსგავს პროექტთან შეხება ჰქონია და დააკვირდება განხორციელების პროცესს, აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ ტემპი არათუ დაბალი, საკმაოდ მაღალიცაა და ამ უნაკლო, იდეალური პროექტისთვის კრიტიკა კი არა, მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს.